გადაცემის სტუმარია საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის ხელმძღვანელი და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის წარმომადგენელი საქართველოში მაკა კუტუბიძე.

როგორ მიხვედით იქამდე, რითაც ახლა ხართ დაკავებული?

მ. კუტუბიძე – ბიზნეს-რეიტენგების ნაციონალური კავშირი უკვე მეთხუთმეტე წელია არსებობს. როდესაც 5 წლის წინ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციას შეუერთდით, მასში 6 ქვეყანა შედიოდა. მოგვიანებით მისი წევრები სომხეთი და უზბეკეთი გახდნენ.

ასოციაციაში პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნები შედიან, რომლებიც მანამდე მსოფლიო არენაზე თითქმის არ ჩანდნენ. თქვენი მუშაობის არსი ახლა იმაში მდგომარეობს, რომ მთელმა მსოფლიომ შეიტყოს იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებსაც აჯილდოვებთ. ეს ასეა?

მ. კუტუბიძე – ის, რომ ასოცოაციაში პოსტ-საბჭოთა ქვეყნები შედიან, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არსებობს რაღაც ტაბუ სხვა ქვეყნების შესვლაზე. ახლა ჩვენ ვმართავთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს თურქეთთან, რომელიც სულ მალე შემოგვიერთდება. ასევე, განვიხილავთ ისრაელს. ჩვენთან ბიზნესისთვის საინტერესო ქვეყნები ერთიანდებიან.

რას ნიშნავს „ბიზნესისთვის საინტერესო“?

მ. კუტუბიძე – ვგულისხმობ ქვეყნებს, რომლებსაც საქართველოსთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა გააჩნია.

შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ეხმარებით ბიზნეს ორგანიზაციებს იმაში, რომ უფრო ადვილად იპოვონ ერთმანეთი?

მ. კუტუბიძე – რა თქმა უნდა! დაჯილდოების ცერემონიების გარდა ჩვენ ვაწყობთ შეხვედრებს you-tube-ში. ჩამოდიან კომპანიები, რომლებსაც საქართველო აინტერესებთ. ჩვენ გაგვაჩნია ისეთი ფორმატი, რომ ქართული კომპანია შეიძლება ჯილდოს მისაღებად უკრაინაში ან ყაზახეთში გაემგზავროს. ასევე, ჩვენს ცერემონიებსაც ქართული კომპანიების გარდა სხვებიც ესწრებიან. ჩვენ ყოველთვის საერთაშორისო დაჯილდოება გვაქვს. ჰუალინგში გამართულ დაჯილდოებას 15 ყაზახური კომპანია ესწრებოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს 15 კომპანია ან ინვესტირებაში, ან საქართველოში პარტნიორის პოვნით არის დაინტერესებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სხვა ქვეყანას აირჩევდნენ. შეხვედრები, რომლებსაც you-tube-ში ვატარებთ, ხშირად კონტრაქტების დადებით სრულდება. ეს შესაძლოა უცებ არ მოხდეს, მაგრამ მთავარია, რომ ხდება საქმიანი ადამიანების ერთმანეთთან გაცნობა და მათ შორის ნდობის გაჩენა. მათ ასევე იციან, რომ სანამ ვინმეს დავაჯილდოვებთ, ჩვენ ვეყრდნობით ციფრებს. დაჯილდოებისთვის ვირჩევთ ტოპ-რეიტინგში მყოფ კომპანიებს, ეს რეიტინგი კი ციფრებს და სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა. ეს არის კომპანიის ფინანსურ-ეკონომიკური წლიური მაჩვენებლები (ბრუნვა, მოგება, ზარალი, დაქირავებულ პირებზე გაწეული ხარჯები და ა.შ.). ყველა ეს კრიტერიუმი თავს იყრის ჩვენს სტატისიტიკური კვლევების ცენტრში უკრაინაში. ეს ინფორმაცია მუშავდება და შემდეგ უკვე კომპანიას ანიჭებენ ჯამურ ადგილს. ამ კომპანიებიდან შემდეგ დგება რეიტინგი. მთავარია, კომპანია აღმოჩნდეს ტოპში. ჩვენ არა მხოლოდ მსხვილ, არამედ მცირე და საშუალო კომპანიებსაც ვავლენთ. ასევე, რეიტინგის შედგენისას ხდება გაყოფა დარგების მიხედვით. ეს ყველაფერი ძალზე სერიოზული სამუშაოა, რომელსაც მეცნიერულ-ინფორმაციული კვლევების სტატისტიკური ცენტრი ატარებს. შვეიცარიამ იმიტომაც შეაჩერა ჩვენზე არჩევანი, რომ მათ ესმით, რომ ჩვენი რეიტენგები მხოლოდ ციფრებზეა აგებული და მასში ადამიანური ფაქტორი გამორიცხულია. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მოხვდა რეიტინგში, შემდეგ კი ტოპშიც შევიდა, ის იმსახურებს ჯილდოს „წლის ლიდერი“. დაჯილდოებული კომპანიები განთავსებულია ჩვენს საიტზე, რომელსაც ჩვენს კავშირში შემავალი რვავე ქვეყანა ხედავს. იქ უკვე ნათლად ჩანს, თუ რომელი კომპანია ლიდერობს საკუთარ ქვეყანაში. გარდა ამისა, ეს კომპანიები შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საიტზეა განთავსებული. 23 აგვისტოს ჩვენ გვექნება ცერემონია კიევში. იქ თავს მოიყრიან გამარჯვებული კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებიდან. თუ, მაგალითად, ქართული კომპანია მოხვდა ტოპში და სურს დაამყაროს კონტაქტები უკრაინაში, მაშინ ასეთ კომპანიას საქართველოში არ ვაჯილდოებთ და ჯილდო მას უკრაინაში გადაეცემა. იქ ამ ქართულ კომპანიას უკვე აქვს საშუალება ადგილობრივი საქმიანი წრეების წარმომადგენლები გაიცნოს.

რას აძლევს კომპანიას თქვენს რეიტინგში მოპოვებული გამარჯვება?

მ. კუტუბიძე – პირველ რიგში, ეს „წლის ლიდერის“ სტატუსს აძლევს. გარდა ამისა, ეს მათთვის არის დიდი რეკლამა სხვა ქვეყნებში. მაგალითად, ჩვენ ვდებთ კომპანიასთან ხელშეკრულებას სარეკლამო-საინფორმაციო მომსახურებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვაჯილდოებთ, არამედ კომპანიას სარეკლამო მომსახურეობას ვუწევთ. კომპანიებს ჩააქვთ საკუთარი ბანერები და ბუკლეტები, რომელსაც ფოიეში განალაგებენ და მათი ნახვა ყველა მსურველს შეუძლია. ზოგჯერ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის წარდგენის საშუალებაც ეძლევათ. ჩვენს საქმიანობას კომპანიებისთვის სარგებელი მოაქვს. ეს რომ არ ყოფილიყო, უბრალოდ დაჯილდოებას აზრი არ ექნებოდა.

დაჯილდოების ცერემონიის ფორმატი სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია?

მ. კუტუბიძე – ძირითადად ისინი ერთმანეთს გვანან, მაგრამ არსებობს განსხვავება, რომელიც კონკრეტული ქვეყნის მენტალურობიდან გამომდინარეობს. ჩვენს ცერემონიებზე ყოველთვის არის ქართული ცეკვები (მაგალითად, ჩვენ გვყავდა მოწვეული სუხიშვილები და ანსამბლი „ერისიონი“). ახლა უნდა ჩავატარო ცერემონია შეკვეთილში. ის 21 ივლისს გაიმართება. ვფიქრობდი იმაზე, თუ ვინ მომეწვია ამ ცერემონიაზე და გადავწყვიტე, რომ რახან ეს ცერემონია გურიაში ტარდება, მოვიწვევ ანსამბლ „გურიას“. ისინი ძალიან ნიჭიერები არიან! რატომაც არ გაუკეთოთ მათ რეკლამა? საერთოდ, ჩემთან ცერემონია კონცერტის ფორმატში მიმდინარეობს. ყაზახეთში ცერემონია ცოტა სხვანაირად ტარდება. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ ჩვენი ცერემონია უფრო „ევროპულია“. მომხდარა ისე, რომ სხვა ქვეყანაში ცერემონიის ჩატარებისას ძალიან ბევრი იდეა საქართველოდან წაუღიათ, რაც ძალიან მახარებს.

რა ადგილი უკავიათ ამ რეიტინგებში ქალებს?

მ. კუტუბიძე – შემიძლია ვთქვა, რომ თუ გადავხედავთ ჩემს მიერ ჩატარებულ ყველა ცერემონიას, იქ უმრავლესობა ქალები არიან. ბიზნესში ძალიან ბევრი ქალია, თანაც საკმაოდ წარმატებული. შეიძლება ითქვას, რომ ათიდან ოთხ კომპანიას ქალი ხელმძღვანელობს.

როგორ უყურებთ ქალის როლს ბიზნესში?

მ. კუტუბიძე – ჩემი დაკვირვებით, ქალ-მეწარმეთა რიცხვი სხვა ქვეყნებშიც გაიზარდა. მაგალითად, ყაზახეთშიც კი არის ბევრი ქალი, რომელიც ბიზნესს ეწევა.

ესე იგი, ჩვენთან ქალთა უფლებები ბიზნესში არ იზღუდება?

მ. კუტუბიძე – ბიზნესი ბიზნესია. იქ არა აქვს მნიშვნელობა, ქალი ხარ თუ კაცი. ყველა ერთნაირად არის პასუხისმგებელი სახელმწიფოს, კლიენტების, საზოგადოების წინაშე... თუ ადამიანს შეუძლია ბიზნესის მართვა, რატომაც არა? ქალებს უფრო აქვთ განვითარებული ინტუიცია და ისინი უფრო მოქნილები არიან, ამიტომ მათ ყველაფერი კარგად გამოსდით.

კომპანიებს თავად შემოაქვთ თქვენთან საკუთარი მაჩვენებლები, თუ თქვენ თავად პოულობთ რეიტინგის ნომინანტებს?

მ. კუტუბიძე – როდესაც რეიტინგი აგებულია და ჯამური ადგილები გამოყვანილია, ჩვენ ვუგზავნით კომპანიას შეტყობინებას, რომ ისინი ტოპ-რეიტინგში მოხვდნენ. ზოგჯერ ხდება, რომ კომპანია, რომელმაც არ იცის საკუთარი რეიტინგი, ჩვენ მოგვმართავს და მას ამ მონაცემებს ვუმზადებთ.

ამ კომპანიებს გარკვეულ სტიმულს აძლევთ...

მ. კუტუბიძე – რა თქმა უნდა! ეს ძალიან დიდი სტიმულია კომპანიისთვისაც და მისი თანამშრომლებისთვისაც. ჩვენ ვაძლევთ კომპანიების დირექტორებს უფლებას, რომ საკუთარი შეხედულებისამებრ დააჯილდოვონ ჩვენი სერტიფიკატებით საუკუთესო თანამშრომლები. როდესაც ჯილდოს გადმოგცემენ, ეს დიდი სტიმულია.

რა არის თქვენი სტიმული იმისთვის, რომ ამ საქმით დაკავდეთ?

მ. კუტუბიძე – ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს დაჯილდოება დიდი არაფერია. სინამდვილეში ეს ძალზე რთული სამუშაოა. იქ ყველაფერი სიზუსტეს მოითხოვს, რადგან თუ რაღაც ციფრი ან მძიმე შეგეშალა, რეიტინგი სულ სხვა იქნება. მე სტიმულს დაჯილდოების ცერემონია მაძლევს, როდესაც სცენაზე ავდივარ და გამარჯვებულების ვინაობას ვაცხადებ. მე ვუყურებ, თუ რა სიამაყით იღებენ ხელში ჯილდოს, იღებენ ფოტოებს, რა გახარებულები და მადლიერები არიან... ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სტიმულს მაძლევს. ცერემონიის წაყვანა ყოველთვის მინდა, მაგრამ ამას წინ ძალზე რთული სამუშაო უძღვის. თვითონ ცერემონიის ჩატარებაც სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან მას თბილისის გარდა სხვაგანაც ვატარებ. მაგალითად, მე მიმყავდა ცერემონია ბათუმში, კაჭრეთში, ახლა კი მას შეკვეთილში ჩავატარებ. ჩვენს რეიტინგებში ასევე საინტერესოა ის, რომ ჩვენთან არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონალური კომპანიებიც არიან. მათ სტიმული უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე მსხვილ კომპანიებს. ჩვენ მათ სხვა ქვეყნების ბაზრებზე გასვლაში ვეხმარებით.

რომელ ქვეყანაში ჩაატარებდით თქვენს ცერემონიას ამის შესაძლებლობა რომ გქონდეთ?

მ. კუტუბიძე – ალბათ, საფრანგეთში ან ბარსელონაში.

თქვენ მსოფლიოში ბევრს მოგზაურობთ. თქვენი აზრით, რაში ჩამორჩება ჩვენი ქვეყანა? რა აკლია მას იმისათვის, რომ კარგი მოწინავე ევროპული ქვეყანა გახდეს? რა გვიშლის ხელს?

მ. კუტუბიძე – არ ვიცი. ჩვენ განათლებულები ვართ და ვერ ვიტყვი, რომ რაღაცაში სხვებზე უარესები ვართ, მაგრამ ალბათ, ოდნავ უფრო ზარმაცები ვართ.

რას უსურვებდით იმ მაყურებელს და მსმენელს, რომელსაც თქვენს ბიზნეს-რეიტინგში მოხვედრა სურს?

მ. კუტუბიძე – მათ უნდა იმუშაონ, უფრო კრეატიულად მიუდგდნენ საკუთარ საქმეს, გააფართოვონ უცხოური კონტაქტები, სხვა ქვეყნებიდან გადმოიღონ რაღაც საინტერესო და იმუშაონ, რათა ტოპ-რეიტინგში მოხვდნენ.

წახნაგები JAKO FM - მაკა კუტუბიძე

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: