მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება ბულინგი, ძალადობა ბავშვებში და ის საფრთხეები რომლის წინაშეც საზოგადოება ყოველდღიურად დგას. ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ გადაცემაში ,,თქვენი მოსაზრება“ ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ისაუბრა.

ქალბატონო ნათია, დღეს გვიწვევს იმ პრობლემაზე საუბარი, რომელიც ჩვენს რეალურ ცხოვრებაში არსებობს, ბოლო პერიოდში გახშირდა მოზარდებს შორის დაპირიპირება და არაერთი შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა. რა ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა მინიმუმადე დავიყვანოთ ძალადობის საფრთხე მოზარდებში?

ნათია ფანჯიკიძე: მოზარდებს შორის ძალადობა ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. თუმცა ბრძოლა უნდა იყოს ყველგან, ყველა ქვეყანა უნდა ებრძოდეს ამას და რა თქმა უნდა ჩვენც. მინიმუმამდე დასაყვანად, უპირველესად ძალიან კარგი იქნებოდა, ქვეყნაში რომ იყოს მკაფიო ღირებულებები. მკაფიო ღირებულებებში ვგულისხმობ იმას, რომ თუ არ არსებობს პირადი მაგალითი და გამოცდილება, ვერც ერთ მოზარდს ვერ დაარწმუნებ რომ აგრესიული ქცევა ერთმნიშვნელოვნად ცუდია. ხშირ ხედავენ, რომ ერთმანეთის გამეტებით და გადათელვით ვიღაცას შეუძლია დაიკავოს რაღაც ადგილი და სულაც არ იყოს ის საზოგადოებისგან ადეკვატურად შეფასებული. გამომდინარე აქედან, ევოლუციურად აგრესია ჩვენი თანდაყოლილი თვისებაა, იმიტომ რომ აგრესიაც გვჭირდებოდა გადასარჩენად, მაგრამ ცივილიზებულ ეპოქაში ვცდილობთ რომ მოვიშოროთ ეს და უფრო მეტად დავემსგავსოთ ადამიანებს, რადგან ხელჩართული სისხლიანი გარჩევები ნამდვილად არ არის აუცილებლობა თუ ჩვენ არ ვაქცევთ მას აუცილებლობად.

მაშინ როდესაც ბავშვი ზედმეტად მიჯაჭვულია ინტერნეტს ის რაღაცისგან გაღწევას ცდილობს, რაღაცას თავს აფარებს და ვერ ადაპტირდება.

ძალიან ძნელია ბავშვებს გავაგებინოთ რამე, მაშინ როდესაც მხოლოდ საქართველოში შეიძლება ნახოთ რომ ადამიანი ერთი დღე გამოდის ინტელიგენტის როლში და ისწრაფვის პროფესორი ერქვას სახელად, ხოლო მეორე დღეს ჩვეულებრივი ქუჩის ხულიგანია. ეკლექტურობაა ჩაცმაშიც, თან თანამდებობისკენ მიილტვიან და თან სულაც არ უნდათ ეს ფორმალობა აქციონ ნიშან-თვისებად, არსად სხვა ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. ეს აბსოლუტური აღრევა, რომ ჩვენ ყველაფერი ერთად ვართ და თან სინამდვილეში არაფერი ვართ, რა თქმა უნდა იწვევს მოზარდში დაბნეულობას, რომელიც ფორმირების პროცესშია და რომლისთვისაც ძნელი ხდება გამოარჩიოს იდეალები და რეალური ფასეულობები - რა არის კარგი და რა ცუდი. პირველ რიგში ჩვენ უფროსებმა უნდა გავწვრთნათ ჩვენი თავი.

ერთ-ერთ პრობლემად რჩება დღეს სასკოლო ბულინგი.

ნათია ფანჯიკიძე: პირველ რიგში მშობელმა უნდა მოითხოვოს სიფხიზლე მასწავლებლისგან. მე მახსენდება ჩემი სკოლაში სწავლის პერიოდი, როდესაც მასწავლებლები ბევრად უფრო ფხიზლები იყვნენ, მაგრამ დღეს როდესაც მათ არ აქვთ შესაბამისი ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან მცდარია ზედმეტად მათი დადანაშაულება. ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელი გრძნობდეს სკოლაში ხომ არ იჩაგრება რომელიმე მოსწავლე, აკონტროლებდეს სკოლის ტერიტორიას დირექცია. რადგან მშობლისთვის ამის შემჩნევა ძალიან რთულია.

ხშირ შემთხვევაში ბავშვები ასეთ დროს საკუთარ თავში იკეტებიან და მშობლებთან კომუნიკაციას გაურბიან. რა უნდა გააკეთოს მშობლემა მაშინ თუ ბავშვი სკოლაში პრობლემის წინაშე დგას?

ყველა პრობლემა მაინც მშობლისგან მოდის, რამდენად წახალისებულია მისი შვილი მაშინ როდესაც ის სხვას ერევა და რატომ გვაქვს მორევის დაუოკებელი სურვილი.

ნათია ფანჯიკიძე: უფრო მეტი ხელმისაწვდომობა იმისათვის, რომ მოზარდებს დაუსახოთ მეტი ინტერესი. მათთვის ხელმისაწვდომი იყოს სპორტული აქტივობა, ხელოვნება. სულიერი აღზრდა არ არის მხოლოდ ის რომ მოსწავლემ გაკვეთილები იმეცადინოს, მშობელი უნდა იყოს დაინტერესებული ბავშვის აღზრდის პროცესში, კერძოდ, უნდა წაიყვანოთ შვილი თეატრში, კინოში, სხვადასხვა ადგილებში სადაც მთლიანობაში გაუჩნდება და ჩამოუყალიბდება ფასეულობები. ბულინგი ეს არის საზოგადოების ერთმანეთთან ურთიერთობა და ამას ხელოვნურად ვერ შექმნი. ყველა პრობლემა მაინც მშობლისგან მოდის, რამდენად წახალისებულია მისი შვილი მაშინ როდესაც ის სხვას ერევა და რატომ გვაქვს მორევის დაუოკებელი სურვილი. თუ გვინდა ბავშვი სწორად გავზარდოთ მან უნდა შეძლოს გამოიმუშაოს სიკეთე, იმიტომ რომ ღირებულებითი აზროვნება 14 წლამდე ბავშვს არ აქვს და ზეპირად შეგვიძლია ვასწავლოთ მას ეს. ღირებულებითი თვალსაზრისით თანაგრძნობის უნარი სიკეთისა და ბოროტის გარჩევა და სიღრმისეული აღქმა, უყალიბდებათ ძირითადად 14 წლიდან.

არის თუ არა ეს მენტალობის პრობლემა?

ნათია ფანჯიკიძე: არ ვიცი რა არის ჩვენი საერთო მენტალობა ამ წუთას, აჭრილია ყველაფერი. რთულია გამოარჩიო ვინ რა ტრადიციას იცავს. ყველა თვალსაზრისის პირობებში ადამიანები ახერხებენ დაპირისპირებას. არანაირი თანაარსებობის კულტურა ჩვენთან არ არსებობს. მოზარდებს ვერ დავაბრალებთ ვერაფერს, რადგან ყველაფერს ისინი ,,კოპირებენ“ უფროსებისგან.

მოზარდებს ვერ დავაბრალებთ ვერაფერს, რადგან ყველაფერს ისინი ,,კოპირებენ“ უფროსებისგან.

ასევე დიდ პრობლემად რჩება ინტერნეტ-თამაშები, რომელმაც არაერთ მოზარდს დაუნგრია ფსიქიკა.

ნათია ფანჯიკიძე: არაფერი არ შეიძლება ბოლომდე აკრძალო. თუკი ჩვენ წიგნის მეტი გასართობი არ გვქონდა, დღეს უკვე ამ საუკუნეში ვერ გამოსტაცებ იმ ტექნოლოგიას რომელთანაც ისინი დაიბადნენ და არც არის სასურველი. მაგრამ მეორე საკითხი ის არის, რომ მაშინ როდესაც ბავშვი ზედმეტად მიჯაჭვულია ინტერნეტს ის რაღაცისგან გაღწევას ცდილობს, რაღაცას თავს აფარებს და ვერ ადაპტირდება. ამ დროს მშობელმა უნდა დაიწყოს გარემოს თვალიერება, თუ რა ხდება თავისი შვილის გარშემო ისეთი, რის გამოც ბავშვი ცდილობს გაექცეს რეალობას. დამერწმუნებით ალბათ - იქ სადაც გარემო კომფორტულია არავინ გარბის.

იგივე შეიძლება ითქვას უფროსი ასაკის ადამიანებზეც, რომლებიც არანაკლებ დიდ დროს ატარებენ სოციალურ ქსელში.

ნათია ფანჯიკიძე: ეს მოწმობს იმას, რომ ტოქსიურია გარემო. ადამიანებს ურჩევნიათ გაექცნენ რეალობას. ამით ერთგვარად მარტოობის გაქარვებას ახერხებს ადამიანები, მოკლედ აზრის ჩამოყალიბება და დაწერა ისწავლა სოციალური ქსელის მეშვეობით და საშინელ დამანგრეველ აგრესიას უშვებს. ძალიან ბევრი კარგიც ხდება მაგრამ ბევრია პათოლოგია და აგრესია. ვინ რას ეძებს, რისი დანახვა სურს ცხოვრებაში იმას პოულობს. ყოველთვის ჯობს ვიყუროთ ლამაზი ხედვით, თუნდაც იმედგაცრუებული ვრჩებოდეთ.

როგორ დავიცვათ მოზარდები, იმისათვის რომ ბულინგის მსხვერპლი არ გახდნენ?

ძალიან ბევრი ბავშვი სულაც არ დაუჩაგრავს გარე სამყაროს, ოჯახშივეა დაჩაგრული მშობლებისგან

ნათია ფანჯიკიძე: ძალიან ბევრი ბავშვი სულაც არ დაუჩაგრავს გარე სამყაროს, ოჯახშივეა დაჩაგრული მშობლებისგან, რომლებიც თუნდაც ხუმრობით ეუბნებიან, მაგალითად რას გავხარ?! შემდეგ რაც არ უნდა ლამაზი ადამიანი გაიზარდოს და მე ვთვლი რომ ყველა ფორმა იმსახურებს აღტაცებას, რაც არ უნდა არწმუნონ სხვებმა რომ ლამაზია, მას ამის აღარ სჯერა. ძალიან ხშირად ახდენენ ბავშვის ჩაგვრას ოჯახში, ადარებენ სხვას რომ სხვა მასზე უკეთესია. როდესაც ბავშვს თვითშეფასება უდაბლდება ოჯახშივე, ის მარტივად ხდება ბულინგის მსხვერპლი. ბულინგის მსხვერპლი ალბათ ყველა ვყოფილვართ, იმიტომ რომ ცხოვრებაა ისეთი. აქ მთავარია როგორ ხვდება, როგორ უმკლავდება მტრულ გარემოს ბავშვი. როდესაც ბავშვს თავისი თავის სჯერა, ის ახერხებს დამცავი მექანიზმების გამომუშავებას. მაგალითად ერთ-ერთი დამცავი მექანიზმი შესაძლოა იყოს იუმორი, მაგრამ ბავშვი სულ კლოუნად არ უნდა გადაიქცეს იმის გამო რომ იქნებ დაინდონ. ზოგჯერ პირიქით, ბავშვი ძალიან ხათრიანი ხდება და არ შეუძლია სხვა ბავშვებთან ურთიერთბის დამყარება, თუ საჩუქრებით არ წავიდა თანატოლებთან. ესეც თუ ზომიერებას გადასცდა ჩვენ უკვე უნდა ვივარაუდოთ რომ ბავშვს თავისი, საკუთარი ღირებულებების არ სჯერა და იმისთვის რომ ათამაშონ და ეთამაშონ მოსყიდვას აკეთებს. კარგია, რომ მის ტვინს ის პლასტიკური უნარი აქვს მარტივად მოძებნოს გამოსავალი, მაგრამ მშობელი მაინც ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს, რომ ყველაფერი იყოს ზომიერი.

ბავშვი რომელსაც აქვს კარგი უსაფრთხოების სისტემა, ის იოლად პოულობს გამოსავალს, რომ გაუმკალავდეს მტრულ სამყაროს. თუ ბავშვი ღონიერია, მოაგვარებს თავად, თუ არ შესწევს ამ მხრივ გაუმკლავდეს სიტუაციას ის შეეცდება მეტი დიპლომატია და პიროვნული შარმი გამოიმუშაოს. თუ ბავშვი უუნაროა საჭიროა სპეციალისტთან მივიყვანოთ ის.

რამდენად მნიშვნელოვანია სპეციალისტების ჩართულობა, როცა ვხედავთ რომ ბავშვი ხდება აგრესიული, თუმცა სპეციალისტთან და ფსიქოლოგთან არ მოგვყვება.

ნათია ფანჯიკიძე: გააჩნია როგორ შეთავაზებთ ფსიქოლოგთან ვიზიტის, მან არ უნდა ჩათვალოს რომ პრობლემა აქვს. უნდა აუხსნათ, რომ პრობლემის გამო კი არ მიგყავთ ის სპეციალისტთან, არამედ მიგყავთ იქ სადაც სანდო გარემოა, მაშინ არმგონია რომ ის არ წამოვიდეს ფსიქოლოგთან. თუ ბავშვმა აგრესია გამოავლინა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ეგრევე ფსიქოლოგთან უნდა წაიყვანოთ. უნდა შეეცადოთ რომ თვითონ გაიაროს ეს პროცესი, თუ პრობლემა დიდხანს შენარჩუნდა მაშინ საჭიროა ფსიქოლოგთან ვიზიტი, თუმცა ამ პრობლემამ შესაძლოა თვითონვე გაიაროს.

გარემო ვახსენე და მინდა გითხრათ თუ რატომ, მაგალითად როდესაც ბავშვი იზრდება ისეთ გარემოში სადაც ნივთებს აქცევენ ზოგადად ყურადღებას ის აუცილებლად აქცენტს გააკეთებს სხვის ჩაცმულობაზე, არა იმიტომ რომ სხვა ბავშვს ცუდად აცვია, უბრალოდ ოჯახშია ეს თემა მნიშვნელოვანი.

თქვენი მოსაზრებით, საზოგადოება საჭიროებს თუ არა ცნობირების ამაღლებას?

ნათია ფანჯიკიძე: მაჰათმა განდის არაჩვეულებრივი სიტყვებია - თუკი შენ გინდა ცვლილება დაიწყე შენი თავისგან. ნებისმიერ ჩვენგანს გვაქვს შანსი ვიყოთ ისეთები, როგორიც გვინდა დავინახოთ საზოგადოება. ჩვენ თავში უნდა ვიპოვოთ სიკეთე და რაც გვევალება პირნათლად უნდა შევასრულოთ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ცნობიერების შეცვლა თავის დისტანციაზე. საბოლოო ჯამში საზოგადოება აუცილებლად გაჯანსაღდება, მაგრამ საქართველოში ერთი დიდი პრობლემა გვაქვს, ადამიანები ან ერთმანეთის ხათრით ცხოვრობენ, ან ერთმანეთის ჯინაზე, ეს ნიშნავს დაკარგო საკუთარი თავი. თუ ქართველი გაბედავს რომ იყოს თავისი თავი, მე ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგად იქნება!

გადაცემის აუდიო ვერსია

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: