შემოდგომა მდიდარია სხვადასხვა სახის ბოსტნეულითა და ხილით - გოგრა, ვაშლი, მსხალი, არომატული კომში... სექტემბერი-ოქტომბერი კომშის მწიფობის სეზონია.

კომშის შემადგენლობაში შედის მრავალი სასარგებლო ნივთიერება: პექტინის ნაერთები, გლუკოზა, ფრუქტოზა, კალიუმი, რკინა, კალციუმი, ფოსფორისა და სპილენძის მარილები, აგრეთვე ვიტამინები A, B, C, E და PP. კომშის ნაყოფში პექტინის მაღალი შემცველობის გამო, ნაყოფი რეკომენდებულია მათთვის, ვინც რადიონუკლიდებით დაბინძურებულ ადგილებში ცხოვრობს ან საშიშ მრეწველობაში მუშაობს. პექტინის ყველაზე ღირებული თვისება რადიონუკლიდებისგან ორგანიზმის გათავისუფლებაა.

კომშს აქვს შემკვრელი, ჰემოსტატიკური, შარდმდენი და ანტისეპტიკური მოქმედება. მისი მიღება ასევე შეიძლება გრიპის აქტივობის პერიოდში, სხეულზე ბაქტერიების ზემოქმედების შესამცირებლად.

რკინის მაღალი შემცველობის გამო კომშის ნაყოფს იყენებენ ანემიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, აგრეთვე ხანგრძლივი დაავადების შემდეგ. კომშის პექტინის ნაერთები ეხმარება საჭმლის მონელების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.

ძლიერი ფსიქიკური სტრესისა და ზოგადად, სტრესის დროს რეკომენდებულია კომშის ჭამა - ის შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს.

კომშის გამოყენება ბავშვთა კვებაში

კომშის გამოყენება ბავშვთა კვებაში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი. მასში შემავალი ვიტამინები ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალურ ზრდა-განვითარებას, იმუნიტეტის ამაღლებას, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებას და ნერვული სისტემის სრულყოფას.
კომში განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების დროს როგორიცაა:
ნაწლავთა ანთებითი პროცესები;
რკინადეფიციტური ანემია;
მხედველობის პრობლემები (თვალის სხვადასხვა დაავადებების დროს)
ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული დაავადებები;
ასთმისას, ფილტვის სისუსტის მქონე პატარებში;
კომში დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
მისი გამოყენება სასარგებლოა დისბაქტერიოზის დროს.

რა სახით უნდა შესთავაზო კომში პატარას?

გამომდინარე იქედან რომ კომშის ნაყოფი ზედმეტად მშრალია, პატარებს ხილის სახით ნუ შესთავაზებთ. მისი გამოყენება შეგიძლიათ დაიწყოთ 6-7 თვის ასაკიდან, ფაფებში, მოხარშული და თერმულად დამუშავებული სახით.
ასევე 6-7 თვის ასაკიდან პატარასთვის შეგიძლიათ კომშის ახალგამოწურული წვენის მიცემა. კომში ასევე შესაძლებელია კომპოტის სახითაც, უშაქროდ.
ნედლი კომშის, ხილის სახით მიცემა უკვე შესაძლებელია 3 წლის ასაკის მქონე პატარებში.