რამდენიმე დღეში თბილისში ხეების დარგვის ყოველწლიური ფესტივალი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, მულტიმედია ჯგუფი 4U მსოფლიოს ხუთი ყველაზე ეკოლოგიური და გამწვანებული ქალაქების ჩამონათვალს გთავაზობთ:

კურიტიბა, ბრაზილია

კურიტიბა

კურიტიბა

„მწვანე“ კურიტიბას ისტორია XX საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. იმ დროს, როდესაც დანარჩენი სამყარო აფართოებდა ავტოსტრადებს, აშენებდა ახალ გზებს და პარკირების ადგილებს, ამ ქალაქის მერმა ჟაიმე ლერნერმა განაცხადა: „კურიტიბა ავტომობილებისთვის არაა!“ განათლებით არქიტექტორმა, მან პირადად მიიღო მონაწილეობა მეგაპოლისის ახალი გენერალური გეგმის შემუშავებაში, რომელშიც ჩადებული იყო ქალაქის განვითარების პრინციპები შემდგომი ათწლეულებისთვის.

აღნიშნული გეგმა ნამდვილად რევოლუციური იყო. მაგალითად, მასში გათვალისწინებული იყო ქალაქის მწვანე ზონების გაფართოება (მათ შორის, ქალაქის ცენტრალურ ნაწილშიც), ნარჩენების მეორადი გადამუშავება, ენერგოეფექტურობა, სურსათის მეწარმეთა და გამყიდველების მხარდაჭერა და, რაც მთავარია, სატრანსპორტო რეფორმა.

შედეგმა არ დააყოვნა. დღესდღეობით კურიტიბა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კეთილმოწყობილ და კომფორტულ ქალაქად ითვლება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამ ქალაქში ყოველდღიურად მგზავრთა 70% სარგებლობს, რაც მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქებს შორის აბსოლუტურ მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს.

კურიტიბას გარდაქმნის უნიკალური გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ამგვარი პროგრამებისთვის საფუძვლად იქცა. ლერნერმა და მისმა მიმდევრებმა უმაღლესი სტანდარტი დანერგეს, რომლის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ვანკუვერი, კანადა

ვანკუვერი

ვანკუვერი

ბრაზილიის ქალაქ კურიტიბას ყველაზე ახლოს კანადური ვანკუვერი მიუახლოვდა. ბოლო ათი წლის მანძილზე ეს ქალაქი ოთხჯერ იყო აღიარებული „დედამიწის საუკეთესო ქალაქად“, რაც საქალაქო სამსახურების და ადგილობრივი ბიზნესის მრავალწლიანი შეუპოვარი მუშაობის შედეგია.

კანადის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ვანკუვერს უნიკალური ბუნებრივი პარამეტრები გააჩნია, რომლებიც ქარისა და მზის, ასევე ზღვის მოქცევის და უკუქცევის ენერგიის მაქსილამური გამოყენების საშუალებას იძლევა. ქალაქის გარშემო არსებულ ყველა დიდ და პატარა მდინარეზე სხვადასხვა ზომის ასობით ჰიდროელექტროსადგურია აშენებული. შედეგად, ელექტროენერგიის 90% ვანკუვერში განახლებადი წყაროებიდან მოდის.

ვანკუვერის ხელისუფლება ყველაანაირად ჭერს მხარს ელექტროტრანსპორტს, მათ შორის, საზოგადოებრივსაც. ველობილიკების საერთო სიგრძე ქალაქში ათას კილომეტრს უახლოვდება. პერსონალური ავტომობილით გადაადგილება ცუდ ტონად მიიჩნევა, ველოსიპედით გადაადგილება კი წახალისებულია.

ვანკუვერი ცნობილია საკუთარი მწვანე ნარგავებით. ქალაქში ორასზე მეტი პარკი და სკვერია, კეთილმოწყობილი სანაპიროს სიგრძე კი 30 კილომეტრს შეადგენს.

რეიკიავიკი, ისლანდია

რეიკიავიკი

რეიკიავიკი

პარადოქსალურია, მაგრამ ისლანდია ბევრად უფრო მწვანე კუნძულია, ვიდრე გრენლანდია, და პირიქით, გრენლანდია უფრო თოვლიანია ვიდრე ისლანდია.

რეიკიავიკში, ისევე როგორც ისლანდიის ბევრ სხვა ადგილას, უამრავი ცხელი წყარო არსებობს. ეს ბუნებრივი ენერგია გამოიყენება იმისთვის, რომ გამოიმუშაონ ელექტროენერგია, გააცხელონ წყალი, გაათბონ სახლები და, წარმოიდგინეთ, ტროტუარებიც კი.

ამასთან, რეიკიავიკის მაცხოვრებლები არ არიან მზად იმისთვის, რომ შემოიფარგლონ მხოლოდ იმ სიკეთეებით, რომლებითაც ბუნებამ უხვად დააჯილდოვა. ქალაქის მთავრობა და კერძო სტრუქტურები ყოველწლიურად ახორციელებენ მილიონობით დოლარის ინვესტიციებს იმ კვლევებში, რომლებიც რესურსების ეფექტურ გამოყენებათან არის დაკავშირებული, ასევე ახალი ინტელექტუალური ტექნოლოგიების დანერგვაში.

რეიკიავიკში განხორციელებული კიდევ ერთი შთამბეჭდავი პროექტი უკავშირდება მცდელობას შექმნან შუა ქალაქში 5 კვადრატული კილომეტრის ფართობის ზონა, სადაც ნახშირორჟანგის გამოყოფა ატმოსფეროში ნოლის ტოლი იქნება.

პორტლენდი, აშშ

პორტლენდი

პორტლენდი

ამერიკის შეერთებული შტატები ეკოლოგიისადმი მზრუნველობითი მოპყრობით არასდროს გამოირჩეოდნენ. მათ არც კიოტოს პროტოკოლისთვის მოუწერიათ ხელი, რომელიც ზღუდავს მავნე ნივთიერებებით ატმოსფეროს დაბინძურებას, მაგრამ არის ამ ქვეყანაში ისეთი ქალაქები და რეგიონები, სადაც მიიჩნევენ, რომ ეკოლოგიური უსაფრთხოება ეკონომიკაზე უფრო პრიორიტეტულია. ერთ-ერთ ასეთ ქალაქს პორტლენდი წარმოადგენს.

პორტლენდს „ვარდების ქალაქს“ უწოდებენ. სწორედ ამ ყვავილით დაიწყო ამ ქალაქის მაცხოვრებლების სიყვარული სიმწვანისა და სილამაზის მიმართ. დღესდღეობით პორტლენდი ამერიკის ყველაზე სუფთა და ეკოლოგიურ დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს.

პორტლენდში წარმატებით ფუნქციონირებს მსუბუქი მეტროსა და ჩქაროსნული ავტობუსების სისტემა. ველობილიკების ქსელს ყოველწლიურად ათობით კილომეტრი ემატება. ქალაქის მთავრობამ ნახშირორჟანგის ჰაერში გამოყოფის დაბინძურების მკაცრი ნორმები დაადგინა. გადასახადი მნიშვნელოვნად შეუმცირეს კომპანიებს, რომლებიც ენერგოეფექტურ ნაგებობეს აშენებენ.

მწვანე ზონების ფართობი პორტლენდში 350 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, რაც ქალაქის მთლიანი ფართობის ნახევარზე მეტს შეადგენს.

ამსტერდამი, ნიდერლანდები

ამსტერდამი

ამსტერდამი

2009 წელს ამსტერდამის მთავრობამ წამოიწყო განსაკუთრებული პროექტი სახელწოდებით „ჭკვიანი ქალაქი“. პროექტის მთავარი მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ შემცირდეს ნახშირორჟანგის გამოყოფა ატმოსფეროში და შენარჩუნდეს ენერგია. ამ მიზნის მისაღწევად წახალისებუილი იყო ნარჩენების გადამუშავება, მზის ბატარეების დაყენება, ელექტრომობილების გამოყენება და ველოსიპედებით გადაადგილება. ქალაქის მაცხოვრებელთა უმრავლესობა მზის ბატარეებისა და ქარის გენერატორების ენერგიას იყენებს.

მულტიმედია ჯგუფი 4U გეპატიჟებათ ხეების დარგვის ყოველწლიურ ფესტივალზე, რომელიც 10 ივნისს გაიმართება. გამწვანების აქცია 10:00- საათზე, გლდანში (გლდანის პატარა ტბა) დაიწყება. ერთად ვიზრუნოთ გარემოზე!

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: