ჩინური კვანძები (ჩჟუნგოცზე) - ტრადიციული ჩინური კულტურისა და ხელოვნების განუყოფელ ელემენტს წარმოადგენს. ამ ტექნიკაში შესრულებული ნამუშევრები სოლიდარობას, შეთანხმებულობას და ერთგულებას გამოხატავენ. ძველად კვანძები გამოიყენებოდა მოვლენების აღსაწერად, ასევე, მათი მეშვეობით გადასცემდნენ ახალ ამბებს. კვანძების დაწვნის ხელოვნება დღემდეა შემორჩენილი. თაობიდან თაობამდე ოსტატობა იხვეწებოდა, მდიდრდებოდა ამ ხელოვნების შინაარსი, იქმნებოდა ახალი ნიმუშები, ფართოვდებოდა კვანძების მოხმარების წრე. კვანძი ჰარმონიის სიმბოლოს წარმოადგენს. ჩინური სიტყვა „ცზე“ ნიშნავს გაერთიანებას, მეგობრობას, მშვიდობას, სითბოს, ქორწინებას, სიყვარულს.

ჩინური კულტურის ფორმირების ადრეულ სტადიაზე დრაკონი მითიურ არსებას წარმოადგენდა. ზღაპრული დრაკონის ტანს ბაწარსაც კი ადარებდნენ. თოკზე შეკრული კვანძი ინფორმაციის დასამახსოვრებლად ან გადასაცემად გამოიყენებოდა. უძველეს ჩინურ წიგნში „ჭოუ ი“ აღნიშნულია, რომ ბევრი იეროგლიფი სხვადასხვა ფორმის კვანძების საფუძველზე შეიქმნა. არქეოლოგიური გათხრების დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს კვანძების კვალი, რომელიც ძველ ჩინურ იეროგლიფებს აგონებდა, ასე რომ კვანძების შეკვრა ჩინური დამწერლობის ერთ-ერთ საწყის ფორმას წარმოადგენდა.

კვანძებს ფართოდ იყენებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. როდესაც ტანსაცმელზე არ იყო ღილები, იყენებდნენ თასმებს, რომლებიც ადვილად იკვრებოდა.

ყოველწლიურად, ზაფხულის დასაწყისის დღესასწაულზე „დუანუცზე“ ბავშვებს ჩუქნიან თილისმებს, რომლებიც აბრეშუმის ფერადი ძაფებისგანაა დაწნული. ძველი გადმოცემით, ისინი ბავშვებს ავადმყოფობისგან და ნებისმიერი ხიფათისგან იცავენ. ბევრი ჩინელი ატარებს წითელი ფერის ბრასლეტებს ან ქამრებს, რომლებიც აბრეშუმის ძაფებისგან კვანძებით არის დაწნული. ყოველდღიურ ცხოვრებაში ახლაც იპოვით უამრავ ფაქტს, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანები საკუთარ გრძნობებს კვანძური დაწვნის ტექნიკით შესრულებული მშვენიერი ნაკეთობების მეშვეობით გამოხატავდნენ. მაგალითად, არის ნაკეთობა, რომლის სახელწოდებაა „ტუნსინცზე“, რაც ნიშნავს ერთგულებას, შეყვარებულ გულს. ადამინები, რომლებიც საკუთარ ემოციებს ღიად არ გამოხატავენ, ცდილობენ, რომ ნიმუშის, ფერებისა და ძაფების არჩევანით, ლამაზი კვანძებით გამოხატონ საკუთარი სათქმელი. თანამედროვე ცხოვრებაში ფართო მოხმარებაშია საგნები, რომლებიც კვანძების დაწვნის ტექნიკითაა შესრულებული.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: