19 დეკემბერს, 19:00 საათზე, Stamba Books-ში (სტამბის წიგნები) მაკა ცხვედიანის სადებიუტო წიგნის - „გასტონის კრეპერია“ წარდგენა გაიმართება.
მაკა ცხვედიანის სადებიუტო წიგნში ან ნამდვილ ამბებს იპოვით, ან ამ ამბების დაშვებას, ამიტომ მკითხველს ხშირად სიშიშვლის უხერხული განცდაც კი უჩნდება და სვამს კითხვებს: „ჩემზეა?“ „ჩემზე წერს?“ არადა, კონკრეტული ადრესატი არ არსებობს. ავტორი წერს იმაზე, რაც სულ იყო და სულ იქნება; რაც ერთდროულად სიყვარულის სინაზესაც ჰგავს და გაშიშვლებულ სიმართლესაც. დამყოლიცაა და მოუხელთებელიც, როგორც თევზის სენდვიჩს წატანებული ავი თოლია იზმირის სანაპიროზე. და იზმირი სულაც არაა გაქცევა, უფრო – საკუთარ თავთან შერიგებაა. გადაიტან – პირდება ავტორი საკუთარ გმირს, ელენს, რომელიც გულგახეთქილი კითხულობს: შეიძლება, რომ სიყვარულისგან მოკვდეს ადამიანი?
ჩვენ აუცილებლად გვეტკინება, მიგვატოვებენ, მოგვიკვდება გამზრდელი ბებია, გაგვიჩნდება ნაოჭები, დავკარგავთ კბილებს და ხანდახან – ორიენტირებსაც, მაგრამ სანამ ტკივილის განცდას შევძლებთ, ესე იგი ვისუნთქებთ კიდეც, და სანამ ვსუნთქავთ, როგორც ლეო ამბობს ამ წიგნში, აზრი ყოველთვის აქვს ფაფხურს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: