ყველა ადამიანს გააჩნია აკვიატებული აზრი და ჩვევა რომელიც ზოგჯერ იმდენად შემაწუხებელია რომ ნორმალურად ცხოვრებაში ხელს გვიშლის.

გამუდმებით თვლა, ნივთების დალაგება, საწოლის სიმეტრიულად გასწორება, ხელების ხშირი დაბანა და ზოგადად, სხეულზე გადაჭარბებულად ზრუნვა. ეს ის სიტუაციებია, როდესაც ადამიანები დეტალებს საჭიროზე მეტ ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, ზოგიერთის შემთხვევაში ფარდა სიმეტრიულად უნდა იყოს გასწორებული, ჭურჭელი სიდიდის მიხედვით დალაგებული, ფილებზე სიარულისას ხაზს ფეხი არ უნდა დააბიჯონ, ოდნავ დახრილი ჩარჩოც კი მათში გაღიზიანებას იწვევს. ეს აკვიატებული ნევროზია და მას ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ეწოდება.

ობსესია არის აკვიატებული აზრი, რომელიც ჩვენდა უნებურად იბადება და ძლიერ შფოთვას იწვევს. მის შესამცირებლადაც ადამიანი ასევე აკვიატებულ ქმედებებს - კომპულსიას მიმართავს.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია: დაბინძურების შიში, სიზუსტის და სიმეტრიის მოთხოვნილება, შეცდომის დაშვების შიში, მიუღებლად მოქცევის შიში. ნევროზის ეს სახეობა პირდაპირ კავშირშია პიროვნების ხასიათთან.

პანიკური აზროვნების გამომწვევი ზუსტი მიზეზები ცნობილი არ არის, თუმცა კვლევების მიხედვით დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც გენეტიკურ, ასევე გარემო ფაქტორებს. ადამიანს პანიკური აშლილობა შესაძლოა როგორც ერთი, ისე ორივე მშობლისგან გადაეცე, ისევე როგორც თვალის ან თმის ფერი.

პანიკური აშლილობა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ტვინის ზოგიერთი უბნის არასწორმა ფუნქციონირებამ, ასევე წამლის ან ნივთიერების ბოროტად გამოყენებამ ან სტრესულმა მოვლენებმა.

თუ შენ მსგავს სიტუაციაში საკუთარი თავი ამოიცანი, ნუ შეგეშინდება. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მკურნალობა შესაძლებელია.

ფაქტები:

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მისით მოსახლეობის დაახლოებით 2%-ია დაავადებული, რაც ნიშნავს, რომ OCD ყოველ 50 ადამიანში ერთს მაინც ემართება.

OCD თანაბარი რაოდენობით ვლინდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში, თუმცა მოზარდობისას და ბავშვობისას ის უფრო ხშირად ბიჭებში ვლინდება ხოლმე.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ის მწვავდება სტრესის, ტრაგიკული მოვლენის ან რაიმე სახის დაავადების დროს. ამ ტიპის აშლილობას ასევე აკავშირებენ ტვინში სერატონინის ნაკლებობასთან. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის უახლოესი ნათესავი დაავადებულია OCD-ით, მისი დაავადების რისკიც იზრდება, თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზების პირდაპირი კავშირი გენეტიკასთან დადასტურებული არ არის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ OCD შეყვანილია იმ დაავადებების ათეულში, რომლებიც იწვევს ადამიანის ჩვეული ფუნქციონირების მკვეთრ შეზღუდვას და უარყოფით გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე.

და ბოლოს, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომს აღმოაჩენ, გირჩევ, მიმართო ფსიქოლოგს და არ ჩათვალო, რომ ეს უბრალოდ შენი ხასიათის თვისებაა. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ის დაავადებაა, რომელიც დროსთან ერთად შეიძლება უფრო გამწვავდეს და სხვა აშლილობაში გადაიზარდოს.

არსებობს მკურნალობის რამდენიმე გზა, თუმცა ყველაზე გამოცდილი და სანდო არის ფსიქოთერაპია და მედიკამენტური მკურნალობა.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: