ღირს თუ არა შვებულების ბავშვებთან ერთად გატარება? როგორ უნდა შეარჩიო სასურველი ადგილი, მაგალითად, მთა თუ ზღვა? რა უნდა გაითვალისწინო, სანამ გაემგზავრები? ყველა მშობელმა იცის, რომ სუფთა ჰაერი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის. რაც უფრო ხანგრძლივადაა ბავშვი სუფთა ჰაერზე, მით უფრო ხარისხიანია მისი გაკაჟების პროცესი.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, თითქმის ყველა ოჯახში განიხილება საკითხი პატარას დასვენების თაობაზე, კერძოდ, სად უფრო სასურველია მისი წაყვანა, რომელი კურორტია ჯანმრთელობისთვის კარგი და ა.შ.

რა უნდა იცოდე მანამ, სანამ ბავშვთან ერთად შვებულებას დაგეგმავ

  • თუ აპირებ კლიმატის მკვეთრ ცვლილებას, დაგეგმე გრძელვადიანი შვებულება: მინიმუმ სამი კვირა. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ხანგრძლივია აკლიმატიზაციის პროცესიც.
  • ხშირად მიეცი ბავშვს წყალი. საჭიროა მუდამ გქონდეს თან, რადგან მაღალი ტემპერატურის დროს, წყალზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება.
  • პატარა ნელ-ნელა შეაჩვიე კლიმატს. შეეცადე დრო ისე გადაანაწილო, რომ ნელ-ნელა შეეგუოს გარემოს.
  • ნუ დაკარგავ ყოველდღიურ რუტინას. შეინარჩუნე ის, რათა ბავშვიც მარტივად გადაეწყოს ძველიდან ახალზე და შინ დაბრუნების შემდეგაც მარტივად დაუბრუნდეს ყოველდღიურობას.
  • ნუ წაიყვან პატარას მაღალი მთის კურორტზე თავიდანვე. შეეცადე დაბლით ან საშუალოთი დაიწყო. თუ ზღვაზე გსურს წასვლა, აირჩიე ქვიშიანი სანაპირო.
  • შვებულების გატარება ისეთ ადგილზე დაგეგმე, სადაც ახლო მანძილში იქნება საავადმყოფოები და აფთიაქები. თუმცა, თავი აარიდე ზედმეტად ხალხმრავალ ადგილებსაც - ეს დამატებითი სტრესია ბავშვისთვის.
  • თან იქონიე პირველადი მოხმარების მედიკამენტები.
  • შედარებით მოკლე მანძილზე მგზავრობა საუკეთესო იქნება შენთვის და ბავშვისთვისაც. ასე დროსაც დაზოგავ და ნერვებსაც.

მთის კლიმატი

დასვენება ოჯახთან ერთად. მთა, დედ-მამა, შვილი

.

მთის კლიმატი მკვეთრ ძვრებს იწვევს ბავშვის ორგანიზმში: კაჟდება სხეული და მცირდება მგრძნობელობა სიცივისა და ინფექციების მიმართ. რაც უფრო მაღლა მდებარეობს კურორტი ზღვის დონიდან, მით უფრო მკვეთრია მისი ზემოქმედება პატარას ორგანიზმზე. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეს ისიც, რომ პირველივე ჯერზე მაღალმთიანი კურორტი არ აირჩიო.

ბავშვის ჯანმრთელობის შესაბამისად, პედიატრის რჩევა, როგორც წესი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კურორტის სწორად შერჩევის პროცესში. დაბალ მთის ჰავას განსაკუთრებული ადგილი უკავია კურორტებს შორის, რადგან ის მკურნალობს ისეთი ტიპის დაავადებებს, როგორიცაა: გულისა და ფილტვის ქრონიკული პრობლემები, ბრონქული ასთმა, ალერგია და ა.შ.
მთის კურორტების უპირატესობას მის გარშემო ტყის მასივები განაპირობებს, რაც ჰაერს აჯანსაღებს. სწორედ ეს იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას მთელი წლის განმავლობაში.

ზღვის ჰავა

დასვენება ოჯახთან ერთად. ზღვა, დედ-მამა, შვილი

.

ზღვის ჰავა რბილი ხასიათით გამოირჩევა, რის გამოც პატარა ადვილად იტანს და ეგუება მის კლიმატს.

ის დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების მუშაობას. ასევე, კარგი შედეგი აქვს ძვალ- სახსროვანი სისტემის პათოლოგიების მკურნალობის პროცესშიც.

ზღვაზე განსაკუთრებით შედეგიანია მკურნალობა-გაკაჟება მაისსა და ივნისში. ასევე, სექტემბერსა და ოქტომბრის დასაწყისში, რადგან ამ დროს ზომიერი სითბოა.

სწორად დაგეგმე, გაეცანი თითეულ მითითებას კვალიფიციური სპეციალისტისგან და გაითვალისწინე ის. ასე ნაკლები საფრთხის წინაშე დააყენებ შენი და ბავშვის ჯანმრთელობას. შვებულება ხომ ახალ თავგადასავლებს, მნიშვნელოვან ცვლილებებსა და საუკეთესო მოგონებებს უნდა უკავშირდებოდეს.