11 მაისს უდიდეს ესპანელ მხატვარს სალვადორ დალის 116 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მის შესახებ. დალი არა მხოლოდ უნიჭიერესი მხატვარი, არამედ საკმაოდ ექსცენტრიული ადამიანიც იყო. თავად მხატვარი საკუთარ თავზე ამბობდა, რომ შეშლილი ადამიანისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ საკუთარ სიგიჟეს აცნობიერებს.

1. ცნობილია, რომ დალი ჩუპა-ჩუპსის ლოგოტიპის ავტორია, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ მან მის მშობლიურ ესპანეთში გამართული „ევროვიზიის“ სიმბოლო შექმნა.

2. ერთ-ერთი პირველი თავისი ნამუშევარი დალიმ 1910 წელს, 6 წლის ასაკში შექმნა. პატარა ბარათზე მან მშობლიური ადგილების ხედი დახატა. დღეს ეს ნახატი სახელწოდებით „პეიზაჟი ფიგუერასთან ახლოს“, რომელიც მხატვრის შემოქმედების იმპრესიონისტული პერიოდის ადრინდელ ნიმუშად ითვლება, ნიუ-იორკის ერთ-ერთ კერძო კოლექციაში ინახება.

3. ავტობიოგრაფიის გარდა, სალვადორ დალიმ რამდენიმე წიგნი დაწერა, რომელთა შორის კულინარიული წიგნიც იყო, რომელიც 1973 წელს გამოიცა. წიგნში სახელწოდებით „გალას სადილები“ სხვადასხვა კერძის 136 რეცეპტი იყო, რომლებიც თავად მხატვრის მიერ მხატვრულად იყო გაფორმებული. კულინარიით დალი ბავშვობიდან იყო გატაცებული და 6 წლის ასაკში უნდოდა პროფესიონალი მზარეული გამოსულიყო.

4. დალის ბევრი ნახატი შეიძლება უჩვეულო წარმოსახვის ან დაბინდული გონების ნაყოფად მოგეჩვენოთ, თუმცა მხატვარს სტიმულატორებისთვის არასდროს მიუმართავს. ნახატების იდეების საპოვნელად ის საკუთარ მეთოდებს იყენებდა. მაგალითად, ზოგჯერ ის ჯდებოდა სავარძელში, იატაკზე დგავდა რკინის თეფშს, ხელში კი კოვზს იღებდა. როგორც კი ოსტატს ძილი მოერეოდა, კოვზი ძირს ვარდებოდა და მისი რკინის თეფშზე მოხვედრით გამოწვეული გრუხუნი აღვიძებდა დალის, რომელიც იმ წუთში ნანახ სიზმარს ტილოზე ასახავდა.

5. დალი XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი შოუმენი იყო, რომელიც ერთი თავისი გამოჩენით უკვე ყურადღებას იპყრობდა. 1936 წელს ლონდონში იმართებოდა სურეალისტთა საერთაშორისო გამოფენა, სადაც დალი მყვინთავის კოსტუმში გამოწყობილი მივიდა. ცალ ხელში მას ბილიარდის ჯოხი ეჭირა, მეორეთი კი ორი ძაღლი მიყავდა. ასეთი საქციელი მას ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა, რადგან მყვინთავის კოსტუმი ჰერმეტიული იყო და პრაქტიკულად არ ატარებდა ჰაერს.

6. ფრანგი ფოტოგრაფის რობერტ დეშარნეს წიგნის „სალვადორ დალის სამყარო“ გასაპიარებლად მხატვარი ოქროსფერი ხალათით შეიმოსა და საწოლზე პირდაპირ ნიუ-იორკის ერთ-ერთ წიგნების მაღაზიაში დაწვა. ავტოგრაფების დარიგების პარალელურად ის იყო მიერთებული აპარატზე, რომელიც მას ექიმის, მედდისა და მეუღლის მეთვალყურეობით, ენცეფალოგრამას უღებდა. ყველა, ვინც აღნიშნულ წიგნს შეიძენდა, საჩუქრად მხატვრის ავტოგრაფს და მისი ტვინის მუშაობის ამსახველ ენცეფალოგრამას იღებდა.

7. სიცოცხლის მეორე ნახევარში, დალი, რომლის ქონება მილიონობით დოლარს ითვლიდა, ნამდვილი წუწურაქი გახდა. მას ძალიან უყვარდა დიდი კომპანიების დაპატიჟება რესტორანში, მაგრამ არ უყვარდა ფულის გადახდა, ამიტომ მან გენიალური სვლა მოიფიქრა: ტრაპეზის დასრულების შემდეგ მხატვარი თხოულობდა ჩეკს, შემდეგ კი მის მეორე მხარეს რამეს ხატავდა. დალი დარწმუნებული იყო (და ამის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა), რომ არცერთი საღად მოაზროვნე არ გაანაღდებდა ჩეკს მისი ნახატით.

8. დალის არც თავისი მდივნებისთვის უყვარდა ფულის გადახდა და ამიტომ, ხელფასის ნაცვლად ის მათთან დებდა გარიგებას, რომლის მიხედვით მათ ნახატების გაყიდვიდან გარკეული პროცენტი ერგებოდათ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ესპანელის ნამუშევრები საკმაოდ ძვირად ფასობდა, ზოგიერთი მისი თანაშემწე ნამდვილი მილიონერი გახდა.

9. 1965 წელს მხატვარმა მოიგონა გენიალური ხრიკი, რომელმაც მას ფულის პირდაპირ ჰაერიდან მიღების საშუალება მისცა. მან დაიწყო 10 დოლარად სუფთა ლიტოგრაფიული ქაღალდის გაყიდვა, რომელზეც მისი ხელმოწერა იყო. სავარაუდოდ, მან დაახლოებით 50 000 ასეთ ფურცელს მოაწერა ხელი, რის გამოც ზოგიერთ ექსპერტს მისი ბოლო ნამუშევრების ნაწილის ნამდვილობაში ეჭვი ეპარებათ.

10. 1968 წელს დალი გახდა შოკოლად „Lanvin“-ის სარეკლამო რგოლის მთავარი გმირი, მოგვიანებით კი Ford-ის ავტომობილების და Wrigley’s საღეჭი რეზინის რეკლამაშიც მონაწილეობდა.

სალვადორ დალი, ანდერძის თანახმად, მისი თეატრ-მუზეუმის იატაკის ქვეშ დაკრძალეს. აღნიშნული მუზეუმი ქალაქ ფიგერასში მდებარეობს და სულ რაღაც 500 მეტრშია იმ ადგილიდან, სადაც ოსტატი დაიბადა. დალიმ არ დატოვა მემკვიდრეები, მისი მეუღლე გალა კი მასზე 7 წლით ადრე გარდაიცვალა. ყველა თავისი ნამუშევარი მხატვარმა მშობლიურ ესპანეთს დაუტოვა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: