ნებისმიერმა მშობელმა იცის, რომ ბავშვის ზრდა და განვითარება პირდაპირაა დამოკიდებული სწორ და დაბალანსებულ კვებაზე. რა თქმა უნდა, მშობლები ცდილობენ შვილებს შეძლებისდაგვარად მისცენ ყველაფრი ის, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს მათთვის.

ამასთანავე, უნდა გაითვალისწინო და გაარკვიო, რა არის უკეთესი. რომელი პროდუქტების შეთავაზება შეიძლება ბავშვისთვის ზაფხულის ცხელ დღეებში და რომლის - არა. ყველაფერი სულაც არ არის ისეთი სასარგებლო და უწყინარი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

საკვებით გამოწვეული ტოქსიკოინფექცია ბავშვებში სხვადასხვა ბაქტერიებით დაბინძურებული საკვები პროდუქტების მიღებასთანაა ხოლმე დაკავშირებული. კლინიკურად ამ დაავადებებს კუჭ-ნაწლავის მწვავე აშლილობისა და ორგანიზმის მოშხამვის მწვავე მოვლენები ახასიათებს.

გამომწვევი მიზეზები

კვებით ინტოქსიკაციას სხვადასხვა ბაქტერიები იწვევს.

ეს ბაქტერიებია: სტაფილოკოკი, პროტეუსი, ფევდომონასი, B ჯგუფის სტრეპტოენტეროკოკი და ა.შ. ეს მიკრობები პარაზიტებად ევლინებიან ორგანიზმს და გამოიმუშევებენ ძლიერ შხამს. ახასიათებთ ძლიერი გამძლეობა და სიცოცხლისუნარიანობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
როგორც წესი, ბაქტერიები ნაწლავიდან განავალთან ერთად გამოიყოფა. ასევე, მათი გამოდევნა შესაძლოა მოხდეს კანის და ცხვირ-ხახის მეშვეობით. ინფექციის გადაცემა დაბინძურებული წყლითა და საკვები პროდუქტებით ხდება.

დაავადების სიმპტომები

ინტოქსიკაციას ბავშვებში ახასიათებს მწვავე და მძიმე დასაწყისი. ღებინება, ფაღარათი, ტკივილი კუჭ-ნაწლავის არეში. სირთულის შესაბამისად შესაძლოა გამოხატული იყოს ტემპერატურის მატება, ძლიერი სისუსტე, თავბრუსხვევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები და ა.შ. მიუხედავად მრავალმხრივი სირთულეებისა, პრობლემა, ძირითადად, 1-2 დღეში გაივლის ხოლმე.

მკურნალობის მეთოდები

მკურნალობის სწორად წარმართვის მიზნით დროულად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა დადგინდეს კვებითი ტოქსიკოინფექციის ტიპი.
კვებით ტოქსიკოინფექციაზე ეჭვის მიტანისთანავე ბავშვს წყლით უნდა ამოურეცხოთ კუჭი. ავადმყოფს უნდა მიეცეს დიდი რაოდენობით სითხე.
მძიმე ფორმის შემთხვევაში საჭიროა საავადმყოფოს პირობებში დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის შერჩევა.

პროდუქტები, რომელთა მიღება ზაფხულში ბავშვისთვის საზიანოა

ღორის და ცხიმოვანი საქონლის ხორცი

ზაფხულში თავად ბავშვები ამბობენ უარს ასეთ კერძებზე ქვეცნობიერად, მაგრამ სრულიად გამართლებულია მათი უარი. ასეთი ტიპის საკვები ზაფხულში მათი კუჭისთვის ყველაზე მძიმეა. ზამთარში - რამდენიც გსურს, მაგრამ ზაფხულში სჯობს ქათმის, ინდაურის ან კურდღლის ხორცს მიმართო ხოლმე.

ზედმეტად ცხიმიანი წვნიანი

წვნიანი კერძი შეგიძლია მოამზადო ახალი ბოსტნეულით, მწვანილით და მაწვნით, თუმცა ნუ გამოიყენებ მის მოსამზადებლად ზედმეტ ცხიმს. ცხიმის ზედმეტი რაოდენობის გამო ის მაღალკალორიული და არაჯანსაღი საკვები ხდება.

კრემიანი ნამცხვრები

კრემიანი ნამცხვრები აკრძალულია ზაფხულის პერიოდში. თუ გსურს, ბავშვმა ტკბილეული მიირთვას, ამისთვის უამრავი შესაძლებლობა გაქვს. მოამზადე ნამცხვარი კრემის გარეშე კენკრით და ხილით. ასევე შეგიძლია ხილის ახალი კომპოტები შესთავაზო ბავშვს ნამცხვართან ერთად.

მაიონეზი

ის შეგიძლია მცენარეული ცხიმით შეცვალო. ახალ ბოსტნეული, რომელსაც მაიონეზით ამზადებდი, შეგიძლია მაწვნით ჩაანაცვლო. უმჯობესია ბავშვმა ასეთი ტიპის საკვები, მომზადებისთანავე მიირთვას და არა შენახული, შემდეგ დღეებში.

ზაფხულში ბავშვებს არ სჭირდებათ შოკოლადი, ჩაი და ა.შ.

ისინი შეიცავს უამრავ მატონიზირებელ და ზედმეტად გამააქტიურებელ ნივთიერებებს ნერვული სისტემისთვის. მათი მიღების შედეგად შეიძლება გაიზარდოს აგზნებადობა, ჰიპერაქტიურობა და, მეტიც - შესაძლოა სტრესიც კი გამოიწვიოს ბავშვებში.

არ უყიდო საჭმელი გარეთ!

ზაფხულში, როდესაც ტოქსიკოინფექციის მაღალი საფრთხე არსებობს, ნუ უყიდი ბავშვს გარეთ მომზადებულ საწმელს. ზაფხულში ხშირად დარღვეულია შენახვის რეჟიმი, სწორედ ამიტომ ნუ დააყენებ საფრთხის წინაშე შენი შვილის ჯანმრთელობას!