მულტიმედია ჯგუფ FOR YOU-ში შემავალი რადიოსადგურები JAKO FM, LIFE FM და „შოკოლადი“ უერთდებიან მსოფლიო სოლიდარობის აქციას - შენ მარტო არ ხარ, რომელიც Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, ნიდერლანდების საზოგადოებრივმა რადიომ (3FM) წამოიწყო. მსოფლიო სოლიდარობის, გამხნევების აქციის ფარგლებში, 20 მარტს, 11:45 საათზე FOR YOU მულტიმედია ჯგუფის სამივე რადიოს ეთერით გაჟღერდება ჯგუფ „Gerry and the Pacemakers“-ის კომპოზიცია You’ll Never Walk Alone.

20 მარტს ნიდერლანდებში ყველა საზოგადოებრივი თუ კომერციული რადიო ერთი იდეის ქვეშ გაერთიანდება. ამ ინიციატივას ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წევრი რადიოებიც უერთდებიან და ევროპის ყველა რადიოსადგური ეთერში ადგილობრივი დროით ზუსტად 08:45 საათზე ამ სიმღერას გაუშვებს.

სიმღერის გაშვების შემდეგ ნიდერლანდების საზოგადოებრივი რადიოს ინიციატივით, გადაიღებენ ვიდეორგოლს, სადაც ნაჩვენები იქნება, როგორ უსმენს და მღერის ამ სიმღერას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მსმენელი.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: