„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანის დელეგაცია მიიღო. დელეგაციას სიანის „ჩანპას“ ეკოლოგიური ზონის მმართველი კომიტეტის დირექტორი მენ სუენი ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ ინფორმაციას საკუთარ ვებ-გვერდზე „საპარტნიორო ფონდი“ ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა სიანის თავისუფალ სავაჭრო ზონაში არსებული საგამოფენო სივრცის შესახებ ისაუბრეს და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტში ჩართული ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, ამ ზონის გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს. ჩინური მხარის განცხადებით, მათი მიზანი ამ ქვეყნებიდან ექსპორტის ხელშეწყობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაა. აღსანიშნავია, რომ სიანის თავისუფალი სავაჭრო ზონა ერთ-ერთია ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიერ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში დაანონსებულ 13 სპეციალურ ზონათაგან, რომლის განვითარებას ჩინეთის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა სიანის დელეგაციასთან „ჩანპას“ ეკოლოგიურ ზონაში ქართული პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობების შესახებ იმსჯელა.