ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნაპოლისა და არგენტინის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, რომელიც საკუთარ სახლში იმყოფებოდა, გული გაუჩერდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ლეგენდას თვის დასაწყისში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 60 წლის დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. ექიმები ადასტურებდნენ, რომ მას სისხლნაკლულობა და გაუწყლოებაც სჭირდა. მარადონა კლინიკიდან 12 ნოემბერს გაწერეს.

დიეგო მარადონა ხუთჯერ დასახელდა წლის სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელად, 2000 წელს კი მას FIFA-ს „საუკუნის მოთამაშის“ წოდება მიენიჭა. არგენტინელი საპატიო „ოქროს ბურთის“ პირველი მფლობელიცაა.

არგენტინის ხელისუფლების განცხადებით, დიეგო მარადონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. გადაწყვეტილება ამის შესახებ არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა მიიღო.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: