დღეს ევა ბაბალაშვილის საავტორო გადაცემა „წახნაგები“-ს სტუმარია მომღერალი და დიზაინერი მარკუს მეტრეველი

ევა ბაბალაშვილი - დღეს ჩვენთან სტუმრადაა მომღერალი და დიზაინერი მარკუს მეტრეველი. მოგესალმებით! მიხარია, რომ გამონახეთ დრო ჩვენთან მოსასვლელად, რადგან ვიცი, რომ თბილისში გუშინ ჩამოხვედით.

მარკუს მეტრეველი - მოგესალმებით ყველას! მიხარია, რომ ვარ თქვენთან ერთად. მე გუშინ ჩამოვფრინდი ბერლინიდან, სადაც მქონდა ჩემი ჩვენება გალერეა „მაკოვსკი“-ში და ძალიან კარგად ჩაიარა ამ მოვლენამ.

ევა ბაბალაშვილი - აგვიხსენით, რა არის ეს გალერეა, რა ჩვენება იყო და რასთან იყო ის დაკავშირებული?

მარკუს მეტრეველი - გალერეა „მაკოვსკი“-მ გახსნა ძალიან ლამაზი საგამოფენო სივრცე, სადაც გამოფენილია ძალიან ნიჭიერი მხატვრების კომპოზიციები და ნამუშევრები, და გადაწყვიტა მან, რომ გააკეთოს ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსის გამოფენა. ამ ნამუშევრებთან ერთად გამოიფინა ჩვენი ნამუშევრებიც და, ამავდროულად, გაკეთდა ჩვენი პრეზენტირება ევროპული საზოგადოებისთვის, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ვიყავით მიწვეული მე, როგორც დიზაინერი, ასევე მომღერალიც, და თინათინ მაღალაშვილი (ასევე ჩვენი ქართველი დიზაინერი).

ევა ბაბალაშვილი - „მაკოვსკი“-ს გალერეაში ქართველები პირველად იყვნენ წარმოდგენილები?

მარკუს მეტრეველი - კი. გალერეა „მაკოვსკი“ არის ერთ-ერთი წარმატებული ბრენდი გერმანიაში, რომელიც აფინანსებს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, ხშირად ატარებს საქველმოქმედო აქციებს. ეს საღამოც, სხვათაშორის, რუმინელ ბავშვებს მიეძღვნა და მთელი შემოსული თანხა გაყიდული კოსტუმებიდან და ნახატებიდან მათ გადაეგზავნა.

ევა ბაბალაშვილი - ეს დიდი საქმეა!

მარკუს მეტრეველი - ძალიან დიდი საქმეა! ქართველი ბავშვებისთვისაც აკეთებს ძალიან ხშირად, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩატარდა რუმინელი ბავშვებისთვის.

ევა ბაბალაშვილი - საქართველოში თუ ყოფილა „მაკოვსკი“-ს ჩვენებები?

მარკუს მეტრეველი - ჯერჯერობით არ ყოფილა, გერმანიის სივრცეში ტრიალებს, მაგრამ, როგორც ჩვენ ვიცით, აქვს მოლაპარაკებები, რომ ევროპის მასშტაბით გაიტანოს თავისი ბრენდი და გააცნოს ეს ბრენდი ფართო საზოგადოებას.

ევა ბაბალაშვილი - მოგწონს მაკოვსკის ბრენდი? შეიძლება ბევრმა იცის, მაგრამ ისე ფართოდ გავრცელებული ეს გვარი და სახელი არ არის ჯერჯერობით.

მარკუს მეტრეველი - მომწონს მისი შემართება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება. მას აქვს იმის საშუალება, რომ დაუდგეს აი ამ ბავშვებს გვერდში და თავისი ბრენდი და ამბიცია აძლევს იმის საშუალებას, რომ იყოს ყველა იმ ადამიანის გვერდში, ვისაც სჭირდება მათი დახმარება. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ამ ბავშვებმა უკეთესად და უფრო ჯანმრთელად იგრძნონ თავი.

ევა ბაბალაშვილი - რამდენი ქვეყანა იყო ჩასული?

მარკუს მეტრეველი - ჩასული იყო მხოლოდ საქართველო, ანუ ჩვენ, როგორც დიზაინერები, მაგრამ ესწრებოდნენ ძალიან მაღალი საზოგადოების სტუმრები: საელჩოებიდან, სხვადასხვა პოლიტიკური ძალებიდან იყვნენ მოწვეული სტუმრები, ბერლინის წამყვანი ხელოვანები... ძალიან კარგი სიტუაცია იყო. საღამო შედგა და შემიძლია გითხრათ, რომ შოუს დამთავრების შემდეგ მივიღეთ ოფიციალური შემოთავაზება ბერლინის მოდის კვირეულისგან, რომელიც დაიწყება 1 ივლისს, და უკვე ამაზე დავიწყეთ მუშაობა.

ევა ბაბალაშვილი - აღნიშნულ ჩვენებაზე როგორი ტანსაცმელი წაიღე? და საერთოდ, დემოკრატიული ხარ?

მარკუს მეტრეველი - ძალიან დემოკრატიული ვარ. სხვათაშორის, მე ვმუშაობ უნისექს კოლექციაზე, ანუ ჩემი სამოსი თავისუფლად შეიძლება ჩაიცვას როგორც მამაკაცმა, ასევე ქალმაც.

ევა ბაბალაშვილი - საერთოდ, მოდაში ახლა ასეთი ტენდენციაა შემოსული. რატომ? უფრო მოხერხებულია ესეთი ტანსაცმელი?

მარკუს მეტრეველი - უფრო პრაქტიკულია, ანუ ვმუშაობ ორივე ესკიზზე ერთად.

ევა ბაბალაშვილი - როგორ იღებს ამას პუბლიკა?

მარკუს მეტრეველი - ფანტასტიურად! დღეს მსოფლიო ბაზარზე უფრო აქტუალურია უნისექს-კოლექცია, ვიდრე განსაზღვრული ერთ მიმართულებაზე.

ევა ბაბალაშვილი - ცოტა საშიში ტენდენცია ხომ არ არის, როდესაც განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის ცოტა წაიშალა?

მარკუს მეტრეველი - ეს თემა აშკარად სამუშაოა. არ შეიძლება რომ დიზაინერმა უბრალოდ თქვას, რომ ქმნის უნისექს-კოლექციას. ამაზე ძალიან ბევრი უნდა იშრომოს. ასეთი სამოსი უნდა უხდებოდეს აუცილებლად ქალსაც და კაცსაც, ანუ ქალზე უნდა იყოს ძალიან მოდური და მომხიბვლელი, მამაკაცი კი არ უნდა იყოს ქალური. ეს ბარიერი აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

ევა ბაბალაშვილი - რა ამბიციები გაგაჩნია სამოდელო ბიზნესში? რა გინდა, რომ შემოიტანო ახალი?

მარკუს მეტრეველი - მაქვს ამბიცია, რომ დავიმკვიდრო ამ სფეროში ჩემი ადგილი. ჯერ კიდევ ეხლა ვიწყებ ნაბიჯებს. გასაკეთებელი ძალიან ბევრია და იმედი მაქვს, რომ მივალ იმ ეტაპამდე, რომ ჩემს სათქმელს ვიტყვი.

ევა ბაბალაშვილი - ამისთვის ხომ საჭიროა სწავლა და ბევრი მუშაობა?

მარკუს მეტრეველი - რა თქმა უნდა. ყოველდღიურად ვსწავლობ, თუნდაც იმ დიზაინერებისგან, ვისთანაც მიწევს ურთიერთობა. მე ძალიან მიყვარს სწავლა. არ ვარ ის ტიპაჟი, რომელიც რაღაცას რომ მიაღწევს და მერე იტყვის, რომ მე ყველაფერს მივაღწიე და ყველაფერი ვიცი. მიყვარს განვითარება და სწავლა.

ევა ბაბალაშვილი - როდესაც რაღაც მოდელს ქმნი, მუსიკა ამაში გეხმარება?

მარკუს მეტრეველი - რა თქმა უნდა! სხვათაშორის, ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რომ ოფიციალურად უნდა დავკავდე მოდით. ამას აქვს გარკვეული სტანდარტები: აუცილებლად ფეხი უნდა აუწყო მოდის ტენდენციებს, მე კი ვაკეთებ ამას მაშინ, როდესაც მინდა.

ევა ბაბალაშვილი - ეს ცუდია?

მარკუს მეტრეველი - ეს ცუდია, კი. ეს უნდა აქციო ბიზნესად და მე ეს ბიზნესად არა მაქვს გადაქცეული. ეს ჩემს ემოციაზეა დამოკიდებული.

ევა ბაბალაშვილი - თუ არ აქციე ეს ბიზნესად, ხომ უნდა იარსებო?

მარკუს მეტრეველი - რა თქმა უნდა, უნდა ვიარსებო. მოვა მე მგონი ამის დროც, და ეხლა უკვე დადგა ეს დროც, უბრალოდ, რაშია საქმე - ძალიან ეგოისტი ვარ. როცა სიმღერას ეხება საქმე და იმას ცოტა დროს ვაკლებ, მემართება ძალიან დიდი აგრესია დიზაინის მიმართ, თუმცა ეს აუცილებლად უნდა დავაბალანსო.

ევა ბაბალაშვილი - პირიქით არ ხდება?

მარკუს მეტრეველი - არა.

ევა ბაბალაშვილი - სწავლობდი მუსიკას?

მარკუს მეტრეველი - რა თქმა უნდა. საბერძნეთში დავამთავრე ექვსწლედი უმაღლესი აკადემიის, ვიყავი ძალიან პრესტიჟულ მუსიკალურ აკადემიაში და გავიარე მუსიკალური განათლება.

ევა ბაბალაშვილი - მარკუს, სიმღერებს თუ წერ?

მარკუს მეტრეველი - რა თქმა უნდა.

ევა ბაბალაშვილი - შეიძლება, რომ დავაყენოთ ახლოს სიმღერების წერა და მოდელის შექმნა?

მარკუს მეტრეველი - კი, შეიძლება.

ევა ბაბალაშვილი - პირველად როგორ დაწერე მუსიკა?

მარკუს მეტრეველი - ვიყავი ვენეციაში რამდენიმე წლის წინ და იმდენად საოცარ გარემოში მოვხდი, რომ ეს ესე ვერ ჩაივლიდა. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ეს იყო ჩემთვის რაღაც სხვა განზომილება და დავწერე ჩემი პირველი სიმღერა სახელწოდებით „დამოკიდებული“.

ევა ბაბალაშვილი - ესე იგი, ემოციას ემორჩილები? ამინდი თუ ახდენს შენზე გავლენას?

მარკუს მეტრეველი - ძალიან დიდ გავლენას ახდენს ამინდი, მაგრამ ვცდილობ, რომ ნეგატიური უარყოფითი ემოცია დავამარცხო და ვიყო ისევ პოზიტიური.

ევა ბაბალაშვილი - დეპრესიული ყოფილხარ?

მარკუს მეტრეველი - არასდროს. საერთოდ არ ვიცი, რა არის დეპრესია. ნებისმიერ წუთას მე ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო ახალი. ის, რაც გავაკეთე დღეს, შემდეგ უკვე აღარ მაინტერესებს. ის უკვე წარსულია და მას აღარასოდეს ვუბრუნდები, აღარ ვუყურებ, აღარ ვუსმენ.

ევა ბაბალაშვილი - რა თვისებები მოგწონს შენში?

მარკუს მეტრეველი - არ ვარ ჭორიკანა, არ ვარ ბოროტი, არ ვარ შურიანი, არ ვარ ბოღმა და ვარ ძალიან ერთგული.

ევა ბაბალაშვილი - შეგიძლია შენი ჩვენება გამართო ქუჩაში?

მარკუს მეტრეველი - კი. სხვათაშორის, მე მქონდა წინა წელს მილანში. ძალიან ცნობილ ხიდზე გავაკეთე ჩემი კოლექციის ჩვენება.

ევა ბაბალაშვილი - თუ არიან ისეთი ადამიანები, ვისაც სიამოვნებით აცმევ შენს მიერ შექმნილ ტანსაცმელს?

მარკუს მეტრეველი - მსოფლიო მასშტაბის მოდელები, ვისაც ჯერჯერობით ჩემი ტანსაცმელი არ აცვიათ, მაგრამ სიამოვნებით ჩავაცმევდი: ეს არის ჟიზელი, ნაომი, ტაირა ბენქსი და ა.შ.

ევა ბაბალაშვილი - თუ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ ჩაიცვამს შენს ტანსაცმელს?

მარკუს მეტრეველი - ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სახელს. მთავარია ადამიანი იყოს ინდივიდი და მთავარია ადამიანი იყოს ადამიანი.

ევა ბაბალაშვილი - როგორ ხვდები ამას, როცა ხედავ მოდელს?

მარკუს მეტრეველი - ეგრევე ვგრძნობ. ძალიან დიდი განათლება მაქვს ამაზეც მიღებული. ათონის მთაზე ვიყავი დიდი ხნის განმავლობაში. მქონდა გარკვეული პერიოდი, როდესაც მარტო მინდოდა დარჩენა და აღმოჩენა ჩემი თავის. იქ ძალიან ბევრ რამეს მივხდი.

ევა ბაბალაშვილი - მარკუს, სულ მარტო იყავი?

მარკუს მეტრეველი - კელიაში სულ მარტო ვიყავი.

ევა ბაბალაშვილი - როგორი იყო პირველი დღე კელიაში?

მარკუს მეტრეველი - შევედი პირველ დღეს კელიაში და დავრჩი მარტო ღმერთთან. იქ ვიყავი სამი თვე. ეს მე ძალიან მჭირდებოდა ჩემი გარდატეხისთვის.

ევა ბაბალაშვილი - რამ განაპირობა შენი განმარტოება?

მარკუს მეტრეველი - მე საბერძნეთში მქონდა ძალიან ლაქშერი ცხოვრება. ძალიან დიდ შოუ-ბიზნესში ვიყავი და მომიწია სხვადასხვა ტიპის ხალხთან ურთიერთობა, რამაც ძალიან დამგრუზა. უკვე ვეღარ ვერკვეოდი სად უნდა წავსულიყავი, რა უნდა გამეკეთებინა. თან დაემთხვა ისე, რომ მე უკვე გადაწყვეტილი აღარ მქონდა საბერძნეთში დარჩენა და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.

ევა ბაბალაშვილი - როგორ დაალაგე ეს ყველაფერი მარტო?

მარკუს მეტრეველი - აი, მიშველა ძალიან ათონის მთამ. მივიღე გადაწყვეტილება, რომ წამოვსულიყავი საქართველოში. ძალიან დიდი მოტივაცია იყო ჩემი ცხოვრებისთვის ეს კონკრეტული ლოკაცია და ძალიან ბევრი რამ შევიცანი იქ.

ევა ბაბალაშვილი - პატარა მომენტს ხომ არ მეტყვი, როცა იქ მარტო ყოფნა გაგიჭირდა?

მარკუს მეტრეველი - არასდროს არ გამჭირვებია, იმიტომ რომ ვეხმარებოდი მამაოებს: ვთოხნიდი, ვბარავდი, ვუვლიდი ყვავილებს... ბუნებასთან როცა ვარ, მავიწყდება ყველა და ყველაფერი.

ევა ბაბალაშვილი - როგორ წარმოგიდგენია მარადიული ცხოვრება?

მარკუს მეტრეველი - ძალიან ლამაზად, ძალიან მარტივად. უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები ვიქნებით.

ევა ბაბალაშვილი - რატომ სჭირდება ადამიანს აქ ყოფნა?

მარკუს მეტრეველი - იმიტომ სჭირდება, რომ ღმერთი აძლევს ადამიანს თავისუფლებას, რომ თავისი „მე“ იპოვოს, გამოცდა ჩააბაროს, ან ვერ ჩააბაროს.

ევა ბაბალაშვილი - როგორი ხარ ადამაინებთან მუშაობის დროს?

მარკუს მეტრეველი - საშინელი - უდრეკი გაუცინარი ხელმწიფე.

ევა ბაბალაშვილი - ვინ არის შენი საყვარელი მხატვარი?

მარკუს მეტრეველი - სალვადორ დალი. მიყვარს მისი ექსცენტრიულობა, მისი სიგიჟე, მისი ფერები, მისი აბსტრაქცია, მისი მომავლის ხედვა... ასეთი გენიოსები არიან უცხოპლანეტელები. რაც შეეხება ჩემ შემოქმედებას, ვფიქრობ, რომ საინტერესო რაღაცეებს ვაკეთებ.

ევა ბაბალაშვილი - გყავს მუზა?

მარკუს მეტრეველი - ღმერთია ჩემი მუზა. ყოველთვის ვხატავ და ვუძღვნი ჩემ შემოქმედებას სიყვარულს. არ შემიძლია სიყვარულის გარეშე. სიყვარული ეხლაც არსებობს ჩემში.

ევა ბაბალაშვილი - ადამიანი ცხოვრების განმავლობაში იცვლება, ხომ?

მარკუს მეტრეველი - მე არ ვიცვლები. არასდროს არ ვიცვლები, არ ვცვლი ჩემ შეხედულებებს. არავითარ შემთხვევაში! არასდროს არ ვთამაშობ, ვარ ისეთი, როგორიც ვარ. ხშირ შემთხვევაში ამას აგრესია მოჰყვება.

ევა ბაბალაშვილი - რომელი მუსიკის მოსმენა გიყვარს, როცა ხარ მარტო?

მარკუს მეტრეველი - ზოგადად მე ხასიათების ადამიანი ვარ. რა თქმა უნდა, მომწონს პოპ-მუსიკა, ასევე კლასიკა (შოპენი, ბახი). თუ ძალიან დაგრუზული ვარ, რახმანინოვი.

ევა ბაბალაშვილი - რატომ? ასეთ დროს ხომ რაღაც რელაქსი უნდა მოხდეს?

მარკუს მეტრეველი - მიყვარს, რომ უფრო სიღრმეებში წავიდე, ვიდრე რაღაცა მსუბუქს ვუსმინო.

ევა ბაბალაშვილი - წერა არასდროს გიცდია?

მარკუს მეტრეველი - სხვათაშორის, ვაპირებ, რომ დავწერო. საკმაოდ საინტერესო ცხოვრება მაქვს გავლილი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი არა ვარ ჯერ, და გარკვეული წლების შემდეგ ამას აუცილებლად განვახორციელებ.

ევა ბაბალაშვილი - და რა გაქვს ჩაფიქრებული?

მარკუს მეტრეველი - ავტობიოგრაფია რომ დავწერო.

ევა ბაბალაშვილი - და პატარა მოთხრობები?

მარკუს მეტრეველი - მოთხრობები - არა. ზოგადად მიყვარს რეალიზმი. მიყვარს, რომ იწერებოდეს, თუნდაც ჩემი ბიოგრაფია, რეალობასთან ასოცირებული.

ევა ბაბალაშვილი - სად გინდა რომ იცხოვრო?

მარკუს მეტრეველი - ჩემთვის ძალიან მარტივია და ძალიან ჩვეულებრივი მომენტია, რომ ახლა ნებისმიერი ქვეყანა ავირჩიო და ვიცხოვრო იქ. ჩემი საქართველოს გარდა ცხოვრება არსად არ მინდა, იმიტომ რომ ეს არის ჩემი სახლი, ჩემი ქალაქი, და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.

ევა ბაბალაშვილი - საბერძნეთი და საქართველო ცოტა გვანან არა ერთმანეთს?

მარკუს მეტრეველი - საბერძნეთზე ვიძახი, რომ ის ჩემი მეორე სამშობლოა, იმიტომ რომ იქ გავიზარდე, მაგრამ საქართველოს ვერცერთი ქვეყანა ვერ შემიცვლის. ვგიჟდები ჩვენს რეგიონებზე, ჩვენს სოფლებზე, ჩვენს ქალაქებზე. აქვე მინდა მოვიკითხო ჩვენი ემიგრანტები მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით საბერძნეთში ყველა ემიგრანტს მოგესალმებით.

ევა ბაბალაშვილი - საბერძნეთში თუ გქონდა კონცერტები?

მარკუს მეტრეველი - ძალიან ბევრი! მოდიან ემიგრანტები და არის მთელი დარბაზი გადაჭედილი. წინა წელს გვქონდა მე და ნინო ჩხეიძეს კონცერტი ათენში, სადაც ავიღეთ მუსიკალური ჯილდო „ოქროს არგო“, და იყო იმდენი ქართველი მოსული, იმხელა ენერგია წამოვიღეთ იქიდან, რომ ფეხს ვეღარ ვდგამდი მიწაზე ემოციებისგან. ეს იყო მართლა საოცრება! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ამხელა სიყვარულისთვის! როცა მაქვს ხოლმე შემოთავაზებები, ჰონორარზე აღარც კი ვსაუბრობ, იმდენად მსიამოვნებს მათთან შეხვედრა.

ევა ბაბალაშვილი - მუსიკაში რომელ ტენდენციას მიჰყვები?

მარკუს მეტრეველი - მე პოპს ვქმნი და პოპ-მუსიკას ვემსახურები მთელი ცხოვრება. ეს ძალიან მომწონს და მახალისებს.

ევა ბაბალაშვილი - შენი კუმირი ვინ იყო?

მარკუს მეტრეველი - ჩემი ოცნების მომღერალი არის ფრედი მერკური, ასევე მაიკლ ჯექსონი და ბერძენი ძალიან დიდი მომღერლები (მაგალითად ივანა), ნანი ბრეგვაძე... დღეს ბიონსე არის ჩემთვის მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი პოპ-ვარსკვლავი, ასევე ძალიან მომწონს სტინგი, და კიდევ ძალიან ბევრი სხვა.

ევა ბაბალაშვილი - როგორ უნდა გადმოსცეს არტისტმა სიმღერაში თავისი ემოცია, რომ გახდეს ძალიან ცნობილი?

მარკუს მეტრეველი - უნდა იყოს მართალი იმაში, რასაც ქმნის და რასაც ემსახურება. არ უნდა მოიტყუოს და არ უნდა დაეყრდნოს იმას, თუ რა გაიყიდება.

ევა ბაბალაშვილი - გადაცემის ბოლოს მინდა, რომ ორი სიტყვით მიმართო ჩვენს მსმენელს და მაყურებელს იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას.

მარკუს მეტრეველი - შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდებმა ძალიან ბევრი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, უნდა ჰქონდეთ ინდივიდუალიზმი (აუცილებლად რომ გამოირჩეოდეთ სხვა დანარჩენისგან). არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეშინდეთ, თუ წაიქცევით. ისევ ამაყად უნდა წამოდგეთ და გააგრძელოთ სვლა, სანამდე არ მიაღწევთ საკუთარ მიზანს.

ევა ბაბალაშვილი - დიდი მადლობა მარკუს, რომ გვეწვიე დღეს. ეს იყო გადაცემა „წახნაგები“ ევა ბაბალაშვილთან ერთად და ჩვენი სტუმარი იყო მარკუს მეტრეველი.

https://www.youtube.com/watch?v=QF8nHHOvyts