საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძე ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გაიმართა.

ოფიციალურ მიღებაზე პრემიერი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ კრისტინ ლაგარდსა და ლიეტუვას პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა.

„დაიწყო ჩემი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. დავესწარი პრეზიდენტ სი ძინფინგის სახელით გამართულ მიღებას, სადაც შევხვდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინფინგს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ კრისტინ ლაგარდსა და ლიეტუვას პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს. ჩვენი მიზანია, საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში ეფექტური ინტეგრაცია და რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბება. ჩინეთის ბაზარი კი არის უდიდესი პლატფორმა ჩვენი მეწარმეებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი ბიზნესი და, რაც მთავარია, დაასაქმონ ჩვენი მოქალაქეები.

ხვალ გავხსნით ქართულ პავილიონს, რომელიც დაგვეხმარება ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის საქმეში. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ექსპორტი!“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ჰონგციაოს საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიაში. დაგეგმილია მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო ფორუმის დისკუსიაზე, რომლის სახელწოდებაა "ვაჭრობა და ინვესტიციები". მთავრობის მეთაური ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ასევე დაათვალიერებს ქართულ პავილიონს, რომელშიც 53 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის მიზანია, მოიწვიოს მთავრობები, ბიზნესი, პროფესიონალები მთელი მსოფლიოდან, რათა უფრო აქტიურად ჩაერთონ საქონლისა და მომსახურების იმპორტში და დააკმაყოფილონ სწრაფად მზარდი სამომხმარებლო ბაზრები.