საქართველოს ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ევრაზიის რეგიონში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ წარმომადგენელს ლიუ ჰუის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქვეყნებს.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საგზაო ინფრასტრუქტურის და სხვა მიმართულებით მიმდინარე იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელსაც საქართველოში ჩინური კომპანიები ახორციელებენ. ასევე, ხაზი გაესვა ჩინეთთან, როგორც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან, თანამშრომლობის პერსპექტივას.

22-23 ოქტომბერს თბილისი, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს" მასპინძლობს, რომელშიც 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმზე, რომელიც აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.