საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს - მერაბ ბაზაძეს, საქართველოში ფარიკაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სპორტის სფეროში სახელმწიფოს უმაღლესი წოდება - სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

სპორტის რაინდის წოდებით და შესაბამისი მედლით, მერაბ ბაზაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მიხეილ ჩხენკელმა 18 აგვისტოს გამართულ ცერემონიაზე, ოლიმპიური ჩემპიონის - ნუგზარ ასათიანის სახელობის ახლადგარემონტებულ ფარიკაობის დარბაზში დააჯილდოვა.

მინისტრმა, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან, ფედერაციის წარმომადგენლებთან და ვეტერან მოფარიკავეებთან ერთად, სრულად რეაბილიტირებული ფარიკაობის დარბაზი დაათვალიერა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების საჩვენებელ ვარჯიშს დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ფარიკაობის დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა და კეთილმოეწყო სავარჯიშო სივრცე, გარემონტდა გასახდელები და საშხაპეები, დარბაზის გარე ფასადი კი ოლიმპიური სიმბოლიკითა და „ოლიმპიელი მუშკეტერების“ მემორიალით გაფორმდა.

ფარიკაობის ფედერაციამ სამინისტროს დახმარებით ასევე ახალი ინვენტარი მიიღო, რომელიც ფედერაციის გადაწყვეტილებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის აჭარისა და გურიის, ასევე ქუთაისისა და ზესტაფონის ფარიკაობის სკოლებს გადაეცათ.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: