ბავშვების უმრავლესობა დამოუკიდებლად სიარულს 12-15 თვის ასაკში იწყებს, ზოგი კი 9 თვის ასაკში სწავლობს სიარულს. საკმაოდ ბევრი ბავშვია ისეთი, ვინც სიარულს 18 თვის ასაკში ან უფრო გვიან იწყებს, თუმცა არა იმიტომ რომ მათ რაიმე ფიზიკური ნაკლი აქვთ. როცა ბავშვი სიარულს იწყებს, უამრავი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს და ეს ყოველთვის სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული.
მშობლების უმრავლესობა განიცდის და ცდილობს თავად ჩაერიოს ამ პროცესში. არ არის აუცილებელი ბავშვს სიარული თქვენ თვითონ ასწავლოთ. როცა ბავშვი ამისთვის მზად იქნება, მას ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს.
ავნებს თუ არა პატარას სიარულის ადრე დაწყება?
ცნობილია, რომ ბავშვის ტანის აგებულება ნებისმიერ დატვირთვას უძლებს. მხოლოდ იმ პირობით, რომ ის დამოუკიდებლად გადადის განვითარების ერთი ეტაპიდან მეორეზე. ახალ ფეხადგმულ პატარას ზოგჯერ ფეხები ებრიცება, სწორედ ეს არის მთავარი საფიქრალი და სანერვიული მშობლებისათვის, რაც არასწორია.
პირველ ორ წელიწადს, პატარას ტერფებს რომ შეხედავთ გგონიათ რომ მას ბრტყელტერფიანობა აქვს, თუმცა ეს ასე არ არის. ასე იმიტომ ხდება რომ მისი ტერფი საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული, ფეხებიც საკმაოდ მსუქანი აქვს. როდესაც ის დგომასა და სიარულს სწავლობს, კუნთებს ავარჯიშებს, რაც ფეხების განვითარებას ცხადია ეხმარება.
რატომ ებრიცება პატარას ფეხები და რა ახდენს გავლენას ფეხების ფორმაზე?
ფეხების ფორმა რამდენიმე ფაქტორს ეყდრნობა. მათ შორისაა მემკვიდრეობა და D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული ძვლების სირბილე. ზოგ პატარას ურაქიტოდაც ებრიცება ფეხები, განსაკუთრებით, თუ ის მსუქანი, აქტიური, და ღონიერია. მაგრამ თუ ბავშვს მიდრეკილება აქვს ფეხების მობრეცისკენ და ამას რაქითიც ემატება, ფეხების მობრეცა განსაკუთრებით სწრაფად და ძლიერად ვითარდება.
მეორე ფაქტორი, რაც ფეხების ფორმაზე გავლენას ახდენს, არის მათი ჩვეული მდგომარეობა. მაგალითად, ზოგჯერ ფეხები კოჭიდან ზევით, შიგნითკენ იბრიცება, ამიტომ, ბავშვი მუდამ ფეხმორთხმული ზის. ზოგჯერ ტერფები შიგნით იმიტომ იბრიცება რომ მუცელზე დაწოლილი ბავშვი ფეხებს მუდამ შიგნით აბრუნებს. ზოგი ბავშვი არასწორად დადის მას შემდეგ რაც ,,ჭოჭინაში“ ჩასვეს, რადგან ,,ჭოჭინის“ ადგილიდან დასაძვრელად ფეხისგულებს იშველიებს, რაც მისი ფეხის ფორმაზე გავლენას ახდენს.
დაკვირვებულ პედიატრს ბავშვის ფეხების განვითარება ყურადღების მიღმა არ დარჩება, მას შემდეგ რაც პატარა დგომას ისწავლის. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სიცოცხლის მეორე წელსაც, ისე როგორც პირველ წელს, ხშირად იაროთ პედიატრთან, რადგან ის დაკვირვების შედეგად მიხვდება, თუ რა სჭირდება პატარას, ეს შესაძლოა იყოს ზღვის მარილის აბაზანები, სპეციალური მასაჟი, ორთოპედიული ფეხსაცმლის გამოყენება თუ ა.შ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: