ფილერი - ჰიალურონის მჟავის შემცველი ნივთერება, გააჩნია ადამიანის ორგანიზმთან ბუნებრივი, თავსებადი ფუნქცია. რა შემთხვევაში მიმართავენ ფილერებს, რა ვადაში გაიწოვება იგი და რატომ უნდა თქვათ უარი მუდმივ ფილერზე. გადაცემაში ,,სილამაზე და ჯანმრთელობა“ ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი ნინო ნიშნიანიძე საუბრობდა.

ნინო ნიშნიანიძე: „ფილერი ეს არის ნატურალური ჰიალურონის მჟავის შემცვლელი, შემავსებელი პრეპარატი. მისი საშუალებით ხდება სახის ნებისმიერ უბანზე მოცულობის მიცემა. კერძოდ ეს არის: წარბებს შორის ნაოჭი, თვალის, შუბლის, ნიკაპის, ცხვირ-ტუჩის ნაოჭი. ასევე იყენებენ ოვალის შესაცვლელად და ა.შ.

გარდა იმისა, რომ აქვს შემავსებელი ეფექტი, ამასთანავე ატენიანებს სახის კანს და აუმჯობესებს მის რელიეფს, რადგან გააჩნია სამკურნალო ეფექტი.

დღეს ბაზარზე უამრავი ფილერია წარმოდგენილი, მაგრამ ყველას მინდა ვურჩიო გაიკეთონ მხოლოდ ჰიალურონის შემცველი ფილერი, რადგან ბაზარზე ასევე არის ე.წ სილიკონის შემცველი ფილერები რომლებსაც კანზე გააჩნია საშიში მოქმედება, მისმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სახის გართულება როგორიცაა: დაჩირქება და შემდგომში ქირურგიული ჩარევა ხდება ხოლმე საჭირო.

აუცილებელია, პაციენტი დაინტერესდეს თუ რას იკეთებს და გულდასმით გამოკითხოს ექიმს ფილერის შემადგენობის შესახებ, ასევე უნდა გაარკვიოთ რა ვადაში ხდება მისი გაწოვა. თუ თქვენ ექიმმა გითხრათ, რომ გაწოვის ვადა მინიმუმ 2-3 წელია ე.ი საქმე გაქვთ მუდმივ ფილერთან და არ უნდა გაიკეთოთ, იმისათვის რომ იყოთ ჯანმრთელი და გქონდეთ ბუნებრივი სილამაზე”.