მოგეხსენებათ, რომ სწავლების მეთოდოლოგიას კონკრეტული ეპოქის საზოგადოების საგანმანათლებლო საჭიროებები, მოთხოვნილებები, ტენდენციები და ორიენტირები განსაზღვრავენ, ამიტომ ბუნებრივია თანამედროვე ეტაპზე პედაგოგები სწავლების იმ მეთოდებით ხელმძღვანელობენ, რომელიც თანამედროვე მოზარდების ინტერესებზე, შესაძლებლობებსა და საგანმანათლებლო საჭიროებებზეა მორგებული. თანამედროვე ტენდენციებმა, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ და ინფორმაციაზე თითქმის შეუზღუდავმა ხელმისაწვდომობამ ახალი საგანმანათლებლო რესურსების შექმნისა და მათი გამოყენებით, შესაბამისი მეთოდების შემუშავების აუცილებლობა წარმოშვა.

აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ კერძო სკოლა ,,ქორალის“ ისტორიის მასწავლებელს ეთერ ბოკელავაძეს მივმართეთ, რომელიც სკოლა ,,ქორალის“ მიერ წარდგენილია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე.

მისი აზრით, სასწავლო პროცესი მოზარდებისთვის საინტერესო, მრავალფეროვანი და სასიამოვნო უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურება, მოტივირება. ბავშვს უნდა უნდოდეს ის, რასაც მასწავლებელი სთავაზობს. გათვალისწინებული უნდა იყოს მისი სურვილი და ინტერესი, ამიტომ ეთერი ხშირად მიმართავს შემდეგ ხერხს: მოსწავლეებს სთხოვს, დაუწერონ სურვილები, რომლის გათვალისწინებასაც ისურვებდნენ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს.

ისტორიის მასწავლებლის სწავლების მეთოდები როგორც სასწავლო პრაქტიკაში უკვე არსებულ გამოცდილებას, ისე მის პირად იმპროვიზაციას ეყრდნობა. სწავლების ინტერაქტიური მეთოდებიდან განსაკუთრებულად მოსწონს სიტუაციის მოდელირება და ქეისებით სწავლება. ხშირად მიმართავს ქეისების განხილვას, დისკუსია/დებატებს, ფორუმებს, იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, ბრიტანული ფორმატის საპარლამენტო დებატებს, სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ თამაშებს, პრეზენტაციებს, პროექტებს და ა.შ.

მოზარდებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება როლურ თამაშებსა და სიტუაციის მოდელირებას, ამიტომ ეთერმა გადავწყვიტა, გაეცოცხლებინა მსოფლიო ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა სახელმწიფოში მომხდარი მოვლენები და არსებული სათათბირო ორგანოები. ყველაზე საინტერსოა გაკვეთილის მიმდინარეობის დროს წარმოსახვითი დროის მანქანის გამოყენება, რომლითაც ეთერი მოსწავლეებთან ერთად დამოგზაურობს სასურველ დროსა და სივრცეში, ისინი ირგებენ ისტორიული პერსონაჟების როლებსა და ფუნქციებს და ზოგ შემთხვევაში, ცვლიან უკვე კარგად ნაცნობი მოვლენის ისტორიულ სცენარს. მასწავლებელი მათ აძლევს უფლებას შეცვალონ ისტორიული სცენარი, იაზროვნონ, იფიქრონ, წარმოიდგინონ იმ კონკრეტული მოვლენის განვითარების სხვა პერსპექტივებიც და შესაძლო შედეგებიც. მაგალითად, როდესაც ატარებს ძველ რომში არსებული სენატის იმიტირებულ სხდომას, სენატორებს აძლევს საშუალებას მათი სურვილისამებრ და ცხადია, მყარ არგუმენტებზე დაყრდნობით, შეცვალონ ისტორიული გადაწყვეტილება და აიღონ პასუხისმგებლობა, მიღებული გადაწყვეტილების შესაძლო შედეგებზე.

ეთერი სწავლების განსაკუთრებულ მეთოდს 90-იანი წლების თამაშებს უკავშირებს. ,,ალბათ ყველას ახსოვს ჩვენი ბავშვობის თამაშები: ორდროშობანა, ხუთქვაობანა, კლასობანა და ა.. ამ თამაშების სასწავლო რესურსად გამოყენების მიზანი არის ერთი მხრივ, ჩვენი უახლოესი წარსულის კულტურული მონაპოვარის გაცოცხლება სასწავლო პრაქტიკაში და მეორე მხრივ, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როდესაც მოზარდების დიდი ნაწილი განიცდის ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებზე მიჯაჭვულობას და მოკლებულია ფიზიკურ აქტიურობასა და ცოცხალ კომუნიკაციას, მინდა, მეტად დაუახლოვდნენ ცოცხალ თამაშებსა და ურთიერთობებს. ამაში კი ჩვენი ბავშვობის გამოცდილება ძალიან ეხმარებათ. სწავლების თანამედროვე მეთოდები მოსწავლეს უვითარებს იმპროვიზაციის, თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარებს, ემპათიას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს სხვისი პოზიციიდან შეხედონ მოვლენებს, სწავლობენ კონკრეტული პრობლემის გადაჭრასა და დილემური სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას, არჩევანის გაკეთებას, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას და ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღებას. ეს ყველაფერი კი ვფიქრობ, გადამწყვეტია იმ პროცესში, რასაც ბავშვის აღზრდა და ცხოვრებისთვის მომზადება ჰქვია“ - განაცხადა ეთერმა ჩვენთან საუბრის დროს.

სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რომლითაც მასწავლებელი მოსწავლეს უპირველეს ყოვლისა ცხოვრებას უხალისებს, შემდეგ კი საგანს ასწავლის, პედაგოგი ყველაზე საინტერესო შედეგს იღებს, რასაც მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბება და მისთვის განათლების მიცემა ჰქვია.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: