გლობალური პანდემიის პირობებში მოტოციკლი ძალიან აქტუალური გახდა. ჩვენი რჩევები გამოადგებათ მათ, ვისაც ტრანსპორტის ამ საშუალების შეძენა აქვს გადაწყვეტილი. მოტოციკლის ან სკუტერის შეძენისთანავე მფლობელმა სათანადო ეკიპირებაზეც უნდა იზრუნოს. ჩაფხუტის გარდა, ამაში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის უამრავი ელემენტი შედის. მოტოეკიპირების შეძენამდე საჭიროა გაეცნოთ მის მახასიათებლებს, რომლებიც მოტოციკლით მოძრაობის სპეციფიკას ასახავს.

მოტოეკიპირების ძირითადი ელემენტებია:

ჩაფხუტი

ეს უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია და მის გარეშე მოტოციკლით გადაადგილება აკრძალულია როგორც მძღოლისთვის, ასევე მისი მგზავრისთვისაც. ჩაფხუტი არ უნდა უჭერდეს თავს, თუმცა მჭიდროდ უნდა იყოს მომდგარი.

ქურთუკი

როგორც წესი, მოტოციკლისტის ქურთუკი იკერება ტყავისგან, რომელიც იცავს სხეულს ქარისა და სინესტისგან. ასეთი ტანსაცმელი მძღოლისთვის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

ფეხსაცმელი

დანიშნულებიდან გამომდინარე, არსებობს ფეხსაცმლის რამდენიმე კატეგორია. გვხვდება სპორტული ვარიანტები, ფეხსაცმელი კროსისთვის და მოგზაურობისთვის. კონკრეტული მიზნისთვის განკუთვნილ ფეხსაცმელს საკუთარი თავისებურებები გააჩნია.

შარვალი

შარვლის დანიშნულება ფეხების მარტივად დაზიანებადი ნაწილის დაცვაა. ძირითადი აქცენტი მუხლებზე მოდის, სადაც გამოყენებულია სპეციალური მასალა დამატებითი გამძლეობისთვის. ამას გარდა, მოტოჯინსები უფრო დიდხანს ინარჩუნებს ფორმას და არ იწელება.

ხელთათმანები

ხელთათმანებს ამზადებენ ტყავისგან და სინთეტიკური მასალისგან. პირველი უზრუნველყოფს მათ გამძლეობას, მეორე კი - მოქნილობას. ისევე, როგორც ფეხსაცმელი, ხელთათმანებს შორის განსხვავებაც კონკრეტული დანიშნულების მიხედვით იცვლება.

ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ასპექტებს:

1. სიმსუბუქე

ეს მახასიათებელი მნიშვნელოვანია მოძრაობის სრული თავისუფლებისთვის. ეკიპირების სიმსუბუქე უზრუნველყოფს მოტოციკლისტის მანევრულობას.

2. მოხერხებულობა

მოტოეკიპირება ტანს კარგად უნდა ადგებოდეს. რაც უფრო მჭიდროდ ზის ეკიპირება სხეულზე, მით უფრო მაღალია დაცულობის ხარისხი გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს.

3. ვენტილაცია

ეკიპირება სხეულს ერთდროულად უნდა იცავდეს როგორც გადახურებისგან, ისე ძლიერი საჰაერო ნაკადებისგან. საჭიროა განიავების უზრუნველყოფა. ბაიკერს არ გააჩნია კონდიციონერი, ამიტომ ეს ტემპერატურის რეგულირების ერთადერთი საშუალებაა.

4. წყალგაუმტარობა

ტანსაცმელი მძღოლს ნებისმიერი უამინდობის დროს უნდა იცავდეს: იქნება ეს ქარი, წვიმა თუ თოვლი.

ეკიპირების ამ საბაზისო შემადგენლების გარდა ბევრი სხვა დეტალიც არსებობს. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ სპეციალურ სათვალეზე, კომბინეზონზე, საწვიმარზე და სხვა ასპექტებზე. ბაზარზე ამჟამად სხვადასხვა ვარიანტების დიდი არჩევანია წარმოდგენილი, ასე რომ ეკიპირება საკუთარი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ აარჩიოთ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: