სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურ თემას გაციება და ალერგია წარმოადგენს. რა სიმპტომები აერთიანებთ და რა განმასხვავებელი ნიშნები აქვთ გაციებით და ალერგიით გამოწვეულ პრობლემებს. ამ თემებზე გადაცემაში ,,FM პედიატრი“ ალერგოლოგი ნინო ლომიძე საუბრობდა.

როგორ გავარჩიოთ გაციების და ალერგიის სიმპტომები ერთმანეთისგან?

ნინო ლომიძე: გეთანხმებით ძალიან აქტუალური თემაა, რადგან ამ პერიოდში ასე ვთქვათ მძვინვარებს ვირუსული ინფექციები და ამასთანავე ალერგიული დაავადებები საკმაოდ ხშირია. ალბათ ვისაც ამ პრობლემასთან შეხება ჰქონია კარგად მოეხსენება, რომ გაციებას და ალერგიას მსგავსი სიმპტომები ახასიათებს. მიუხედავად დიდი მსგავსებისა ამ დაავადებებს განმასხვავებელი სიმპტომებიც აქვთ.

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, პირველ რიგში ჩამოვთვალოთ მსგავსი სიმპტომები. ეს სიმპტომებია: ხველა, სურდო, ცხვირიდან გამონადენი. რაც შეეხება განმასხვავებელ ნიშნებს: ვირუსული ინფექცია თუ პროგრესს 1-3 დღემდე განიცდის, ალერგია სწრაფად და ასე ვთქვათ პირველივე კონტაქტისთანავე იწყება, ასევე ახასიათებს განმეორებითი ხასიათი.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ალერგიის გამომწვევი მიზეზები მცირეა, ეს შესაძლებელია უკავშირდებოდეს - მტვერზე ალერგიას, ასევე სოკოზე და შინაურ ცხოველებზე.

თუ არის შესაძლებელი ვიზუალურად გამოიხატოს ალერგიული ნიშნები?

ნინო ლომიძე: თუ ჩვენ ვსაუბრობთ რესპირატორულ ალერგიაზე, ვიზუალურად შესაძლებელია გაჩნდეს გამონადენი ცხვირიდან. თუმცა, არ უნდა აგვერიოს ალერგია ვირუსით გამოწვეულ გამოვლინებაში. მსგავსი შემთხვევებისგან თავი რომ დავიცვათ, აუცილებელია პედიატრთან ვიზიტი და საჭიროების შემთხვევაში ალერგოლოგთან. ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექციის დროს, რომელიც კანის დაზიანების გარეშე მიმდინარეობს, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ალერგიის დროს გამონადენი ცხვირიდან არის წყლისფერი და თან ახლავს ქავილის შეგრძნება, რასაც ვერ ვიტყვით ვირუსულ ინფექციაზე. დღევანდელ დღეს ყველაფერია იმისათვის, რომ მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა, რისი მეშვეობითაც დაიგეგმება სწორი მკურნალობის მეთოდი.

როგორ ხდება დიაგნოსტიკა და რა იწვევს ალერგიას?

ნინო ლომიძე: როდესაც პაციენტი კლინიკაში მიდის, დიაგნოსტიკა შესაძლოა მოხდეს რამდენიმე გზით. პირველ რიგში ეს ხდება კანის სინჯების საშუალებით. სწორი მკურნალობის დასაწყებად რეკომენდებულია ვიზიტზე მოსვლამდე 3-5 დღით ადრე ალერგიის წამალი არ გქონდეთ მიღებული. თუმცა, თუ არის აუცილებელი წამლის მიღება ასეთ დროს ვენიდან ვიღებთ სისხლს, რომელიც ყველანაირ კითხვაზე პასუხს გვაძლევს. ასე რომ, არც ერთ შემთხვევაში არ არსებობს შემაფერხებელი პრობლემა. ასევე არსებობს სუნთქვის ტესტი, რომლის მეშვეობითაც მარტივად ხდება მიზეზის დადგენა.

სტატისტიკურად, რომელია იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც ყველაზე ხშირად ალერგიის გამომწვევად გველინებიან?

ნინო ლომიძე: მსგავსი სტატისტიკა საერთაშორისო ლიტერატურაში აღიარებულია და ცნობილია დიდი რვიანის სახელწოდებით. ამ პროდუქტების სიაა: რძე, კვერცხი, თევზი, ხორბალი, სოიო, არაქისი, თაფლი, თხილი (კაკალი), შოკოლადი.

მინდა ვთქვა, რომ ყველაზე ხშირად ბავშვებში პრობლემებს ქმნის ემულგატორები. კერძოდ, ფერადი შოკოლადები, კანფეტები, ეს დამატებული ქიმიური ნივთიერებები შესაძლებელია კვებითი ალერგიის გამომწვევი მიზეზი იყოს.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

ნინო ლომიძე: მკურნალობის მეთოდი არის ინდივიდუალური. მკურნალობა კონკრეტულ პაციენტზეა მორგებული. ამიტომაც პირველ რიგში, გამოკვლევების საშუალებით ფასდება პრობლემა და შემდეგ ენიშნება შესაბამისი მკურნალობა.

როდესაც ბავშვს რომელიმე პროდუქტზე აქვს ალერგია, სრულიად ამოღებულია რაციონიდან პროდუქტი თუ შესაძლებელია რაღაც დოზით მისი მიღება?

ნინო ლომიძე: გააჩნია პრობლემის სიმძიმეს. კვებითი ალერგიის დადებითი მხარე ის არის, რომ ეს გადაილახება ასაკის ზრდასთან ერთად. სანამ ბავშვი ამას მოერევა, პერიოდულად ვაკეთებთ კონტროლს და ვადგენთ გადალახა თუ არა მან ალერგია.

რეკომენდაციები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ეუბნებით ხოლმე მშობლებს?

ნინო ლომიძე: პირველ რიგში, მე მომხრე ვარ დიაგნოსტიკის, რათა სწორად შეფასდეს მდგომარეობა, შესაბამისად დაიგეგმოს მკურნალობა და მივიღოთ შედეგი.

ალბათ არავინაა დაზღვეული ალერგიისგან. თუ უნდა გვქონდეს სახლში ის პრეპარატები, რომლებსაც პირველადი დახმარების დროს გამოვიყენებთ?

ნინო ლომიძე: პრიორიტეტულია ახალი თაობის ანტიალერგიული პრეპარატები, რომლებიც შეგიძლიათ ურეცეპტოდ შეიძინოთ. ასევე ბავშვები, რომლებიც 3-5 წლის ასაკში, მიდრეკილნი არიან ბრონხოსპაზმისკენ სახლში უნდა იქონიოთ საინგალაციო აპარატი, რადგან მიზანშეწონილია მისი საჭიროებისამებრ გამოყენება.

გადაცემის აუდიო ვერსია

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: