ჩვილში წითელი ლოყები სულაც არ არის ჯანმრთელობის ნიშანი, ის დიათეზის ტიპიური გამოვლინებაა.

ალერგიული დიათეზი არ არის დაავადება, არამედ ალერგიული და ანთებითი დაავადებებისადმი მიდრეკილებაა. ყველაზე ხშირად, ბავშვის სხეულის არაადეკვატური რეაქცია ვლინდება გარკვეული საკვების ჭამის შემდეგ.

XXI საუკუნეში ძალიან გახშირდა ჩვილებსა და მოზრდილი ასაკის ბავშვებში სხვადასხვა ტიპის ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით კი იმატა ალერგიული დიათეზის მქონე პაციენტების რიცხვმა, რომელიც მძიმე დისკომფორტს იწვევს პატარებში.
ალერგიული დიათეზი დაბადებიდანვე, ძირითადად 3-6 თვის ასაკში ვლინდება, 1 წლის შემდეგ კი მეტ ნაკლებად კლებულობს. ალერგიული დიათეზის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს მემკვიდრეობითი განწყობა.
დაავადების სიმპტომები ახალშობილებში
სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე ჩნდება მორუხო-ყვითელი სებორეული ქერქი (განსაკუთრებით თმიან ადგილებში),
სიწითლე ლოყებზე. ასეთ დროს კანი მშრალია და ადვილად სკდება.
სიწითლე საზარდულის ქვეშ, ასევე კისრის, ყურების, იღლიების ნაკეცებში.
კანზე ხშირია კვანძოვანი და ლაქოვანი გამონაყარი,
ქავილი, რაც ძილის დარღვევას და აღგზნებადობას იწვევს პატარებში.
დაავადების სიმპტომები მოზრდილი ასაკის ბავშვებში:
იმუნიტეტის დაქვეითება;
ჭინჭრისებური გამონაყარი და ქავილი;
კონიუქტივიტი (თვალების სიწითლე);
რინიტი (სურდო);
ბრონქიტი, რაც სუნთქვის პრობლემას იწვევს;
მადის დაკარგვა, წონაში კლება;
ნაწლავთა მოქმედების დარღვევა;
კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური ჯირკვლების გადიდება.
მკურნალობა და რეკომენდაციები
ალერგიული დიათეზის დროს ბავშვის მკურნალობა უნდა იყოს ინდივიდუალური, სისტემატური და ხანგრძლივი, მდგომარეობის შესაბამისი მედიკამენტების გამოყენებით.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კვებას. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ისეთი სახის პროდუქტები როგორიცაა: თაფლი, ნიგოზი, შოკოლადი, ციტრუსები, კვერცხი, წიწაკა, მჟავეული.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჰიგიენას. ყურადღება უნდა მიაქციოთ ბავშვის გარემოს სისუფთავეს, სუფთა ჰაერის მაქსიმალურად სწორად გამოყენებას, ორგანიზმის გაკაჟებას, ჰაერის აბაზანებს, პირველი თვეებიდანვე ვარჯიშს და მასაჟს.
მხოლოდ კომპლექსური მკურნალობის შედეგად, რომელიც თანხვედრაშია კვებასა და ჰაერის სწორად გამოყენებასთან, მიიღებთ სასურველ შედეგს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: