ზოგჯერ საკვები ორგანიზმისთვის მიუღებელი ხდება, იწყება მთელი რიგი პრობლემები, რომელიც მნიშვნელოვნად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ცხოვრების ხარისხზე, განწყობაზე და ა.შ.

რატომ ხდება ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმისთვის კონკრეტული საკვები მიუღებელი, რა იწვევს მას და რა ტიპის მკურნალობაა ასეთ დროს საჭირო?

რძე, კვერცხი, თხილეული, კენკროვანი ხილი, ცხიმიანი ხორცი და ა.შ, ჩამოთვლილი პროდუქტების აუტანლობა ფერმენტოპათიით ან ალერგიით არის გამოწვეული.
ფერმენტოპათია ორგანიზმში, კერძოდ კუჭ-ნაწლავში, რომელიმე ფერმენტის სისუსტით ან სრული არარსებობითაა გამოწვეული. დეფექტი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ხასიათის, ზოგჯერ კი შეძენილი. ფერმენტის დეფექტის გამო არ ხდება რომელიმე შაქრის, ცილოვანი ნივთიერების მონელება, ეს ნივთიერება იხრწნება, აღიზიანებს კუჭ-ნაწლავს და ჩნდება ავადმყოფური მოვლენები, რომელიც შეწოვის დაქვეითებით ან ფაღარათით ვლინდება.
ფერმენტოპათიის რამდენიმე კონკრეტული მაგალითია:

ფერმენტ ლაქტაზას უკმარისობა - როდესაც ადამიანი ფერმენტული დეფექტის გამო ვერ ამუშავებს რძის შაქარს- ლაქტოზას, ამიტომ მის ნაწლავებში იწყება რძის შაქრის ბაქტერიული დუღილი. ეს კი იწვევს მუცლის შებერვას და ფაღარათს. რძის მჟავე პროდუქტებში ლაქტოზა დაშლილია, ამიტომაა რომ ადამიანი უმტკივნეულოდ იტანს მაწონს, კეფირს, არაჟანს ეს დეფექტი კი თავს იჩენს მოზრდილებში და ასაკთან ერთად ღრმავდება.

ფრუქტოზას უკმარისობა - ასეთ დროს ორგანიზმს აკლია ფერმენტი ფრუქტაზა და ამიტომ მის ნაწლავებში დარღვეულია ხილის და შაქრის მონელება. ასეთი ადამიანი ვერ იტანს ხილს და შაქრის- ფრუქტოზას მონელებას.
ალერგია
საკვებ პროდუქტთა მიუღებლობის მეორე სახეა ალერგია. ამ შემთხვევაში გამომუშავდება ორგანიზმის უარყოფითი განწყობა ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ. უვნებელი პროდუქტიც კი შესაძლოა ერთ დღეს მიუღებელი აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის, რაც მთელ რიგ სიმპტომებთანაა დაკავშირებული. ეს შესაძლოა იყოს: მუცლის შებერვა, გულის რევა, პირღებინება, ფაღარათი. ზოგთან ჩნდება სხვადასხვა სახის გამონაყარი, სივდება ტუჩი, ცხვირი, სახე და თითები, არის შემთხვევები როდესაც საკვები იწვევს ბრონქული ასთმის შეტევებს.
ალერგიის გამომწვევი პროდუქტებია:
მარწყვი, კვერცხი, შოკოლადი, ყავა, ხორცი (უმეტესად ღორის), თევზი, კაკალი, წიწაკა.
სასმელებიდან- წითელი ღვინო და ა.შ.
ერთი და იგივე ადამიანს შესაძლოა გამოუმუშავდეს ალერგიული განწყობა რამდენიმე სხვადასხვა პროდუქტის მიმართაც.
არ დატოვოთ ალერგია უყურადღებოდ! მისი დროული მკურნალობა ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.