საქართველოს სუპერთასის მფლობელმა „საბურთალომ“ ჩემპიონატის განახლებისთვის მზადება დაიწყო. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ორთვენახევრიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, გუნდმა პირველი ვარჯიში „ბენდელას“ სტადიონზე გამართა.

თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით გუნდი რამდენიმე ჯგუფად დაიყო და ფეხბურთელებმა ინდივიდუალურად ივარჯიშეს. როგორც „საბურთალოს“ პრესსამსახური იტყობინება, გუნდმა საწვრთნელ პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები გაითვალისწინა.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალო“ თბილისის „ლოკომოტივისა“ და „დინამოს“ შემდეგ ეროვნული ლიგის მესამე კლუბია, რომელმაც ვარჯიში განაახლა. თუმცა, ჯერ ჩემპიონატის განახლების ზუსტი თარიღი უცნობია.