ეს პათოლოგია მსოფლიოში სიკვდილის ძირითადი მიზეზია, რადგან ხშირად ის გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა ტიპის დარღვევის მთავარ საფუძველს წარმოადგენს.

რა არის ეს?

ათეროსკლეროზი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ქოლესტერინი და სხვა ცხიმები ინახება არტერიების შიდა კედელზე, რა დროსაც კედლები უფრო მკვრივი ხდება და კარგავს ელასტიურობას. ეს იწვევს არტერიების სანათურის შევიწროებას და, შესაბამისად, სისხლის მიმოქცევის სირთულეს.

ათეროსკლეროზის მსხვერპლი, როგორც წესი, არიან საშუალო ასაკის ადამიანები და მოხუცები. ამასთან, ათეროსკლეროზული ცვლილებები გვხვდება, ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვებში და ახალშობილებშიც კი.

რატომ ხდება ეს?

ათეროსკლეროზი უფრო ხშირად გვხვდება 35 წელს გადაცილებულ მამაკაცებში, რომლებიც ხშირად განიცდიან სტრესს. ასევე მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი ფაქტორი. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ჭარბი წონა, პოდაგრა, ქოლელითიაზი და ა.შ. ცხოველის ცხიმის ჭარბი რაოდენობით მიღება მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების ჩამოყალიბების და მისი გამწვავების კუთხით.

დაავადების წარმოშობაში დიდი მნიშვნელობა აქვს მცირე ფიზიკურ დატვირთვას, ფსიქოემოციურ გადატვირთვას, ნერვული სისტემის ტრავმას, სამუშაოების სპეციფიკურ პირობებს და ა.შ.

ცხიმთა ცვლის მოშლა ათეროსკლეროზის წინამორბედია და ამიტომ მის პროფილაქტიკას და მკურნალობას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.

ცხიმთა ცვლის მოშლის პროფილაქტიკა, კვება, ფიზიკური აქტივობა

ცხიმთა ცვლის მოშლის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით საჭიროა კვების მოწესრიგება, ზედმეტი ჭამისაგან თავის შეკავება, ცხოველური წარმოშობის ცხიმების შეზღუდვა:

კარაქი, ერბო, ქონი, მსუქანი ხორცი- ისინი გაჯერებეულ ცხიმოვან მჟავებს შეიცავენ და ხელს უწყობენ სისხლში ლიპოპროტეინების და ლიპიდების მომატებას.

ცხიმთა ცვლის მოშლაზე დადებით გავლენას ახდენს მცენარეული ზეთი, რომელიც შეიცავს გაუჯერებელ ცხიმოვან მჟავებს და ხელს უწყობს სისხლში ცხიმოვანი ნივთიერებების რაოდენობის დაქვეითებას. ამ დროს ადამიანმა ბევრი უნდა იმოძრაოს, ფიზიკურად იმუშაოს, ფეხით იაროს, შეასრულოს ფიზიკური ვარჯიშები.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ის პირები, ვისაც ახალგაზრდობიდანვე სისხლში მომატებული აქვთ ქოლესტერინის, ლიპიდების, ლიპოპროტეინების რაოდენობა, ვის მშობლებს და ნათესავებს შედარებით ადრე, შუახნის ასაკამდე დაემართათ გულის კუნთის ინფაქტი, ათეროსკლეროზი, სიმსუქნე.

ცხიმოვანი ცვლის მოშლის დროული გამოვლენისათვის სასურველია სისხლში ქოლესტერინის, სხვა ლიპიდებისა და ლიპოპროტეინების გამოკვლევა.

ათეროსკლეროზის რისკის შემცირება შესაძლებელია ფიზიკური დატვირთვით, კვების მოწესრიგებით და დადებითი განწყობის შენარჩუნებით.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: