როგორც წესი, პირველი კბილის ამოსვლა 6-8 თვის ასაკში იწყება. პირის ღრუს ჰიგიენა ადრეული ასაკიდანაა საჭირო, სწორედ მასზეა დამოკიდებული ბავშვის ჯანმრთელობა.

ჰიგიენის დაუცველობით, ბავშვთა მოუვლელ პირის ღრუში კბილის კარიესი, ლორწოვანი გარსის ანთება და სხვა დაავადებები ისეთივე სიხშირით ვითარდება, როგორც მოზრდილებში.

კარიესი ადრეულ ასაკში

ადრეული ასაკის კარიესი ყველაზე გავრცელებულია 1-3 წლის ასაკის პატარებში. ყველაზე ხშირად, ამ დაავადების განვითარების მიზეზი ტკბილეულის გადაჭარბებულ მოხმარებას, ღამით შაქრის შემცველი სასმელების დალევას (წვენები, კომპოტები, ტკბილი კეფირი და ა.შ.) და პირის ღრუს ჰიგიენის ნაკლებობას უკავშირდება.

ბავშვი. პირის ღრუს ჰიგიენა ჩვილებში

.

პროცესი, პირველ რიგში, 4 წინა კბილზე იწყება. კარიესი აზიანებს ემალს, რადგან ამ ასაკში ის ჯერ კიდევ მყიფე და დაუცველია. კარიესის პროცესი სწრაფად პროგრესირებს, რაც იწვევს კბილის გაფუჭებას და მისი ადრეული ამოღების საჭიროებას.

ხშირად, ბავშვები, რომლებსაც მოუვლელი პირის ღრუ აქვთ, უხალისოდ არიან, მარტივად ღიზიანდებიან, უქვეითდებათ მადა, უშუპდებათ და სტკივათ ყბისქვეშა ჯირკვლები. ასეთი ბავშვი ხშირად ავადმყოფობს და უხასიათოა. საჭიროა პედიატრთან ვიზიტი, რათა დროულად დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

უკვე მოზრდილ ასაკში, თუნდაც არაფერს უჩიოდეს ბავშვი, სტომატოლოგს მაინც უნდა აჩვენოთ. კბილებზე შემჩნეული მცირე ღრუ და ლაქაც კი საჭიროებს ექიმის კონსულტაციას.

რეკომენდაციები პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებით

ბავშვი კბილის ჯაგრისის ხმარებას ადრეული ასაკიდანვე უნდა შეაჩვიო. პირველ ხანებში, მანამ, სანამ ბავშვი დამოუკიდებლად მიეჩვევა კბილების მოვლას, მას დედამ უნდა მიხედოს.

ბავშვის ჯაგრისი უნდა იყოს პატარა ზომის და რბილი. შესაბამისად, კბილის პასტაც საბავშვო უნდა იყოს.

ბავშვი. პირის ღრუს ჰიგიენა ჩვილებში

.

4 წლის ასაკიდან პატარა დამოუკიდებლად უნდა შეაჩვიო ჯაგრისის გამოყენებას.

სასურველია გამოიყენო სხვადასხვა არომატის მქონე კბილის პასტა, რათა მარტივად შეეგუოს ბავშვი პირის ღრუს ჰიგიენას.

მცირე ანთებითი პროცესის შემჩნევისთანავე, პატარას პირველადი დახმარება სახლის პირობებში შეგიძლია გაუწიო. ნებისმიერი ანთებითი პროცესის დროს სასურველია გვირილის, პიტნის, მუხის ქერქის ნახარში გამოავლო პირში და ქაცვის ზეთი წაუსვა მტკივნეულ ადგილებში.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია შეძლებისდაგვარად შეამცირო ტკბილეული და გაზიანი სასმელები ბავშვის რაციონში. არ დაგავიწყდეს ისიც, რომ ბავშვმა კბილები ყოველდღიურად უნდა გაიხეხოს.

პირის ღრუს ჰიგიენა ზოგად ჯანმრთელობაზე უდიდეს გავლენას ახდენს. სწორედ მასზეა დამოკიდებული საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულად მუშაობა და ა.შ.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: