როდესაც სეზონურ ალერგიაზე ვსაუბრობთ, ხშირად გაზაფხულსა და ზაფხულს ვგულისხმობთ, მაგრამ მრავალი ადამიანისთვის ალერგიის სიმპტომები, როგორიცაა ცხვირის ქავილი და შეშუპება, თვალებიდან ცრემლდენა, სუნთქვის გაძნელება, ხველა და გამონაყარი კანზე, ცივი ამინდის დაწყებისთანავე ჩნდება.

შემოდგომის დადგომისთანავე დღეები მოკლდება, ტემპერატურა ეცემა და ადამიანები უფრო მეტ დროს შენობაში ატარებენ, რა მიზეზითაც ხვდებიან უფრო მეტ საყოფაცხოვრებო ალერგენებს, როგორიცაა სახლის მტვრის ტკიპები და ა.შ.

ამინდის პირობების შეცვლისთანავე, ჩვენს სახლებში და ბინებში იცვლება მიკროკლიმატი, რაც გავლენას ახდენს სოკოების სპორაციაზე და სახლში მტვრის ტკიპების გამრავლებაზე.

ალერგიის გამომწვევი მიზეზები შემოდგომაზე

მიზეზები ან გამომწვევი ფაქტორები, რომლებიც იწვევს ალერგიის სიმპტომებს შემოდგომაზე, საკმაოდ მრავალფეროვანია.შემოდგომის სეზონური ალერგიები, ძირითადად, სასუნთქი სისტემის პათოლოგიის სახით ვლინდება და განპირობებულია შემოდგომაზე მოყვავილე მცენარეების მტვრის ცილის მაღალი კონცენტრაციით ჰაერში.

ყვავილების მტვრის მსგავსად, ადრეულ შემოდგომაზე ატმოსფერო დატვირთულია, ეგრეთ წოდებული, ობის სპორებით – ობი ძაფისებრი სოკოების ნაირსახეობა, რაც ზრდის პროცესში სპორებს გამოიმუშავებს. ასეთი ობი არის შენობებში, ლპობად მცენარეებში, ჰაერში. ალერგიული ადამიანების მიერ მათი ჩასუნთქვა და სასუნთქი სისტემის ლორწოვანზე ექსპოზიცია იწვევს სწორედ ორგანიზმის ჰიპერრეაქციას და სასუნთქი სისტემის მხრივ სიმპტომოკომპლექსის გამოვლინებას – ხველა, ცხვირცემინება, თვალების ქავილი, სიწითლე, ცრემლდენა, ცხვირის გაჭედილობა, უფრო რთულ შემთხვევაში – ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, სუნთქვის უკმარისობა.

მკურნალობისთვის სირთულეს, ძირითადად, ალერგენის ელიმინაცია და ალერგიის თავიდან არიდება წარმოადგენს... წამყვანი მნიშვნელობა აქვს გამოკვლევას, თუ რომელი ალერგენია დაავადების მიზეზი, რაც დღეს შესაძლებელია ალერგოდიაგნოსტიკით, ასევე კანის ალერგიული სინჯების ჩატარებით.

რატომ რთულდება ალერგია

ისეთი ალერგიული დაავადებები, როგორიცაა ბრონქული ასთმა, კვინკეს ანგიონევროზული შეშუპება, შესაძლებელია, გართულდეს სიცოცხლისთვის სახიფათო სიმპტომებით: სუნთქვის უკმარისობა, სასუნთქი სისტემის შეშუპება (ხორხის), რაც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.

ალერგიული ადამიანების უმრავლესობა ატოპიითაა დაავადებული. ეს ალერგიის ისეთი სახეობაა, როცა წამყვან როლს სწორედ მემკვიდრეობა ასრულებს: თუ ერთ-ერთი მშობელი ალერგიითაა დაავადებული, რისკი იმისა, რომ ბავშვი ალერგიული იქნება, 30%-ს შეადგენს, ხოლო, თუ ორივე მშობელია დავადებული, ეს მაჩვენებელი 60%-მდე იზრდება.

ასევე, დასაშვებია, რომ ალერგიამ „გამოტოვოს” თაობა და დაავადება არ გამოვლინდეს, თუმცა 21-ე საუკუნეში, ეკოლოგიური კატასტროფის პირობებში, როცა ალერგენების რაოდენობა ჰაერში თუ საკვებში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, დაავადების გამოვლენის შანსი კიდე უფრო მაღალია. ამიტომ, ალერგიას შეიძლება, ცივილიზაციის დაავადებაც კი ვუწოდოთ.

დროულად ჩაიტარე შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა. ალერგიის მართვა სრულიად შესაძლებელია.