არსებული მონაცემებით, 12 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსი 24 ადამიანს დაუდგინდა, მათ შორის ერთი 12 წლის მოზარდია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მოსალოდნელია დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა.

გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა, რადგან ინფექცია უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული.

თბილისში გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა სამთავრობო ორგანო საგანგებო 24-საათიანი მუშაობის რეჟიმზე გადადის. „მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შედარებით ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი", – განაცხადა გახარიამ.

Related Articles

მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაესაუბრა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში საგანგებო მდგომაროების გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყურადღებით აკვირდება ვითარებას.

ასევე, დღეს განცხადება გააკეთა თბილისის მერმა კახი კალაძემ. პირველ ეტაპზე, მერიაში დაგეგმილია იმ ტიპის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომელი მომსახურების მიღებაც დაკავშირებულია ხალხმრავლობასა და ისეთ გარემოსთან, სადაც შედარებით მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი. სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება ისეთი ტიპის კომისიების და საბჭოს სხდომები რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს უწევთ. შეიზღუდება ასევე, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის მიმართულება. ქალაქის მერმა მოუწოდა მოქალაქეებს მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან, მათ შორის, მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისცენტრების მომსახურებით სარგებლობისგან, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ დგას. გარდა ამისა, აღნიშნული იყო, რომ თუ ვირუსის მართვის კუთხით დადგა გარკვეული საჭიროება, მუნიციპალიტეტი მზადაა, გაატაროს დამატებითი ღონისძიებები.