გასული წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის ჩემპიონი "ლანჩხუთი" უეფას ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში იასპარეზებს. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ლანჩხუთელმა გოგონებმა სტუმრად რუმინული კლუჟის "ოლიმპია" ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

41-ე წუთზე თოდაძემ თავური დარტყმით გაიტანა, მაგრამ თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა საეჭვო ვითარებაში და გოლი გაუქმდა. 42-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელები ახლოს იყვნენ ანგარიშის გახსნასთან, მაგრამ ხატია ჭყონიას დარტყმა ძელს მოხვდა, თუმცა „ლანჩხუთმა“ მაინც მოახერხა მეტოქის კარის აღება. მატჩის ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა.

2020-2021 წლების სეზონისთვის უეფას გადაწყვეტილებით ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალა. ახალი სეზონიდან გათამაშება ჯგუფური ეტაპის ნაცვლად პლეი-ოფის სისტემით გაიმართება, გუნდები ერთმანეთს ორმატჩიან დაპირისპირებაში შეხვდებიან და მასში მონაწილეობას ევროპის საუკეთესო 32 გუნდი მიიღებს.

"ლანჩხუთის" მომავალი მეტოქე 24 ნოემბერს დაგეგმილ 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრაზე გაირკვევა. 2020-2021 წლების სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 9-10 დეკემბერს და 15-16 დეკემბერს გაიმართება.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: