პანამაში ვიზიტით მყოფ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგსა და პანამის პრეზიდენტ ხუან კარლოს ვარელას შორის ორშაბათს მოლაპარაკება გაიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო სინხუამ გამოაქვეყნა.

ორივე სახელმწიფოს მეთაურმა მაღალი შეფასება მისცა ორმხრივი ურთიერთობის განვითარების სასიკეთო ტენდენციას და თანამშრომლობის შედეგებს, ასევე მიაღწია ფართო კონსენსუსს ორმხრივი ურთიერთობის განვითარების საკითხებზე.

სი ძინფინგმა აღნიშნა დიპლომატიური აღიარებიდან წლინახევრის თავზე ჩინეთ-პანამის ურთიერთობის დინამიური განვითარება, რასაც ადასტურებს ვიზიტების გაცვლა ქვეყნის ლიდერებს შორის, პოლიტიკური ნდობის მუდმივი გაღრმავება, სწრაფი და ნაყოფიერი თანამშრომლობა „სარტყელისა და გზის“ მშენებლობის ყველა სფეროში. მისი თქმით, ფაქტები მოწმობენ იმას, რომ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი იყო.

„მიუხედავად საერთაშორისო სიტუაციაში მომხდარი ცვლილებებისა, ჩინეთისა და პანამის მეგობრული ურთიერთობის გამყარება და განვითარება ჩინური მხარის უცვლელ კურსად რჩება“,- განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა. მან გამოხატა მზაობა მხარი დაუჭიროს პანამის მთავრობისა და ხალხის ძალისხმევას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და საერთაშორისო გავლენის გასაძლიერებლად.

ჩინური სახელმწიფოს მეთაურმა მაღალი შეფასება მისცა პანამის მხარდაჭერას ისეთ საკითხებში, რომლებიც ჩინეთის მნიშვნელოვან და საკვანძო ინტერესებს ეხება, კერძოდ, ტაივანის საკითხში. სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი იცავს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს, მიესალმება პანამის არხის როლს გლობალურ ეკონომიკაში, პატივს სცემს პანამის სუვერენიტეტს აღნიშნულ არხზე, აღიარებს ამ არხს გრძელვადიან საერთაშორისო ნეიტრალურ გზად და მხარს უჭერს პანამის როლის გაზრდას საერთაშორისო და რეგიონალურ საქმეებში.

სი ძინფინგმა მხარეებს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის და პანამის ეროვნული ლოჯისტიკური სტრატეგიის შეთავსებისკენ, ასევე ფინანსების, ტურიზმის, ლოჯისტიკის, ინფრასტუქტურის, განათლების და მედიცინის დარგებში თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მან მოუწოდა მხარეებს მოახდინონ ტვირთების გადაზიდვის ოპტიმიზაცია, რათა პანამის არხმა დიდი როლი ითამაშოს გლობალურ ვაჭრობაში ჩინეთის აქტიურ მონაწილეობაში. ჩინეთი მზად არის გამართოს პანამასთან მოლაპარაკება თავისუფალ ვაჭრობაზე, მიესალმება პანამაში ჩინური ფინანსური დაწესებულებების ფილიალების გახსნას, ასევე პოზიციების კოორდინაციის ინტენსიფიცირებას და განვითარებადი ქვეყნების საერთო ინტერესების დაცვას აპირებს.

ხუან კარლოს ვარელა მიესალმა სი ძინფინგის ისტორიულ ვიზიტს პანამაში და გამოთქვა რწმენა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ხალხის შემდგომ მეგობრობას. ვარელამ კმაყოფილება გამოთქვა იმ მნიშვნელოვანი ძვრებით, რომლებიც დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შემდეგ დაფიქსირდა. „პანამა მადლიერებას გამოხატავს ჩინეთის მიმართ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის, რჩება "ერთი ჩინეთის პოლიტიკის" ერთგულად, მხარს უჭერს „სარტყელისა და გზის“ ერთობლივ მშენებლობას, მიესალმება ჩინურ ინვესტიციებს და იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩინურ მხარესთან მოაწერს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“,- აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ ჩინეთ-პანამის თანამშრომლობა არამარტო ორი ქვეყნის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც სასარგებლო იქნება და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების საქმეში საკუთარ წვლილს შეიტანს.

ორივე ქვეყნის ლიდერი მთელი რიგი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო და მედიის წარმომადგენლებთან ერთობლივი შეხვედრა გამართა.