მთელი ევროპის მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიის გავრცელების ფონზე, რაგბი ევროპამ მის მიერ ორგანიზებული თამაშებისა და ტურნირების გაურკვეველი ვადით გადადების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს.

თავდაპირველად, რაგბი ევროპამ თამაშები და ტურნირები 2020 წლის 15 აპრილამდე შეაჩერა, თუმცა ცხადი ხდება, რომ ამ დროისთვის ევროპული ქვეყნების რაგბის კავშირები, მორაგბეები და ოფიციალური პირები, საერთაშორისო მატჩების უსაფრთხო გარემოში ჩატარებისთვის მზად არ იქნებიან.

რაგბი ევროპა პატივს სცემს ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ინსტრუქციებს. ის ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას და მხოლოდ კომპეტენტური ორგანიზაციების რეკომენდაციით მიიღებს ტურნირების განახლების გადაწყვეტილებას.

„რაგბი ევროპა“-ს პრეზიდენტის, ოქტავიან მორარიუმის განცხადებით, რაგბში ჩართული ყველა ადამიანისა და სპორტსმენის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია და ამიტომ, ყველა ტურნირი განუსაზღვრელი ვადით ჩერდება.

რაგბი ევროპის ეგიდით ყოველწლიურად 20-ზე მეტი ტურნირი და 80-ზე მეტი მატჩი იმართება, მათ შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, 7-კაცასა და 7-ქალას ტურნირები, ასევე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირები.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: