როდესაც ფიქრობ იტალიის ყველაზე დასამახსოვრებელ კერძზე, პირველი, რაც თავში მოგდის, პიცაა. ეს არის ყველაზე კომფორტული საჭმელი, რომელიც მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რა არის ის მთავარი შტრიხი, რომელიც იტალიურ პიცას განსაკუთრებულად აქცევს?

ისევე, როგორც მრავალი ქვეყნის მთავარი გასტრონომიული ღირებულება, ისეთი როგორიცაა ღვინო, ზეითუნის ზეთი, ყველი, მათ შორის პიცა მოწინავე პოზიციას არ თმობს.

რა თქმა უნდა, ნეაპოლი პიცის მთავარი კერაა. ქალაქში პიცის დამზადების ტრადიციამ 2017 წელს იუნესკოსგან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო.

ნეაპოლში პიცის სამი ძირითადი ტიპი არსებობს:

1. მარგარიტა, რომელიც ტომატით, ყველით მოცარელათი და რეჰანით მზადდება. ის იტალიის დროშის ფერებს მოგაგონებს.

2. მარინარა, რომელსაც სახელი მეზღვაურების პატივსაცემად უწოდეს - ამზადებენ ორეგანოთი და ნივრით.

3. და "ნამდვილი პიცის“ D.o.c. სტანდარტი, რომლის მოსამზადებლადაც ცომს ხელით ზელენ, ასევე იყენებენ (ბუფალოს მოცარელას) და 300-400°C-ზე მხოლოდ შეშაზე აცხობენ.

თავდაპირველად პიცაზე უარს ამბობდნენ...

ამბობენ, რომ პიცა 1700-იან წლებში წარმოიშვა, მას შემდეგ რაც მისი პირველი ინგრედიენტი პომიდორი პერუდან ჩამოიტანეს. მაღალი კლასის ევროპელთა უმეტესობა ახალ ინგრედიენტს, ტომატ-პასტას, ეჭვის თვალით უყურებდნენ და მომწამვლელად თვლიდნენ.

1889 წელს მზარეულს, რაფაელე ესპოსტოს სამეფო ოჯახისგან დაევალა რაიმე ახლის შექმნა, რა დროსაც მან ცოლთან ერთად მოამზადა პიცა მეფისთვის და დედოფლისთვის, რომელიც შეიცავდა პომიდორს, მოცარელას და რეჰანს, სწორედ ასეთი პიცა მოეწონა დედოფალს და მისი საპატივსაცემოდ ,,მარგარეტა“ დაერქვა.

დღეს ნეაპოლში 500 – ზე მეტი პიცერიაა, მაგრამ მათგან მხოლოდ მეხუთედია დამოწმებული ნამდვილი ნეაპოლიტანური პიცის ასოციაციის მიერ. ორგანიზაცია 1984 წელს შეიქმნა, რათა დაეცვა და გაეკონტროლებინა პიცის მომზადების ტექნიკა, იმისთვის რომ არ დარღვეულიყო ტრადიცია. ეს წესები დღეს დადგენილია უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე.

ნეაპოლის ყველაზე პოპულარული პიცა

ქალაქის ყველაზე პოპულარულ პიცერიაში ჯინო სორბილო არის მესამე თაობის ცომის ოსტატი ამ მიმართულებით. მისი პიცერია, სახელწოდებით "Gino e Toto Sorbilo” - პიცერია, რომელიც ნეაპოლში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, დიდი პოპულარობით სარგებლობს. საგვარეულო პიცერიაში პიცის მომზადების ტექნიკა და მეთოდი თაობიდან თაობას გადაეცემა.

ჯინოს ბაბუამ ოჯახის პირველი პიცის სალონი 1935 წელს, Via dei Tribunali-ის გასწვრივ გახსნა. ისტორიულად პრობლემურ ქუჩაზე, ნეაპოლის ცენტრში, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის კერა იყო.

ახლა Sorbillo-ს აქვს პიცერიები ისეთ ადგილებში, როგორებიცაა ტოკიო და ნიუ-იორკი. ის არ წყვეტს განვითარებას, მუდმივად აკვირდება, სწავლობს და ვითარდება მისი მეთოდი და მომზადების ტექნიკა. ის პირველი ადგილია Via dei Tribunali-ში, რომელიც რჩება ბიზნესის ცენტრად, სადაც ადგილობრივები და ტურისტები ერთნაირად სტუმრობენ პიცის მთავარ სახლს.

ნეაპოლში კლასიკურ პიცას 4, 6, 8 ნაჭრად ჭრიან და მიირთმევენ ხელით! არანაირი დანა-ჩანგალი. პიცის ქალაქში ითვლება რომ პიცა ხელით უნდა მიირთვა და სხვა ვარიანტი არც განიხილება.

ახლა კი გაეცანი, უძველესი მეთოდით ნეაპოლური პიცა ,,მარგარიტას" მომზადების წესს.

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ მშრალი აქტიური საფუარი
  • 1 ჭიქა თბილი წყალი (45C)
  • 4 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 800 გრამი პომიდორი
  • 20 ცალი რეჰანის ფოთოლი
  • 2 ჩ/კ დაჭრილი ორეგანო
  • 8 ჭიქა გახეხილი მოცარელა
  • 1⁄2 ჩ/კ წითელი წიწაკის ფანტელები
  • 1⁄8 ჩ/კ მარილი
  • 1⁄8 ჩ/კ პილპილი.

მეთოდი:

პატარა თასში თბილ წყალში გახსენით საფუარი. დიდ თასში აურიე ზეთი, შაქარი და მარილი, 1 ჭიქა ფქვილს დაუმატე საფუარიანი წყალი, მოზილე მანამ სანამ გლუვ მასას არ მიიღებ. დაამატე დანარჩენი ფქვილი და მოზილე რბილი ცომი.

ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადმოიტანე. მოზილე გლუვი და ელასტიკური ცომის მიღებამდე, დაახლოებით 6–8 წუთის განმავლობაში. მოათავსე ცხიმმოსმულ თასში, დააფარე საკვების შესაფუთი ,,ცელოფანი“ და დადგი თბილ ადგილას ასაფუებლად, დაახლოებით ერთი საათის მანძილზე.

ჩაზილე ცომი. გაყავით ორ ნაწილად. გააბრტყელე თითოეული ნაწილი 30 სმ დიამეტრზე და გადაიტანე ორ ცხიმმოსმულ მრგვალ ლანგარზე. კიდეები ცოტათიი ზემოთ ამოუწიე. დააფარე სუფთა ჭურჭლის ტილო და დატოვეთ 10 წუთით.

ცომს დაჭრილი პომიდორი მოალაგე. თავზე მოაყარე დაჭრილი რეჰანის ფოთლები, წვრილად დაჭრილი ორეგანო, ყველი, წითელი წიწაკის ფანტელი, მარილი და პილპილი. მოასხურე 2 ს/კ ზეთი. გამოაცხვე 230 C-ზე 15–20 წუთით, მანამ სანამ ცომი კარგად გამოცხვება და დაიბრაწება.