შემოდგომაზე მაღაზიებისა და ბაზრების დახლები სავსეა მწიფე ხილითა და ბოსტნეულით, რომელიც სასარგებლო და აუცილებელია შენი ჯანმრთელობისთვის.

გოგრა

მასში ძალიან ცოტა კალორიაა, თუმცა საკმარისზე მეტი რაოდენობითაა საკვები ნივთიერებები. განსაკუთრებით ბევრია კაროტინი, B ჯგუფის ვიტამინები და ასკორბინის მჟავა. ელემენტებიდან იგი შეიცავს- კალიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს, მაგნიუმს.

გოგრა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც უროლოგიური პრობლემები აქვს. ის ასევე გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის სამკურნალოდ. ყვითელი ბოსტნეული აუმჯობესებს წყალ-მარილოვან მეტაბოლიზმს - ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე, ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას. გოგრა ასევე წარმატებით გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ.

ის შეგიძლია გამოიყენო სხვადასხვა სახის მშრალი და წვნიანი კერძების, ასევე, დესერტების მოსამზადებლად.

ბავშვებში გოგრა ხუთი თვის ასაკიდან გამოიყენება.

კომბოსტო

კომბოსტო ასკორბინის მჟავასთან ერთად შეიცავს ნივთიერება ასკორბიგენს, რომელსაც აქვს C ვიტამინის ყველა თვისება, მაგრამ არ იშლება შენახვის დროს. გარდა ამისა, იგი შეიცავს ძალიან იშვიათ ვიტამინ U–ს, ის ხელს უწყობს მაღალი მჟავიანობით გამოწვეული გასტრიტის მკურნალობას.

ბავშვებისთვის 1 წლის ასაკიდან არის რეკომენდებული.

ჭარხალი

სისხლის წითელი უჯრედების წარმოსაქმნელად ჭარხალი აქტიურად გამოიყენება. ის შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას. ასევე, ჭარხალს აქვს კალციუმის და ნატრიუმის ოპტიმალური თანაფარდობა. მისგან მიღებულ კალციუმს ორგანიზმი შესანიშნავად ითვისებს. ეს ჟოლოსფერი ბოსტნეული ხელს უწყობს ღვიძლის, თირკმლებისა და სისხლის გაწმენდას, აძლიერებს და ამაგრებს კაპილარების კედლებს.

მაგრამ ფრთხილად უნდა იყო და დაიცვა ბალანსი, რადგან ჭარხალი ძლიერი საფაღარათო საშუალებაა!

ბავშვებისთვის ჭარხალი ექვსი თვის ასაკიდან არის რეკომენდებული.

ყურადღება: ჭარხლის წვენი არ უნდა დალიო ახალგამოწურული - ტოქსიკურია!!! წვენი უნდა შეინახო მაცივარში ორიოდე საათის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო!

ხურმა

ხურმა შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, ვიტამინ PP რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ის ასევე მდიდარია რკინით და იოდით. ხურმა განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულებისთვის, რადგან მაღალია რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკი.

იოდი საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისა და ნაყოფის ნერვული სისტემის - ტვინის ჩათვლით სწორი განვითარებისათვის.

ყურადღება: თუ შეკრულობისკენ ხარ მიდრეკილი, ფრთხილად იყავი მასთან.

ხურმა ბავშვებს შეგიძლიათ 1 წლის ასაკიდან მისცხეთ.

ბროწეული

ეს საოცარი ხილი მყარი, უხეში და უსწორმასწორო კანით ძალიან სასარგებლოა მომავალი დედებისთვის - ის აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, სწრაფად ზრდის ჰემოგლობინს. შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, მარილს და ვიტამინ C- ს.

ბროწეულში არის კალიუმის და მაგნიუმის მარილები, B ჯგუფის ვიტამინები და ფიტონციდები.

ბროწეულის ნაყოფი შეიძლება დაუმატო სალათებს: ის არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ლამაზიც.

ბავშვებისთვის განზავებული წვენის მიღება შეიძლება ერთი წლის ასაკიდან, ბროწეულის მარცვლების კი სამი წლის ასაკიდან.