ახალშობილის ზრდა-განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს მისი ჰიგიენა წარმოადგენს.

ჩვილი ბავშვის კანი ძალიან მგრძნობიარე და ფაქიზია. აქედან გამომდინარე, მას განსაკუთრებული მოვლა და დაცვა სჭირდება.

აუცილებელია თუ არა კანის მოვლა პირველივე თვეებიდან და რა უნდა გაითვალისწინო იმისთვის რომ სწორად დაგეგმოთ ბავშვის ჰიგიენური პროცედურები?

ყოველდღიური აბაზანები

6 თვემდე საჭიროა ახალშობილის ყოველდღიური ბანაობა, ხოლო 1 წლის შემდეგ - დღეგამოშვებით. წყლის ტემპერატურა 36-37 ℃, ხოლო ბანაობის ხანგრძლივობა 5-7 წუთს უნდა შეადგენდეს.

დაბანისას უნდა გამოიყენო რბილი ნაჭერი, საპნის გამოყენება კი კვირაში ორჯერაა დასაშვები.

ბავშვის დაბანა ნელ-ნელა სხეულის თანმიმდევრულად, მსუბუქი მოძრაობით უნდა მოხდეს. ბანაობის შემდეგ საჭიროა თბილი წყლის გადავლება და ტილოთი შემშრალება. ნაოჭებში სასურველია პუდრის მოფრქვევა.

სამკურნალო აბაზანები

ყოველდღიური აბაზანა სურვილის და საჭიროების შესაბამისად შეგიძლია სხვადასხვა სახის მცენარეებით გაამრავალფეროვნო.

სამკურნალო აბაზანების გამოყენება შესაძლებელია გაკაჟების მიზნით, D ვიტამინის ნაკლებობის (რაქიტის), გაღიზიანებული კანის სამკურნალოდ.
ზაფხულის ცხელ დღეებში კანზე დამამშვიდებლად მოქმედებს ორკბილას აბაზანები.

მისი მომზადების წესი ასეთია: 2 ს/კ მცენარე გაახვიე ორფა დოლბანდში და 10 წუთის განმავლობაში მოათავსე დასაბანად განკუთვნილ ჭურჭელში, წყალი ყვითლად შეიფერება. ამის შემდეგ შეგიძლია ბავშვი მცენარეულ წყალში აბანაო. იგივე მიზნით გამოიყენება გვირილის ყვავილიც, რომელიც, ორკბილას მსგავსად, ანალოგიურად შეგიძლია მოამზადო.

D ვიტამინის ნაკლებობის (რაქიტის) პროფილაქტიკისთვის

რაქიტის თავიდან ასაცილებლად წარმატებით გამოიყენება ზღვის მარილის აბაზანები. 1 ს/კ ზღვის მარილი განაზავე 1 ლიტრ წყალში. პროცედურა პატარას დღის პირველ ნახევარში უნდა ჩაუტარდეს. აბაზანის შემდეგ შეამჩნევ, რომ ბავშვი უფრო მეტად მხიარული და ხალისიანი გახდა, რადგან ზღვის მარილს დამამშვიდებელი ფუნქციაც გააჩნია.

ხელ-პირის მოვლა

დაბადების მეორე კვირიდან პატარას ყოველ დილით უნდა დაბანო ხელ-პირი. ამის შემდეგ აუცილებელია თვალების თბილი წყლით ამოწმენდა. წყალში ნაწილობრივ დასველებული ბამბით უნდა გაუწმინდო ცხვირი და ყურის გარე სასმენი ხვრელი (დაუშვებელია ყურის სპეციალური ჩხირით ღრმად და უხეშად გაწმენდა). ფრჩხილები მრგვალთავიანი მაკრატლით ფრთხილად უნდა მოაჭრა.

შამპუნის შეძენამდე...

"ცრემლების გარეშე“ - ეტიკეტის მქონე შამპუნები ყველაზე ნაზი ეფექტით გამოირჩევა. მათ არ აქვს აგრესიული მოქმედება ლორწოვან გარსზე, არ იწვევს გაღიზიანებას და მკვეთრ ტკივილს, როდესაც პროდუქტი თვალში ჩადის.

რბილი ეფექტი განპირობებულია შამპუნის ფორმულაში ბუნებრივი ინგრედიენტების არსებობით და აქტიური ქიმიკატების არარსებობით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, წვა და ტკივილი.

საბავშვო ტალკის (პუდრა) აუცილებლობა ბავშვთა ჰიგიენაში

ტალკი აქრობს გამონაყარს და ამშვიდებს კანს. მანამ, სანამ ტალკს შეიძენ, სასურველია, ყურადღება მიაქციო, შეიცავს თუ არა ის კარტოფილის ან ბრინჯის სახამებელს, თუთიას, კალენდულას და გვირილის ექსტრაქტს, ან ანტიმიკრობული და სამკურნალო თვისებების მქონე სხვა მცენარეებს, რომლებიც ეხმარება კანს სიცხისგან გამოწვეული დისკომფორტის გამკლავებაში.

რა უნდა გაითვალისწინო საბავშვო კრემის შეძენამდე

საბავშვო კრემის არჩევისას უნდა გაითვალისწინო პროდუქტის ხარისხი. ის არ უნდა შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს, უმჯობესია, თუ თავდაპირველად პედიატრის რეკომენდაციით შეიძენ.

ხარისხიანი საბავშვო კრემი უნდა შეიცავდეს მცენარეულ ზეთს და ცვილს, რადგან ისინი ეპიდერმისის ღრმა ფენებში ნაკლებად შედის და კანს გარედან იცავს. ამ მეთოდის წყალობით ისინი არ ქმნნის კანზე ხელოვნურ ბარიერს. ატენიანებს და მსუბუქად იცავს კანს.