დღეს ევა ბაბალაშვილის საავტორო გადაცემა „წახნაგები“-ს სტუმარია ბიზნეს-ლედი, ექიმი-რეაბილიტოლოგი - მარინა კოდუა

ევა ბაბალაშვილი - მოგესალმებით! ეთერშია გადაცემა „წახნაგები“ და ჩვენთან სტუმრად არის ბიზნეს-ლედი, ექიმი-რეაბილიტოლოგი მარინა კოდუა, რომელიც ასევე არის ზაზა ფაჩულიას დედა. ის ძალიან არაორდინალური და მრავალი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემთან სტუმრადაა. და პირველი შეკითხვა - ძნელია ზაზა ფაჩულიას დედა იყო?

მარინა კოდუა - მოგესალმებით! კი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია იყო ზაზა ფაჩულიას დედა. მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია, იმიტომ რომ ყველა გიყურებს, რადგან ზაზას დედა ხარ. ზედმეტი არაფერი უნდა ვთქვა, ზედმეტი სიცილიც კი არ შეიძლება... ასე რომ ოქროს შუალედი ავირჩიე.

ევა ბაბალაშვილი - ზაზა ბუნებით მეომარია. ბავშვობიდან იყო ასეთი?

მარინა კოდუა - კი, ბავშვობიდან ასეა. კიდევ იცით რა? ძალიან გაგვიჭირდა, რადგან მეუღლე გარდამეცვალა. ზაზა მაშინ 13 წლის იყო. ეს უკვე ისეთი ასაკია, რომ მას ოჯახის უფროსობა მოუწია. ჩემთვის ეს ძალიან რთული იყო, რადგან ის მაინც ჯერ ბავშვი იყო.

ევა ბაბალაშვილი - თუმცა მამაკაციც იყო...

მარინა კოდუა - ძალიან ცდილობდა. მას კალათბურთისთვის თავის დანებებაც უნდოდა, რადგან დავქვრივდი და ოჯახს მხარდაჭერა სჭირდებოდა. თურქეთში მოუწია წასვლა.

ევა ბაბალაშვილი - 13 წლის ასაკში მას უკვე თურქეთიდან ჰქონდა მიწვევა.

მარინა კოდუა - მანამდე უკვე თამაშობდა თურქეთში. ხელფასი ჰქონდა 300 დოლარი, რომელიც არაფერს ყოფნიდა. ზოგჯერ საჭმლის ფულიც კი არ იყო. შემდეგ წავედით თურქეთში და კონტრაქტი თავიდან შევადგინეთ. მას ხელფასი მოუმატეს და ჩვენ იქ დავრჩით.

ევა ბაბალაშვილი - შენ იქ მასთან ერთად დარჩი? უშენოდ არ შეეძლო?

მარინა კოდუა - ის ბავშვი იყო. ჯერ ერთი, მოვლა სჭირდებოდა, მერე - გარდამავალ ასაკში იყო...

ევა ბაბალაშვილი - თქვენ იყავით ბიჭთან, რომელიც ბუნებით ლიდერი იყო.

მარინა კოდუა - მეც ესეთი ვარ, ამიტომ ხშირად ვჩხუბბობთ. კიდევ ერთი: ეს იყო პერიოდი, როდესაც ჩვენთან არც გაზი იყო, არც შუქი, არც წყალი... აქ ვერ ვიპოვე ადვოკატი, რომელიც ჩვენთვის ნორმალურ კონტრაქტს შეადგენდა. მაშინ საზღვარგარეთ მხოლოდ ძმები არველაძეები და ზაზა ფაჩულია მუშაობდნენ. თქვენ, ალბათ, გახსოვთ, როგორ დავურეკე მაშინ ბატონ ჯამლეტს ღამის სამ საათზე.

ევა ბაბალაშვილი - მისთვის ეს ნორმალურია.

მარინა კოდუა - მაშინ ეს არ ვიცოდი, და ძალიან გამიხარდა, რომ არ ეძინა. მან დამამშვიდა, მითხრა, რომ არაფრის არ უნდა მეშინოდეს და რომ ჩემს გვერდით იქნება. ამ სიტყვებს მაშინ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

ევა ბაბალაშვილი - მე მესმის თქვენი. როდესაც ადამიანს უჭირს, პატარა სიტყვაც კი შესაძლოა იმ ტრამპლინად იქცეს, რომელსაც დაეყრდნობი და ცხოვრებას გააგრძელებ.

მარინა კოდუა - კიდევ მაშინ ჩვენგან ითხოვდნენ, რომ ხელი მოგვეწერა კონტრაქტზე, სადაც ეწერა, რომ მან თურქეთის მოქალაქეობა უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაში ის ვერსად ითამაშებდა თურქეთის გარდა. ჩვენ გავიარეთ ეს გზა, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო.

ევა ბაბალაშვილი - ფსიქოლოგიურად როგორ გამოვიდა ამ მდგომარეობიდან?

მარინა კოდუა - ძალიან კარგად მახსოვს, რომ იყო თამაში თურქულ და ბერძნულ გუნდებს შორის. იმ თამაშში ზაზამ ძალიან კარგად ითამაშა. ისიც მახსოვს, რომ 27 ქულა დააგროვა. მაშინ იქ ნაციონალური საკალთბურთო ლიგის სკაუტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ყურადღება მიაქციეს, და ყველაფერი აქედან დაიწყო. მაშინ 17 წლის იყო. შემდეგ ის წავიდა დრაფტზე ამერიკაში. ზაზა ძალიან ჭკვიანი ბიჭია. ტრაბახი ჩემი მხრიდან, ალბათ, არ იქნება სწორი, მაგრამ პირველ წელს მან თავად მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, რადგან ჩათვალა, რომ ჯერ არ იყო ამისთვის მზად. მეორე ასეთი შემთხვევა ჩემთვის ცნობილი არ არის. შემდეგ წელს ისევ წავიდა ამერიკაში.

ევა ბაბალაშვილი - მისი პირველი გუნდი NBA-ში?

მარინა კოდუა - ორლანდო მეჯიკი.

ევა ბაბალაშვილი - ზაზა ისეთი ქარიზმატული ადამიანია. სადაც არ უნდა გამოჩნდეს, ადამიანები, რა სტატუსიც არ უნდა გააჩნდეთ, ფეხზე დგებიან და თქვენობით მიმართავენ. ხომ ასეა?

მარინა კოდუა - კი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მისი განათლებულობიდან მოდის. ის ძალიან განათლებული ბიჭია. სკოლაში ფრიადოსანი იყო. ახლა ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობს.

ევა ბაბალაშვილი - როგორ ვლინდება მისი ხასიათი ბავშვებთან ურთიერთობაში?

მარინა კოდუა - ის ძალიან კარგი მამაა, მაგრამ ძალიან მკაცრი.

ევა ბაბალაშვილი - შვილებისგან რას ითხოვს?

მარინა კოდუა - სწავლა - პირველ რიგში. ბავშვები დადიან კალათბურთზე და ძალიან კარგად თამაშობენ. ზაზა მათ ამეცადინებს, ინტერესდება მათი სწავლით, აკვირდება მათ ვარჯიშს...

ევა ბაბალაშვილი - შვილები ამას როგორ აღიქვამენ? ამისგან გათავისუფლება არ სურთ?

მარინა კოდუა - სურთ, რა თქმა უნდა. როდესაც ბებია იქ არის, ყველაფერი თავდაყირადაა.

ევა ბაბალაშვილი - თუმცა თავად ბებია მკაცრი დედა იყო.

მარინა კოდუა - ძალიან მკაცრი, მაგრამ, როგორც ბებია, სულ სხვა ადამიანი ვარ.

ევა ბაბალაშვილი - დღის განრიგს ზაზა წინასწარ ადგენს? პედანტია?

მარინა კოდუა - მას მარტო ვზრდიდი, ამიტომ ბავშვობიდან მივაჩვიე წესრიგს. მე არ მყავდა არც ძიძა და არც დამხმარე. სანამ დაიძინებდა, იცოდა, რომ ოთახი წესრიგში უნდა მოეყვანა, ამიტომ წესრიგი ძალიან უყვარს და უკვე ჩვევად აქვს ქცეული.

ევა ბაბალაშვილი - თუ დადიოდით ერთად რაღაც სპექტაკლებზე, ან თუ აგირჩევიათ მისთვის წიგნები, რომლებიც უნდა წაეკითხა?

მარინა კოდუა - რა თქმა უნდა, ყოველთვის. დავდიოდით ცურვაზე, ცეკვაზე (საიდანაც შემდეგ გაგვაგდეს, რადგან მეწყვილე ვერ მოუძებნეს).

ევა ბაბალაშვილი - საინტერესოა, ვისთან უნდა ეცეკვა, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რომ მიეღო მონაწილეობა?

მარინა კოდუა - ის კარგად ცეკვავს. ასევე, ზაზა დადიოდა ფეხბურთზე, ფრენბურთზე. მხოლოდ კალათბურთი არ მინდოდა, რადგან ვიცოდი, რამხელა შრომას მოითხოვს. მე ყოფილი კალათბურთელი ვარ და ვიცი, რა ჯოჯოხეთური შრომაა საჭირო.

ევა ბაბალაშვილი - თუმცა კალათბურთიდან წასვლაც შეუძლებელია, თუ იქ მოხვდი.

მარინა კოდუა - დიახ. მან უკვე იცოდა, რომ ეს -მისია.

ევა ბაბალაშვილი - ის ყველას უყვარს.

მარინა კოდუა - მე მომწონს, რომ არასდროს ფიქრობდა მხოლოდ საკუთარ თავზე. ის გუნდური მოთამაშეა, რომელიც ასრულებს შავ სამუშაოსაც, რომელიც ისე არ ჩანს.

ევა ბაბალაშვილი - რა არის შენთვის კალათბურთი?

მარინა კოდუა - ეს ჩემი ცხოვრებაა.

ევა ბაბალაშვილი - ძალიან შორს ხართ ერთმანეთისგან.

მარინა კოდუა - მე წლიდან წლამდე ვცხოვრობ. სანამ ჩამოვლენ, მათი ჩამოსვლისთვის ვემზადები.

ევა ბაბალაშვილი - ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლა ხომ არ გსურს?

მარინა კოდუა - საქართველოს გარეშე არ შემიძლია. ბეღურები ყველაზე ცივ ზამთარშიც კი არსად მიფრინავენ. მეც აქაური ბეღურა ვარ. 2008 წელსაც, როდესაც ომი იყო, ზაზა მეძახდა ამერიკაში, მაგრამ მე ვუთხარი, რომ თუ საქართველო არ იქნება, ასე სიცოცხლე არ მინდა.

ევა ბაბალაშვილი - როდესაც ის გამოდის თამაშის შემდეგ გამარჯვებული ან დამარცხებული, მას ესაუბრები ხოლმე?

მარინა კოდუა - როდესაც თამაშიდან დამარცხებული გამოდიოდა, არ ვესაუბრებოდი. მას ეს თავად უნდა გადაეხარშა. მე ხომ ვხედავდი, რომ ზოგიერთები თამაშის მერე ისე გამოდიოდნენ, თითქოს არაფერი მომხდარა, ზაზა კი ყველა თამაშს განიცდიდა. ის უბრალოდ ისეთი ადამიანია, რომ ამას არ გამოხატავს.

ევა ბაბალაშვილი - ახლა რაზე ოცნებობს? საითკენ მიდის?

მარინა კოდუა - მიდის ბიზნესისკენ, მაგრამ არა პოლიტიკისკენ.

ევა ბაბალაშვილი - მარინა, შენ არა მხოლოდ ზაზას დედა, არამედ მოხვედი როგორც მარინა კოდუა, რომელიც არის ბიზნეს-ლედი და კიდევ ექიმ-რეაბილიტოლოგად მუშაობდი. როგორ აღმოჩნდი სენაკში ამ პროფესიით?

მარინა კოდუა - როდესაც ინსტიტუტი დავამთავრე, მშობლებმა მითხრეს, რომ რაიონში უნდა დავბრუნებულიყავი...

ევა ბაბალაშვილი - რატომ?

მარინა კოდუა - მე სენაკიდან ვარ. ისინი მართლები იყვნენ, რადგან იქ ბევრი რამ ვისწავლე. სკოლა აქ დავამთავრე, შემდეგ კი გავთხოვდი. ჩემი ქმარი მოჭიდავე იყო და საბრძოლო სამბოთი იყო დაკავებული. ის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო. მას ყოველთვის უნდოდა, რომ ზაზაც მოჭიდავე ყოფილიყო. ჩვენ სპორტის ბევრი სახეობა ვცადეთ, მაგრამ საბოლოოდ დედამ გაიმარჯვა. გათხოვების შემდეგ აქ რეაბილიტაციის ცენტრში ვმუშაობდი.

ევა ბაბალაშვილი - ზაზაზე წერენ, რომ ბუნებით ის მეომარია და რომ მისი სპორტული კარიერა - ნამდვილი მეომრის გზას წარმოადგენს. ეს ძალიან მომეწონა! თავად თუ გრძნობს თავს მეომრად? ნარცისიზმი ხომ არ ახასიათებს?

მარინა კოდუა - არა, არა.

ევა ბაბალაშვილი - უფრო ხშირად გეთანხმებათ თუ არა?

მარინა კოდუა - 50/50.

ევა ბაბალაშვილი - თუმცა შენ ეს არ გწყინს. ახლა მას, ალბათ, არა როგორც შვილს, არამედ როგორც მეგობარს უჯერებ?

მარინა კოდუა - კი. ერთადერთში ვერ მიგებს, რომ მე ბებია ვარ და მეჩხუბება, როდესაც შვილიშვილებს ვიცავ. ამას მიხვდება, როდესაც თავად გახდება ბაბუა. დანარჩენს რაც შეეხება, ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობთ, ვკამათობთ და ა.შ.

ევა ბაბალაშვილი - ჩვენ ცოტა დრო დაგვრჩა. რას უსურვებდით ზაზას სახელით ჩვენს მსმენელებს, შვილებს, რომ ცხოვრებაში წარმატებული ადამიანები ყოფილიყვნენ? რა უნდა გაიარონ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ იმ საქმეში, რომელზეც ოცნებობენ?

მარინა კოდუა - მე ძალიან ხშირად გამიგია, რომ ამბობენ: „ჩემმა შვილმა სკოლას თავი დაანება. კალათბურთისთვის ვამზადებთ“. ეს არ არის სწორი. ბავშვმა თუ კარგად არ ისწავლა, კარგი კალათბურთელი არ გამოვა, იმიტომ რომ აზროვნება უნდა კალათბურთს. მე არა მაქვს უფლება ვიღაცას რაღაც რჩევა მივცე, უბრალოდ ჩემი გამოცდილებიდან გელაპარაკებით. არავინ არ იცის, ვინ რა გამოვა, ამიტომ ეცადეთ თქვენს შვილებს მისცეთ კარგი განათლება და კარგი სპეციალობა. თუ უფლის წყალობაა, ის საკუთარ თავს მაინც ყველგან იპოვის. კალათბურთი არის ისეთი სპორტი, რომ ცხოვრების ადგილს გაპოვნინებს. მოედანზე თუ ვერ იპოვე შენი ადგილი, ვერ ითამაშებ. ეს არის ცხოვრება. მინი-ცხოვრება არის კალათბურთი. ესე ვფიქრობ მე. ბავშვი მიაჩვიეთ შრომას. ეს არის თხოვნა. თქვენ თვითონ გაზარდეთ თქვენი შვილები. დაიხმარეთ, ვინც გინდათ. დამხმარე უნდა გყავდეთ, და არა გამზრდელი შვილის.

ევა ბაბალაშვილი - და არავის არ დავაბრალოთ მერე, რომ სკოლის ბრალია ან იმის ბრალია...

მარინა კოდუა - არა. ჩვენი ბრალია, თუ რამე დააშავა ჩვენმა შვილმა. ყველაზე კარგი ინვესტიცია არის შვილში ჩადებული ინვესტიცია. აი ამას გთხოვთ. ჩადევით ყველაზე ძვირფასში თქვენი ინვესტიცია.

ევა ბაბალაშვილი - დიდი მადლობა, მარინა! დიდი მადლობა ზაზას, რომ საქართველოს სახელი მსოფლიოში ასეთ სიმაღლეზე აიტანა. მინდა, რომ ბევრი მიმდევარი გყავდეს. ჩვენი ბიჭებისთვის შენ ყოველთვის იყავი და რჩები მისაბაძ ადამიანად. ეს იყო გადაცემა „წახნაგები“ ევა ბაბალაშვილთან ერთად. მომავალ შეხვედრამდე!

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: