საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან გამოფენაში China International Import Expo მიიღონ მონაწილეობა, რომელიც ჩინეთში, ქალაქ შანხაიში, გაიმართება.

დღეს შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა სააგენტოს დირექტორსა, მიხეილ ხიდურელს და ჩინეთის კომერციის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის ფარგლებში და აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, კომერციის სამინისტრომ გამოხატა მზაობა ქვეყნის საინვესტიციო ფორუმის ორგანიზებაში დახმარების კუთხით. ამასთანავე, საქართველოს გამოუყვეს ქვეყნის პავილიონი ჩინეთის მთავარი პავილიონის გვერდით.

ჩინეთის მთავრობის მასპინძლობით ჩატარებული ღონისძიება, რომელიც 5-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, მიზნად ისახავს ახალი ბიზნეს მოლაპარაკებების დაწყებას მონაწილე ქვეყნებს შორის, თანამშრომლობის გაძლიერებასა და კონტაქტების დამყარებას. მის ორგანიზებაში ჩაერთვება 100-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენელი. საერთაშორისო ღონისძიება, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 150 000-მდე სხვადასხვა ბიზნეს წრეების წარმომადგენელი დაესწრება, უპრეცედენტო შესაძლებლობას აძლევს ქართულ კომპანიებს, მოახდინონ საკუთარი საქონლისა და მომსახურების ექსპორტი ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში.

გამოფენაზე, სექტორების შესაბამისად წარმოდგენილი იქნება ექსპორტზე ორიენტირებული 60 სხვადასხვა ქართული კომპანია. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქვეყნის პავილიონი, სადაც ღონისძიების მონაწილეები საქართველოს ბიზნეს კლიმატს, ასევე საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობებს გაეცნობიან.