„ის, რაც მე მიყვარს, მიყვარს მხოლოდ მარტოობაში.“ - ეს სიტყვები XIX საუკუნის ამერიკელ მწერალსა და პოეტს, ყველაზე საშიში და მისტიკური მოთხრობების ავტორს, დეტექტიური ჟანრის ფუძმედებელს, ედგარ ალან პოს, ეკუთვნის.

ყველა მისტიკურ მწერლობაში ღვთაებრივი აღწერის ან დახასიათების მცდელობებია ჩამოთვლილი. მისტიური ჟანრის მწერალი ქმნის ერთიანობას, რომელიც არის ან წყარო, ან ყველას საერთო რეალობა.

ისე, როგორც ნებისმიერი მისტიური ისტორიის წაკითხვის ან მოსმენის შემთხვვაში, ედგარ პოს შემოქმდებაშიც არსებობს ერთი უცნაური დამთხვევის ფაქტი: ამბავი, თუ როგორ განმეორდა მოთხრობის პერსონაჟების ბედი წლების შემდეგ რეალურ ცხოვრებაში, თუმცა ეს არ არის ერთადერთი საიდუმლო, რომელიც ალან პოს უკავშირდება.

მოკლე ბიოგრაფია

ეს არის ადამიანი, რომლის ცხოვრებაც ისეთივე გამორჩეული და მისტიურია, როგორც მისი შემოქმედება. მის უცნაურ და ტრაგიკულ ბიოგრაფიაში არსებობს უამრავი შეკითხვა, რომელზე დაზუსტებული პასუხიც ჯერ კიდევ არ არსებობს. კიდევ უფრო უცნაური კი ის არის, რომ მისი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ქალი, რომელიც მას უყვარდა, იღუპებოდა.

ედგარ ალან პო მსახიობების ოჯახში დაიბადა. ის 1 წლის იყო, როდესაც მამამ მიატოვა. 2 წლის ასაკში დედა ტუბერკულოზით გარდაეცვალა. ამის შემდეგ პატარა ბიჭი აღსაზრდელად ალანების ოჯახმა აიყვანა. მდიდარი ვაჭარი, ჯონ ალანი, სახლში უცხო ბავშის მოყვანით არც ისე კმაყოფილი იყო, რადგან ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ მეუღლე საკუთარ შვილს გაუჩენდა. მაგრამ, ფრენსისმა ქმრის დაყოლიება მაინც შეძლო და ბიჭუნა მათი ოჯახის წევრი გახდა. მას ათამამებდნენ, ზრდიდნენ, როგორც არისტოკრატს და კარგი განათლებაც მისცეს. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ტუბერკულოზმა მას საყვარელი დედინაცვალიც წაართვა. ცოლის გარდაცვალების შემდეგ ჯონ ალანი ხელმეორედ დაქორწინდა, ახალი დედინაცვალი კი ბიჭის მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩეოდა. ამიტომ, თავიდან მოშორების მიზნით, ახალგაზრდა ედგარ პო მამინაცვალმა უნივერსიტეტში სასწავლებლად გააგზავნა.

სიმდიდრეში გაზრდილი ედგარ პო იძულებული გახდა იმ ცხოვრების წესს გაჰყოლოდა, რომელსაც ახალგაზრდები იმ დროისთვის მისდევდნენ. პომ სმა და ბანქოს თამაში დაიწყო და საბოლოოდ ვალებში ჩავარდა. ამის გამო, მას პატიმრობაც ემუქრებოდა. როდესაც ამის შესახებ მამინცავალმა გაიგო, მასსა და პოს შორის საშინელი ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ჯონ ალანი მალევე გარდაიცვალა. როგორც გაირკვა, მან შვილობილს თავისი უსაზღვრო სიმდიდრიდან არაფერი დაუტოვა. ამის შემდეგ, ახალგაზრდა არისტოკრატს საკუთარი თავის რჩენა თავად მოუხდა.

მწერლობა

მარტოდ დარჩენილმა ედგარმა წერა დაიწყო. ის თანამშობლობდა იმ დროისთვის ყველაზე ავტორიტეტულ ჟურნალებთან და გაზეთებთან. თუმცა, იმ სამუშაოში რომლის შესრულებაც მას არ სიამოვნებდა, მიზერულ თანხას უხდიდნენ. ამ დროს მისთვის ნამდვილი შვება გახდა დეიდა კლემი, რომელთანაც ის ბოსტონში გადავიდა საცხოვრებლად. აქ მან საკუთარი დეიდაშვილი, 13 წლის ვირჯინია კლემი, გაიცნო. პატარა გოგო მისი მუზა გახდა. პო ფიქრობდა, რომ ვირჯინია მისი მკვდრეთით აღმდგარი დედა ფრენსისი იყო. საბოლოოდ, ედგარმა და ვირჯინიამ იქორწინეს. ახალგაზრდა ოჯახი მოკრძალებულად და ღარიბულად ცხოვრობდა. ცოლ-ქმრის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. ვირჯინიაც, ედგარის დედისა და დედინაცვლის მსგავსად, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

რომანტიკული პოეზია კრიმინალურმა ჟანრმა ჩაანაცვლა. პოეტი მიხვდა რომ სხვანაირად უნდა დაეწერა, მას მძაფრი შეგრძნებები სჭირდებოდა. აქედან იწყება მისი სკანდალური ბიოგრაფია.

ამბობენ, რომ პო საკუთარ გმირებს ძალიან გავდა და ისიც ცდილობდა, არ გაეცრუებინა მკითხველის იმედები და მართლაც მათ დამსგავსებოდა: ედგარ პო საზოგადოებაში თავს სკანდალური და სასმლის მოყვარულ პიროვნებად აჩენდა. იმასაც ამბობენ, რომ მითები, რომლებიც მის გარშემო ტრიალებდა, მისი ფანტაზიის შედეგი იყო, თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც. ბევრს სჯერა, რომ მისტიკური და ამოუხსნელი მოვლენები მართლაც ხდებოდა და მის ნაწარმოებებში აღწერილი სიტუაციები პოს მართლა შემთხვევია.

ედგარ პოს გამოცანები

სიყვარულის დაბრუნების უკანასკნელი მცდელობა ელმირა შელტონის სახელს უკავშირდება. ვერავინ შეძლო მისი ცხოვრების მთავარი საიდუმლოს ამოხსნა: რატომ გადაწყვიტა მან ქორწილის წინა დღეს ელმირას მიტოვება და ბოსტონში გამგზავრება. რატომ იპოვეს ის უცხო ტანსაცმელში და საშინელ მდგომარეობაში. და როგორ გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მწერალი ღარიბების საავადმყოფოში გაურკვეველი დაავადებით. რა იყო ეს ტრაგიკული მისტიფიკაცია რომელიც მსოფლიოს დაუტოვა?

საიდუმლო დღემდე საიდუმლოდ რჩება, მისი გარდაცვალების შემდეგ, ყოველ 19 იანვარს, შავებში შემოსილი ადამიანი პოს საფლავზე დადის, რომელსაც მასთან სამი ალისფერი ვარდი და ნახევარი ბოთლი კონიაკი მიაქვს. მისი თაყვანისცემლები ამ ამბავს მწერლის გამოცანას უწოდებენ.

თავსატეხების მოყვარულთათავის მწერალმა კიდევ ერთი გამოცანა დატოვა. ის ჩვეულებრივი მკითხველისთვის უბრალოდ ნიშანთა უაზრო მწკრივია, შიფრთა ამომცნობებისთვის კი ნამდვილი საგანძური.

1841 წელს ალან პომ ჟურნალ "Graham’s Magazine-ს” ორი კრიპტოგრამა შესთავაზა, რომლის გაშიფვრაც კრიპტოგრაფიული ხელოვნების ფანატიკოსებისთვის წმინდა გრაალის ძიებას დაემსგავსა. ხელოვნების მოყვარულები კი, თვლიდნენ, რომ შიფრს მიღმა იდუმალებით მოცული ანდერძი იმალებოდა. როდესაც ის პომ ჟურნალს გაუგზავნა, მისი ავტორობა ვინმე ტაილერს მიაწერა.

რა იპოვეს კრიპტოგრამებში?

1985 წელს ლუის რენზამ გამოთქვა ვარაუდი, რომ ტაილერი არავინაა, თუ არა თავად პო. ძალიან მალე ერთმა ამერიკელმა ფილოლოგმა, ტერენზ ვოლენმა, ერთ-ერთი კრიპტოგრამის გაშიფვრა მოახერხა, საუბარი გახლდათ უკვდავ სიჭაბუკეზე. ვოლენი ფიქრობდა რომ პო საკუთარ ლექსს გაშიფრავდა, თუმცა ძალიან მალე აღმოაჩინა, რომ ფრაზა ინგლისელი დრამატურგის, ჯოზეფ ედისონის, მიერ დაწერილი პიესის ნაწყვეტი ყოფილა.

ამ პერიოდში მეორე კრიპტოგრამის გაშიფვრამ იელის უნივერსიტეტის სტუდენტი ლიტერატურათმცოდნე შონ როსენჰაიმი გაიტაცა. მან 1998 წელს თავისი უნივერსიტეტის მხარდაჭერით კონკურსი გამოაცხადა, ინტერნეტში საკუთარი ვებ-გვერდი გახსნეს სადაც კონკურსის პირობები იყო მოცემული. დამშიფრავს 2 500 $ პირდებოდნენ, მკვლევრებისთვის მისი შინაარსი მნიშვნელოვანი იყო. საბოლოოდ, ჯილ ბროზამ დეტექტივების მოყვარულებს იმედები გაუცრუა: ამდენხნიანი წვალების შემედეგ ტექსტი გაშიფრა და შედეგით დიდად არავინ მოხიბლულა. ეს იყო პროზაული ტექსტი, მზეში მჯდომი გოგონას შესახებ. მკვლევრები იმედგაცრუებულები დარჩნენ არაფრის მომცემი ტექსტით. თუმცა, თავსატეხი გრძელდება, როზენჰაიმი დარწმუნებულია რომ პო რაღაც თამაშს გვეთამაშება. "ეს ერთი საფეხურია ამ მიზნისკენ, თუმცა როგორც ჩანს, მისი ამოხსნა მომავალ თაობებს მოუწევთ“ - აღნიშნავს ის.