საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ლი კეციანის მიწვევით, დალიანში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იუწყება, მთავრობის მეთაური ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სულ რამდენიმე ქვეყნის ლიდერი იყო მიწვეული. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა გახსნეს.

მანამდე პრემიერმა ლი ქეციანგმა მამუკა ბახტაძეს სახელმწიფო რეზიდენციაში უმასპინძლა. საუბრის მთავარი თემები იყო ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივები და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი გამოყენების მნიშვნელობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩინეთის საგარეო საქმეთა, კომერციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრები, ასევე სახელმწიფო რეფორმებისა და განვითარების კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტ სი ძინფინს ექვემდებარება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობითვე, უმაღლესი დონის შეხვედრა მსგავსი ფორმატით პირველად გაიმართა, რაც, ორმხრივი ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე მიუთითებს.

დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ასევე შეხვედრებს მართავს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან, რომლებსაც საქართველოში არსებულ შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოზე ესაუბრება. პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დალიანში დღეს სრულდება.