თითოეულმა ბავშვმა უნდა მიიღოს გარკვეული რაოდენობის ვიტამინები და მინერალები, რომლებიც ჯანმრთელობის შენარჩუნებას და იმუნიტეტის განმტკიცებას უწყობს ხელს. ამიტომ, ხილისა და ბოსტნეულის გარდა, ბავშვს წვენებიც უნდა მისცე, რადგან ბავშვები არა მხოლოდ სიამოვნებით სვამენ მას, არამედ საჭიროების შემთხვევაში წყურვილსაც კი იკმაყოფილებენ მათი მეშვეობით.

ახლად გამოწურული წვენები

როგორც კი პედიატრი გადაწყვეტს, რომ შენს შვილს უკვე შეუძლია წვენის დაგემოვნება, თანდათანობით უნდა დაიწყო ბავშვისთვის მისი მიცემა.

თავიდან წვენი პატარას ჩაის კოვზით დაალევინე. დააკვირდი მის რეაქციას და წვენის ოდენობა დღეში 100 გრამამდე გაზარდე. დღეში 100 გრ წვენის მიღება ნორმად 1-2 წლის ასაკის ბავშვისთვის ითვლება. უმჯობესია მისი წყალში განზავება, რადგან კონცენტრირებულმა სასმელმა შეიძლება ბავშვის კუჭის კედლების გაღიზიანება გამოიწვიოს. ასევე, სწრაფად გაიაროს კუჭი და მოხვდეს ნაწლავებში, შედეგად კი ზედმეტი დატვირთვა მიაყენოს ბავშვის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

ახალგამოწურული წვენები გაცილებით ჯანმრთელია, რადგან ზუსტად იცი, რომ ისინი არ შეიცავს შაქარს, რომელიც ხშირად გვხვდება მაღაზიაში შეძენილი წვენების შემადგენლობაში.

ბავშვის ჯანმრთელობისთვის უმჯობესია წვენები თავად მოამზადო სახლში როგორც ხილის, ისე ბოსტნეულისგან. ბოსტნეულის წვენები ბავშვებისთვის ჯანმრთელია, რადგან ისინი პრაქტიკულად არ შეიცავენ შაქარს.

რატომ არის სასარგებლო ბავშვისთვის ხილისა და ბოსტნეულის წვენები?

წვენები არა მხოლოდ ზრდის ბავშვის ორგანიზმში ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების დონეს, ისინი ასევე საუკეთესოდ უმკლავდებიან ბავშვის ზოგიერთ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ პრობლემას.

მაგალითად, ისეთი წვენები, როგორიცაა სტაფილოს, პომიდვრის, კომბოსტოს, ბროწეულის ან კივის წვენი, გაზრდის ჰემოგლობინს და ასევე ამდიდრებს ბავშვის სხეულს C ვიტამინით.

ატმის, გარგარის, გოგრის, ჭარხლის, ქლიავის წვენები ამცირებენ ჰიპერაქტიურობას და აღგზნებას, ამიტომ ისინი შეიძლება ბავშვს ძილის წინ დაალევინო.

გაციების დროს უმჯობესია ბავშვს მისცე ისეთი წვენები, როგორიცაა ფორთოხლის, გრეიფრუტის და ბოსტნეულის წვენები (სტაფილო, ჭარხალი).

ვაშლის, მსხლის, ბროწეულის, ყურძნის, პომიდვრის, და ჭარხლის წვენები დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე.

ისეთი წვენები, როგორიცაა ბროწეული, მსხალი, გოგრა და ატამი, ხელს უწყობს ბავშვის საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორის აღდგენას და გაჯანსაღებას .

მადის გასაუმჯობესებლად ბავშვს ვაშლის, ბროწეულის ან სტაფილოს წვენები უნდა მისცე.

ისეთი წვენები, როგორიცაა- სტაფილო, გოგრა, ჭარხალი, მოცხარი და კიტრი, ხელს შეუწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.

გამოიჩინე სიფრთხილე!

ვიტამინით მდიდარი ციტრუსის წვენები ძალიან სასარგებლოა, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ მათ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდო, რადგან ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლიათ.

ციტრუსის გარდა, ალერგია შეიძლება გამოიწვიოს კენკრის ზოგიერთმა წვენმა, ასევე ბროწეულის და სტაფილოს წვენებმა. ამიტომ, სანამ ბავშვის რაციონში რაიმე წვენს შეიტან, ყურადღებით დააკვირდი მისი სხეულის რეაქციას, რათა არ გამოტოვო ალერგიის ნიშნების გამოვლენა და უკვე გამოვლენის შემთხვევაში მისი დროული აღმოფხვრა .