თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართა. 2 დღის განმავლობაში თბილისმა 60 ქვეყნის 2 000-მდე წარმომადგენელს უმასპინძლა. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე. პარტნიორები სწორედ ამ ფორუმის ფარგლებში ეწვივნენ შავი ზღვის ნავსადგურებს, მათ შორის ანაკლიის პორტს.

წლევანდელი აბრეშუმის გზის ფორუმის თემები იყო სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები, მომგებიანი ვაჭრობა, ენერგეტიკის ხვალინდელი დღე, განვითარების ტენდენციები, აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყლის უსაფრთხოება და მდგრადობა. ფორუმი რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. გამოსვლაში პრემიერმა ყურადღება გაამახვილა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. მისი თქმით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საქართველოს უფრო მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის.
გიორგი გახარია ასევე შეეხო იმ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით იყენებენ. მან განაცხადა რომ საქართველო მიესალმება მსგავსი პროექტების გაფართოებას.

ფორუმის შესახებ, რადიო ,,შოკოლადის“ ეთერში ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკის და კულტურის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ტარახჩევი საუბრობდა.

წლევანდელი ფორუმი ყველაზე მასშტაბურია, მასში 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2 000-მდე დელეგატი მონაწილეობს. თქვენი მოსაზრებით რამ განაპირობა ფორუმის მიმართ ინტერესების ზრდა?

- ინიციატივა ,,ერთი გზა, ერთი სარტყელი“ თავის თავში მოიცავს გლობალურ კონცეფციას, მრავალი ტიპის საკითხს და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, არ შეიძლება რომ ეს ინიციატივა არ იყოს საინტერესო. ეს პირველ რიგში ჩვენთვის და, რა თქმა უნდა, მთავრობის, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით მიიღწევა. მე ვფიქრობ, რომ ეს ფორუმი მასშტაბებს ზრდის და უფრო საინტერესო ხდება სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის. ეს უკვე ტრადიციად იქცა. ფორუმი 13 წელიწადია რაც ტარდება და ვიმედოვნებ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და რა თქმა უნდა უფრო მეტი კომპანია ჩაერთვება პროცესში, შესაბამისად მიმართულებების თვალსაზრისით მეტი მრავალფეროვნება იქნება. რადგან ,,ერთი გზა, ერთი სარტყელი“-ს კონცეფცია თავის თავში ძალიან ბევრ ელემენტს მოიცავს.

როგორ შეიძლება გახდეს საქართველო ინვესტიციების მოზიდვის ცენტრი კავკასიაში?
- მე ვიტყოდი რომ საქართველო არის უკვე კავკასიის ცენტრი. ამას განაპირობებს ბევრი ფაქტორი, არა მხოლოდ გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რეგიონში არსებული ვითარება, რომელიც ჩვენ უფრო მიმზიდველს გვხდის სხვადასხვა კუთხით, არამედ ისიც, რომ ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვართ პროცესში, სადაც სულ უფრო მეტად უმჯობესდება გარემო ინვესტორებისთვის. ჩვენი პოზიცია საკმაოდ რეიტინგულია ამ მიმართულებით და ეს არ შეიძლება მოზიდულ ინვესტიციებზეც დადებითად არ აისახოს. პოტენციალი დიდია, ვფიქრობ რომ ერთობლივი ჩართულობით, უფრო მეტ ინვესტორს მოვიზიდავთ.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საქართველოს უფრო მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის, კიდევ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან ორმხრივი ურთიერთობებისთვის და კავშირების გაღრმავებისთვის?

- რა თქმა უნდა, ვაჭრობის საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ რომ ჩვენი ქვეყნისთვისაც არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენ გვეხსნება წვდომა უზარმაზარ მარკეტზე. ასევე ამ დღეებში დღესაც და გუშინაც ბევრჯერ იყო ნათქვამი რომ საქართველო თავისი არსებული ხელშეკრულებებით, არსებული სამართლებრივი მდგომარეობით და გარემოთი, არის მიმზიდველი საწარმოების გასახსნელად თუ სხვადასვა ტიპის ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად, რაც მთავარია ,,ერთი გზა ერთი სარტყელი“-ს ინიციატივა თავის თავში გულისხმობს არა მარტო რომელიმე კონკრეტულ მიმართულებას, არამედ კულტურულ მიმართულებას, სადაც ჩვენ ასევე შეიძლება ვიყოთ შავი ზღვის ცენტრი. ამ ყველაფრის განსახორციელებლად მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთან იქნება უფრო მასშტაბური და საინტერესო. უნდა გავითავალისწინოთ და შევიმუშაოთ ის მოდელი თუ ურთიერთობის სქემა, რომელიც შეიძლება ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს შევთავაზოთ. კვლავ ვიმეორებ, რომ ამისთვის ერთობლივად მუშაობს როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორი. ასევე მე ვფიქრობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც და ფონდებიც რომლებიც შეძლებენ ახალი პროექტების შემოტანას ჩვენთან, ასევე გახდებიან ამ ფინანსების მომზიდველი ,,ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ჭრაში.