ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან იღებენ თევზის მრავალფეროვან კერძებს, სავარაუდოდ, სკოლაში კარგი მეხსიერებით და სხარტი აზროვნებით გამოირჩევიან. შვედმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 15-18 წლის 4000-მდე მოზარდი მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ ინტელექტუალური განვითარება ბევრადაა დამოკიდებული იმაზე თუ რა რაოდენობით და რა სიხშირით მიირთმევენ ისინი თევზს და ზოგადად ზღვის პროდუქტებს. ბავშვთა კვებაში კვირაში ერთხელ გამოყენებული თევზი 6%-ით აუმჯობესებს მეტყველებას და ვიზუალურ-სივრცულ შესაძლებლობებს.

თევზის სარგებელი

მეცნიერებმა შეისწავლეს ესკიმოსების დიეტა, რომელიც ძირითადად თევზსა და ზღვის პროდუქტებს მოიცავს, რის შემდეგაც დაასკვნეს, რომ სწორედ მათი გამოყენება იწვევს სისხლძარღვებში თრომბის რისკის შემცირებას.

გაირკვა, რომ ჩრდილოეთის მცხოვრებლებს თითქმის არასოდეს აღენიშნებათ გულის შეტევები, ფსორიაზი, ინსულტები, სკლეროზი. მეცნიერები ამას თევზის მაღალ მოხმარებას უკავშირებენ. თევზის ცხიმები დაბალ ტემპერატურაზე თხევადი რჩება და ამიტომ ძალიან ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. თევზის ზეთი ქოლესტერინს მინიმალური რაოდენობით შეიცავს.

ზღვის პროდუქტები და თევზი შეიცავს სპეციალურ ცხიმოვან მჟავებს, ომეგა-3-ს, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანმრთელი არტერიების შენარჩუნებას, სისხლის გათხელებას და არტერიული წნევის ნორმალიზებას. ამიტომ, ადამიანები, რომლებიც ხშირად მიირთმევენ თევზს, იშვიათად აქვთ ინფარქტი და ინსულტი.

თევზის აუცილებლობა ბავშვთა კვებაში

როგორც უკვე ვთქვით, თევზი ბავშვისთვის ერთ-ერთ აუცილებელ და მნიშვენლოვან პროდუქტს წარმოადგენს.
ის შეიცავს დიდი რაოდენობით A და D ვიტამინს, ასევე მიკროელემენტებს: თუთიას, ბრომს, სელენს და იოდს.
A ვიტამინი- მნიშნველოვან ფუნქციას ასრულებს ბავშვის განვითარებაში, მას უდიდესი როლი ეკისრება მხედველობითი ფუნქციის სრულყოფაში, D ვიტამინი კი წარმოადგენს რაქიტის საპროფილაქტიკო საშუალებას, რომლის ნაკლებობაც ორგანიზმში ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანებას იწვევს.
ომეგა-3 უმნიშვნელოვანესია პატარას განვითარებისთვის, კერძოდ ტვინის, თვალის და ნერვული სისტემის ჩამოსაყალიბებლად.

თევზი პატარას რაციონში 8 თვის ასაკიდან შეიძლება შეიტანოთ და მისი მიღება კვირაში ორჯერ დასაშვებია 30-60 გრამის ოდენობით.

ალერგიული გამოვლინებების მქონე პატარებს თევზს უნიშნავენ ძალიან ფრთხილად. თავდაპირველად - დაახლოებით ნახევარ ჩაის კოვზს, შემდეგ კი ულუფას თანდათან ზრდიან. წლამდე ასაკის ბავშვს შეიძლება მისცეთ თეთრი მჭლე თევზი - ქორჭილა, ვირთევზა, კალმახი.
თევზის წვნიანის მომზადების წესი:
თევზს გულდასმით ამოაცალეთ შიგნეულობა, ფხები და ძვლები, მოაჭერით თავი და კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით.

ხარშვისას რომ არ ჩაიშალოს, ჯერ ქვაბში აადუღეთ იმდენი წყალი, რომ თევზს კარგად (დაახლოებით 4-5 სმ-ით) ფარავდეს, შემდეგ ჩაყარეთ მარილი, დაფნის ფოთოლი, სტაფილო, ხახვი და ბოლოს ჩააგდეთ თევზის ნაჭერი.
კარგად მოხარშულ თევზს ჩანგლის ჩხვლეტისას ნაჩხვლეტი ადგილებიდან გამჭვირვალე სითხე არ უნდა გამოუვიდეს. მოიხარშება თუ არა, ქვაბიდან ამოიღეთ და თეფშზე გასაცივებლად ცალ-ცალკე დააწყვეთ.
ნახარშს ნუ გადაღვრით - ის თევზზე არანაკლებ სასარგებლოა. კარგად გაცივებული თევზი ხელით დააქუცმაცეთ, შეამოწმეთ, რომ ფხები არ შეჰყვეს და შემდეგ შესთავაზეთ პატარას.