მზის მძლავრი ენერგიისა და სითბოს გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე არ იარსებებდა. უმზეო გარემოში ადამიანი ავადდება, მაგრამ მზის სხივების სიჭარბემაც შეიძლება დაგვაავადოს. განსაკუთრებით საშიშია ულტრაიისფერი სხივები, რომელთა დედამიწის ატმოსფეროში უკონტროლო შემოჭრას ოზონის შრე უშლის ხელს.

ულტრაიისფერი გამოსხივება სამი ტიპის, პირობითად – A, B და C, სხივებისგან შედგება. A ტიპის გამოსხივება აუცილებელია სიცოცხლისთვის და დედამიწამდე შეუფერხებლად აღწევს, B და C კი მავნეა როგორც ადამიანისთვის, ისე სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვისაც. C ტიპის გამოსხივებას, რომელსაც ყველაზე მოკლე ტალღები აქვს, ოზონის შრე მთლიანად შთანთქავს, B ტიპისას კი – იმის მიხედვით, რა მდგომარეობაშია თავად.

ულტრაიისფერი გამოსხივება იმითაა საშიში, რომ ხელს უწყობს კანის დაბერებას და დანაოჭებას. დადგენილია, რომ მათი ჭარბი ზემოქმედება ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს. ულტრაიისფერი სხივები ასევე ვნებს თვალებს, ასუსტებს იმუნიტეტს. მათ მავნე ზემოქმედებას სიძლიერით რენტგენის სხივების ზემოქმედებას ადარებენ.

ოზონის შრე

ოზონი განსაკუთრებულ საფრთხეს უქადის მოხუცებს, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემებით დაავადებულებს, ასთმის, ალერგიისა და იმუნოდეფიციტის მქონე პირებს.

ორგანიზმში მოხვედრილი მიწისპირა ოზონი თავისი რეაქციული თვისებების წყალობით უმალვე ერთვება მეტაბოლიზმში. განსაკუთრებით აზიანებს ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმს, რითაც აფერხებს ბრონქებიდან მავნე ნივთიერებების გამოყოფას, ამან კი სამომავლოდ შესაძლოა სიმსივნემდეც კი მიგვიყვანოს.

ოზონით მოწამვლას ახასიათებს თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სუნთქვის შენელება, ფილტვების შეშუპება, მძიმე შემთხვევებში – სიკვდილიც კი. საინტერესოა, რომ ზოგ ქვეყანაში, სადაც სიკვდილიანობას იკვლევენ, გამონაფრქვევით ჰაერის ძლიერი დაბინძურების დღეებში მისი მაჩვენებელი 2-3%-ით იმატებს.

ულტრაიისფერი პრობლემები

რა გასაკვირია, რომ მზის სხივები ყველაზე მეტად იმ ორგანოს ვნებს, რომელსაც მათთან ყველაზე ხშირი და ახლო კონტაქტი აქვს – კანს.

საზოგადოდ, კანს თავადვე აქვს დაზიანებისგან დამცავი მექანიზმი – მისი ზედაპირული შრე განუწყვეტლივ იშორებს მკვდარ უჯრედებს.

ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, აშშ-ში, კანის კიბო ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი დაავადებაა. ამ ქვეყნებში მისი გავრცელება აღემატება ძუძუს, წინამდებარე ჯირკვლის, ფილტვებისა და სწორი ნაწლავის კიბოს. კანის კიბო ნომერ პირველ ავთვისებიან სიმსივნედ იქცა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშიც. ექსპერტები ამ ტენდენციას სწორედ მზის ზემოქმედებას უკავშირებენ – ულტრაიისფერი გამოსხივება კანის კიბოს ერთ-ერთ რისკფაქტორად მიიჩნევა. უკანასკნელი მონაცემებით, მელანომითა თუ კანის სხვა ავთვისებიანი სიმსივნით ყოველ წელს 66 000 ადამიანი კვდება.

მეციერებმა დაასკვნეს, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად შესაძლოა იმუნური სისტემის ფუნქციაც დაქვეითდეს და კანის ბუნებრივი თავდაცვითი მექანიზმები შესუსტდეს. იმუნიტეტის დაქვეითებამ შესაძლოა ფარული ვირუსული ინფექციების გამოვლენას შეუწყოს ხელი.