დეპრესია ფსიქიკურ დაავადებებს შორის ნომერ პირველ ადგილზეა. ის ლათინური სიტყვა „deprimo-დან“ მოდის, რაც დათრგუნულს ნიშნავს. დეპრესია გახლავთ საკმაოდ საშიში მდგომარეობა იმ მხრივ, რომ ადამიანი შეიძლება თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს. ვლინდება მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმებით და, ძირითადად, რამდენიმე თავისებურება ახასიათებს:

● პესიმისტური გუნება-განწყობილება;
● სიამოვნების განცდის დაკარგვა;
● აზროვნების შენელება;
● სიტყვების მარაგის შემცირება;
● მოტორული სფეროს შეფერხება (ადამიანს არ აქვს სადმე წასვლის სურვილი და მას მოტორული აქტივობა აღარ ანიჭებს სიამოვნებას).

არსებობს ეგზოგენური და ენდოგენური დეპრესია. ეგზოგენური დეპრესია გარეგანი ზემოქმედებითაა გამოწვეული, რაც მუდმივ სტრეს-ფაქტორებს უკავშირდება. მაგალითად, მშობიარობის შემდეგ ქალების უმეტესობას ემართება დეპრესია, რაც ფიზიოლოგიურსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას უკავშირდება. ენდოგენური დეპრესიის გამომწვევი ზუსტი მიზეზის პოვნა შეუძლებელია. ის ბიოლოგიურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.
შეინიშნება სეზონური დეპრესიაც, რომელიც ზამთრის პერიოდში, მზის სხივების ნაკლებობისას, იჩენს თავს.

მკურნალობა

.

.

დეპრესიის მკურნალობა მედიკამენტოზური ან/და ფსიქოსოციალური თერაპიით ხორციელდება. მსუბუქი დეპრესიის დროს სასურველია ფსიქოთერაპიული დახმარება. საშუალო და მძიმე ფორმებში კომპლექსურად გამოიყენება ფსიქოსოციალური თერაპია მედიკამენტოზურ მკურნალობასთან, კერძოდ, ანტიდეპრესანტებთან ერთად. მედიკამენტოზური მკურნალობა ინიშნება ხანგრძლივი დროით, მინიმუმ ოთხი თვე. შედეგი თავიდანვე არ არის თვალსაჩინო, ორი–ოთხი კვირა მაინც არის საჭირო იმისათვის, რომ ანტიდეპრესანტის მოქმედება გამოვლინდეს. ექიმის გარეშე ამ ჯგუფის პრეპარატების თვითნებურად შეწყვეტა ან დოზის შეცვლა არ შეიძლება. არსებობს ანტიდეპრესანტების ბევრი ჯგუფი, რომლებიც თავის ტვინში ნეირომედიატორების ცვლაზე მოქმედებს და ე.წ. სიამოვნების მომგვრელი ჰორმონების დაგროვებას უზრუნველყოფს. კონკრეტულად სეზონურ დეპრესიას კი, ძირითადად, ფოტოთერაპიით მკურნალობენ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: