რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი ცხოვრებით? იქნებ გრძნობთ, რომ ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ საკუთარი თავის სრულად რეალიზება? დაფიქრდით ამაზე, როდესაც ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემას დააპირებთ.

1 რა გინდათ სინამდვილეში და რისი მოშორება გსურთ?

ზოგიერთი ჩვენი სურვილი წამიერია, ზოგი კი აუხდენელ ოცნებად რჩება. ჩაიწერეთ ყველა თქვენი სურვილი: არა აქვს მნიშვნელობა, დიადია ის თუ სასაცილო, უჩვეულო თუ სტერეოტიპული, და შეეცადეთ იმაში გარკვევას, რომელი მათგანის რეალიზაცია ღირს.

არსებობს სხვა მეთოდიც. ჩვენ სტერეოტიპების ტყვეობაში ვიმყოფებით და ხშირად ვმოქმედებთ იმიტომ, რომ „ასეა საჭირო“ და არა იმიტომ, რომ ეს ნამდვილად გვინდა. ჩაიწერეთ ყველა „ასეა საჭირო“, რომელსაც ადგილი აქვს თქვენს ცხოვრებაში, და ჩამოყალიბდით, რომელი მათგანი წარმოადგენს თქვენს შინაგან რწმენას და რომელია უბრალოდ თავს მოხვეული.

2 გიშლით თუ არა ხელს ცხოვრებაში თავდაცვითი რეაქცია?

საფრთხისა და რისკის თავიდან არიდება ადამიანის ტვინის დამცავ რეაქციას წარმოადგენს, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ჩვენი ყოფნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური კომფორტის ზონაში. ტვინი ცდილობს უარი გვათქმევინოს, მაგალითად, საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე, და სხვების წარუმეტებელ მცდელობებს გვახსენებს. მომიზეზება სწორედ დამცავ რეაქციას წარმოადგენს. გიშლით თუ არა ის ცხოვრებაში, თუ თქვენი კომფორტის ზონა სავსებით გაკმაყოფილებთ?

3 რისგან იმუხტებით ენერგიით?

არ არის აუცილებელი, რომ ენერგია ფიზიკური ფორმით იყოს გამოხატული. თქვენ შეიძლება მთის მწვერვალზე ასვლამ ფიზიკურად ძალა გამოგაცალოთ, მაგრამ იმდენად იქნებით სავსე დადებითი ემოციებით, რომ თავს ბედნიერად იგრძნობთ. საყვარელი საქმე ისეთი ენერგიით დაგმუხტავთ, რომელსაც არასოდეს მიიღებთ საქმიანობისგან, რომელიც არანაირ სიამოვნებას არ განიჭებთ და უბრალოდ მოსაბეზრებელია. სამწუხაროდ, ცხოვრების რეალიებთან შეგუება გვიწევს: ჩვენს მიერ არჩეული პროფესია ყოველთვის როდი გვაძლევს ასეთ შეგრძნებას, ამიტომ ეცადეთ იპოვოთ გამოსავალი და სავალდებულო საქმის გარდა, აკეთეთ ისიც, რაც ბედნიერს გხდით.

4 როგორ ვიცხოვროთ საკუთარ თავთან ჰარმონიაში?

ადამიანები ხშირად სტერეოტიპებისა და ვალდებულებების ტყვეობაში იმყოფებიან. ზოგჯერ ვალდებულებების ტვირთი იმდენად მძიმე ხდება, რომ შესაძლებელია აპათიამ შეიპყროს, როდესაც ადამიანს არაფერი სურს გარდა იმისა, რომ ყველამ თავი დაანებოს.

ასეთ სიტუაციაში საკუთარი ცხოვრების მთავარ პრიორიტეტებზე უნდა დაფიქრდეთ და იმაზე, თუ როგორ მოიშოროთ ყველაფერი ის, რაც ზედმეტი და თავს მოხვეულია, რათა საკუთარ თავთან ჰარმონია მოიპოვოთ.

5 ვითარდებით თუ დეგრადაციას განიცდით?

რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, დეგრადაციაც ერთგვარ განვითარებას წარმოადგენს, ოღონდ აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით: ადამიანი მორალურად და ფიზიკურად ეცემა, კარგავს ინტერესს ცხოვრების მიმართ, ივიწყებს საკუთარ ოცნებებს და, რაც მთავარია - მის ცხოვრებაში არ არსებობს მოტივაცია.

თვითგანვითარება ზოგიერთებს ესმით როგორც წარმატებული კარიერა, შემოსავლების ზრდა და ა.შ., თუმცა ხშირად ასეთი ადამიანის ემოციური სფერო დადებითი ემოციების მწვავე დეფიციტს განიცდის, ასეთ ემოციებს კი იღებ სიყვარულისგან, მეგობრობისგან, ოჯახისგან და შვილებისგან. განვითარება არა მხოლოდ ახალი ცოდნის მიღებას და პროფესიულ ზრდას, არამედ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას, ჰარმონიის შეგრძნებას და სურვილების ასრულებას ნიშნავს. იყო საკუთარი თავის ერთგული - შესანიშნავი მოტივაციაა თვითგანვითარებისთვის.

6 რას კითხულობთ?

რამდენად ხშირად კითხულობთ წიგნებს? ბევრი ადამიანი მხოლოდ მათ პროფესიასთან დაკავშირებულ ლიტერატურაზეა კონცენტრირებული, მაგრამ მთავარ ამოცანას ყველა სფეროში საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია წარმოადგენს, ამისთვის კი თვითგანვითარება, სანუკვარი ოცნებების ახდენა და ახალი პრიორიტეტების დაყენებაა საჭირო. დღესდღეობით უამრავი ლიტერატურა არსებობს თვითგანვითარების შესახებ. ასეთი ტიპის წიგნები დაგეხმარებიან იმაში, რომ უკეთ გაერკვეთ საკუთარ თავში და სურვილებში, ამიტომ მეტი იკითხეთ!

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: