ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა გუშინ მოლაპარაკება გამართა ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტესთან. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო სინხუა ავრცელებს.

ორი ქვეყნის ლიდერმა მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწია და ჩინეთ-ფილიპინების სტრატეგიული ურთიერთობის აგება ურთიერთპატივისცემის, გულწრფელობის, თანასწორობის და საერთო მოგების პრინციპზე გადაწყვიტა.

სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი და ფილიპინები მეზობელი ქვეყნებია ურთიერთობის ათასწლიანი ისტორიით, ამიტომ კეთილმეზობლური ურთიერთობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა მხარეების ერთადერთ სწორ არჩევანს წარმოადგენს.

„ბოლო ორი წლის მანძილზე ბატონ პრეზიდენტთან 6 შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთა მსვლელობისას გავცვალეთ აზრები ორმხრივი ურთიერთობის და ორივე მხარისთვის საინტერესო სხვა საკითხებზე, გავამყარეთ კონსენსუსი და გავაძლიერეთ მეგობრობა“,- აღნიშნა მან.

სი ძინფინგმა დაამატა, რომ ორივე მხარის ძალისხმევის წყალობით მრავალმხრივი თანამშრომლობა სახელმწიფოთა შორის ძალზე ნაყოფიერი იყო. ჩინეთ-ფილიპინების ურთიერთობაში დაიწყო ახალი ეტაპი, რომელიც ორივე ქვეყნის მოსახლეობას მოუტანს აყვავებას და საკუთარ წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში.

სი ძინფინგმა დასძინა, რომ მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება ჩამოაყალიბონ ჩინეთ-ფილიპინების სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობა, რაც შეესაბამება ორივე ქვეყნის მოსახლეობის მოლოდინებს და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მოთხოვნებს პასუხობს. მხარეებმა უნდა გააღრმავონ თანამშრომლობა სამ მთავარ სფეროში: უსაფრთხოება, განვითარება და ჰუმანიტარული საკითხები. ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ფილიპინების ბრძოლას ნარკომანიასთან და ტერორიზმთან, აპირებს შეძლებისდაგვარად დახმარება გაუწიოს ფილიპინებს ისეთი სოციალური პროგრამების გატარებაში, როგორიცაა სიღარიბესთან ბრძოლა, ასევე გააფართოვოს გაცვლები და თაანამშრომლობა გაანათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში. ფილიპინები ჩინეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა თანხვედრაში უნდა იყოს ფილიპინების განვითარების სტრატეგიასთან. საჭიროა თანამშრომლობის გაძლიერება ინფრასტრუქტურის მშენებლობის, ელექტროკავშირის და სოფლის მეურნეობის სფეროში.

სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთსა და ფილიპინებს ფართო საერთო ინტერესი გააჩნიათ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. მან ასევე დაამატა, რომ შესაძლებელია მეგობრული კონსულტაციების გზით უთანხმოების დარეგულირება და ზღვაში პრაქტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობა. ჩინეთი ფილიპინებთან ერთად აპირებს ჩინეთ-ASEAN-ის ურთიერთობის მოდერნიზების წინ წაწევას და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის თანაშრომლობის განვითარებას.

როდრიგო დუტერტე მხურვალედ მიესალმა სი ძინფინგის სახელმწიფო ვიზიტს ფილიპონებზე და განაცხადა, რომ ეს ჩინეთის მეთაურის პირველი ვიზიტია ბოლო 13 წლის მანძილზე. ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობის არის და ორმხრივი ურთიერთობის საეტაპო მოვლენას წარმოადგენს. ფილიპინები მიესალმება რეგიონის ქვეყნების მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთობლივ დაცვას. გარდა ამისა, ფილიპინები მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ჩინეთთან გაერო-ს და სხვა მრავალმხრივი მექანიზმების ფარგლებში.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ორივე ქვეყნის ლიდერი ჩინეთსა და ფილიპინებს შორის „სარტყელისა და გზის“ მშენებლობაში ურთიერთგაგების მემორანდუმის, ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის და თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების ხელმოწერას დაესწრო.

მოლაპარაკების შედეგების თაობაზე ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა.