ჩინური სახალხო დღესასწაული, ნერგების ფესტივალი, დღეს თბილისში ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის მიკრორაიონების დამაკავშირებელ გზაზე (112-ის მიმდებარე ტერიტორია) 112 უნიკალური ჯიშის ნერგის დარგვით აღინიშნა.

ფესტივალი საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაჰოლდინ gbtimes Georgia-ს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჩინეთის სავაჭრო პალატისა და 112-ის ორგანიზებითა და თბილისის მერიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

12:00 საათისთვის 112-ის მიმდებარე ტერიტორიასთან მოხალისეებმა სხვადასხვა ორგანიზაციიდან, სამთავრობო პირებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეკრება დაიწყეს. ნერგების დარგვამდე შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით ოფიციალურმა პირებმა მიმართეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ ქართულ მხარეს მსგავსი ღონისძების გამართვისთვის მადლობა გადაუხადა და ფესტივალის ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„დღევანდელი ღონისძიებით ჩვენ ჩინეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავის აღნიშვნას ვიწყებთ. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ღონისძიებების საშუალებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და სხვა სფეროებში კიდევ უფრო განვითარდება და ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. ჩვენ გვსურს, რომ მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩავატაროთ. ჩვენ ძალიან გვიყვარს საქართველო და თბილისი და გვინდა, რომ იგი კიდევ უფრო გალამაზდეს“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა საქართველოში.

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ქალაქის გამწვანებაში მონაწილეობა მიიღო, მადლობა გადაუხადა და ისურვა, რომ სხვა ქვეყნების საელჩოებიც აქტიურად ჩაებნენ მსგავს საქმიანობაში.

„გრძელდება გამწვანების ღონისძიებები. დღევანდელ ღონისძიებაში ჩინეთის საელჩო ჩაერთო. აქ არიან წარმოდგენილები ჩინური კომპანიები, რომლებთან ერთადაც ჩვენ გავამწვანებთ ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უბანს, რითაც ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ერთად შევიტანთ წვლილს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ლეგენდარულმა კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ნერგების დღესასწაულის მნიშნელობა.

„დღეს ჩინეთში დიდი ზეიმია. იქ ხეების დარგვის ტრადიციაა და ამასთან დაკავშირებით, რადგან ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე გვაქვს, მე და რადიო JAKO FM-ის მესვეურები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რათა ეს დღე ისტორიაში დარჩეს“,-თქვა ჯამლეტ ხუხაშვილმა.

რადიო JAKO FM-ის გენერალური დირექტორის, მიხეილ ტარახჩევის განცხადებით, ნერგების დღესასწაული სიკეთის მომტანია.

„ეს ისეთი რაღაცის გაკეთებაა, რაც წლების შემდეგ თვალსაჩინო იქნება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ. ეს ტრადიცია, სიმბოლურად, ჩინეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით დაიწყო და ვგეგმავთ, რომ გავაგრძელოთ და რეგიონებშიც გადავინაცვლოთ“,-აღნიშნა მიხეილ ტარახჩევმა.

112 უნიკალური ჯიშის ნერგის დარგვის შემდეგ რადიო JAKO FM-ის წარმომადგენლება მადლობის სიგელებით დააჯილოეს 112-ის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იანჩი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა, ჩინეთის სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი სტივ იუ, საფეხბურთო გუნდი „გარეჯი“, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, უშუს ფედერაცია, ქართველი სკაუტები და სხვები.

ნერგების დარგვის დღესასწაული 1979 წლიდან ჩინეთში ყოველწლიურად აღინიშნება და მასში მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობას ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებიც იღებენ.