ჩინური ქაღალდის ფარნების პირველი ხსენება გენერალ ჯუგე ლიანუს (180—234 წლ.) სამხედრო ლაშქრობების მატიანეში გვხვდება. მხედართმთავარი მათ მოწინააღმდეგის დასაშინებლად იყენებდა, თუმცა საჰაერო ბუშტები ცხელი ჰაერით ჩინეთში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში იყო ცნობილი.

მფრინავ ჩინურ ფარნებს ჩინურ არმიაში იყენებდნენ როგორც სიგნალების გადაცემის უნივერსალურ საშუალებას. მოგვიანებით ჩინეთში და სხვა აღმოსავლეთ ქვეყნებში ქაღალდის ფარნების გაშვებას გარკვეულ რელიგიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.

როდესაც შეიქმნა ფარანი, ცხადი გახდა, რომ მას სილამაზისთვის გამოიყენებდნენ, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ჩინელების მიდრეკილებას დიზაინისა და სახვითი ხელოვენისკენ.

ჩვენს დროს ჩინურ ფარნებს ფართოდ იყენებენ სხვადასხვა დღესასწაულების დროს, რომელთა შორის მთავარია ჩინური ახალი წელი, შუა შემოდგომის დღესასწაული და ფარნების დღესასწაული. ამ დღესასწაულებთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარების დროს, ჩინეთის დიდი და პატარა ქალაქები წითელი ფარნებითაა მორთული. თუ გსურთ დატკბეთ ამ ულამაზესი სანახაობით, უნდა ესტუმროთ პეკინს, ჰონგ-კონგს ან ნანკინს, სადაც ყველაზე შთამბეჭდავ სურათს იხილავთ. მაგალითად, პეკინში ტაძრების მახლობლად ქალაქის სხვადასხვა ადგილას სადღესასწაულო ღონისძიებები ეწყობა. ამ ადგილების გარშემო ყველგან წითელი ფარნებია დაკიდებული.

საუკუნეების მანძილზე ჩინელები მუშაობდნენ ფარნების კონსტრუქციაზე და დიზაინზე. შედეგად შეიქმნა ჩინური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი საგანი. თვით იმპერატორი იწვევდა საუკეთესო ოსტატებს და ფარნების ახალ მოდელებზე მუშაობას ავალებდა.

თავიდან ჩინური ფარნები მხოლოდ პრაქტიკული ფუნქციების შესასრულებლად იქმნებოდა. მათ იყენებდნენ სახლის განათებისთვის და ხშირად მის შესასვლელში ჰკიდებდნენ. მოგვიანებით ჩინელებმა აღმოაჩინეს, რომ ასეთი ფარნები მოსახერხებელია ღამე გზის გასანათებლად. ისტორიკოსები თვლიან, რომ პირველი გადასატანი ფანარი სწორედ ჩინური ფარანი იყო.

ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ევროპაში ქუჩის განათების კონცეფცია ჩინეთთან კონტაქტების შედეგად გაჩნდა, სადაც ქუჩის განათება (სახლების წინ დაკიდებული ჩინური ფარნების სახით) დიდი ხნით ადრე არსებობდა. ამ ფარნებს არაფერი ჰქონდათ საერთო ქალაქის პოლიტიკასთან. ისინი უბრალოდ ადამიანთა ყოფის ნაწილს წარმოადგენდნენ.

ჩინეთში უძველესი დროიდან უყვარდათ დიდი ზეიმების მოწყობა, ამიტომ მხატვრულ თვითგამოხატვას ყოველთვის საზოგადოებაში დიდი შეფასება და მხარდაჭერა ჰქონდა. ერთ-ერთ ასეთ დღესასწაულს ფარნების დღესასწაული წარმოადგენს, რომელსაც ჩინური ახალი წლის შემდეგ აღნიშნავენ. ძველ ჩინეთში ტარდებოდა კონკურსი საუკეთესო ფარნის დამზადებაზე.

თანამედროვე ჩინეთში ფარნები აღარ არის საჭირო. ქუჩებს ათასნაირი განათება და სარეკლამო ბანერი ამშვენებს, თუმცა ჩინური ფარნები თავის პოპულარობას ისევ ინარჩუნებენ და დღეს ჩინეთის ქუჩის კულტურის სიმბოლოს წარმოადგენენ. ჩინური ფარნები არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც უყვართ, რადგანაც ისინი მხატვრის თვითგამოხატვის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: