სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკება გაიმართა. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინმა შეხვედრის დროს შესთავაზა აქტიურად განავითარონ ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ვაჭრობისა და ინვესტიციების ჩათვლით, ასევე, მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში მტკიცე წინააღმდეგობა გაუწიონ ცალმხრივი ქმედებების პოლიტიკას და პროტექციონიზმს, ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე.

„ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ურთიერთობისთვის ისტორიული გადამწყვეტი მომენტი დადგა. ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების და გაღრმავების კუთხით რამდენიმე წინადადების წამოყენება მსურს“,- აღნიშნა მოლაპარაკების მსვლელობისას ჩინეთის ლიდერმა.

მისი განცხადებით, ჩინეთმა და სამხრეთ აფრიკამ „უნდა გაამყარონ კონტაქტები მაღალ დონეზე, გააღრმავონ პოლიტიკური ნდობა, მხარი დაუჭირონ ეროვნული ინტერესების შესაბამისად დამოუკიდებლად არჩეულ ერთმანეთის განვითარების გზებს, გაგებით მოეკიდონ ერთმანეთის სასიცოცხლო ინტერესებს, შეინარჩუნონ კავშირები მთავრობებსა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის, გააღრმავონ ორი სახელმწიფოს პარტიების ურთიერთობა“.

„მხარეებმა უნდა გაამყარონ თანამშრომლობა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის და “ჩინეთ-აფრიკის“ ფორუმის ფარგლებში, გააღრმავონ კონტაქტები და თანამშრომლობა ახალი ეკონომიკის და პერსპექტიული დარგების სფეროში, ერთობლივად გამოიყენონ განვითარების შესაძლებლობები“,- აღნიშნა სი ძინფინმა.

ჩინეთის პრეზიდენტმა მოუწოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში (G20, BRICS, გაერო), ერთობლივად გაუწიონ წინააღმდეგობა პროტექციონიზმს და ხელი შეუწყონ მსოფლიოს სამართლიანი მოწყობის განვითარებას.