ჩინელი გოგო კალიფორნიიდან საქართველოში ახალი თავგადასავლებისთვის ჩამოვიდა. ახლა უკვე ვიდეო ბლოგერი და საქართველოს გულშემატკივარი, ქვეყნისგან მიღებულ დადებით ემოციებს სხვებს უზიარებს.

მია მი საქართველოზე და ქართული ცხოვრების წესზე ყვება..

მია მი

მია მი

როგორ აღმოჩნდი საქართველოში?

საქართველოში პირველად 2012 წელს მოვხვდი. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და ზაფხულის არდადაგებზე ჩამოვედი. იმ დროს საქართველოს საერთოდ არ ვიცნობდი. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ამერიკასთან შედარებით (სადაც მე ვსწავლობდი) აქაური ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალი იყო. მეორედ საქართველოში 2015 წელს დავბრუნდი. ნელნელა საქართველოს ისტორიას და კულტურას გავეცანი და ბევრი ადგილობრივი მეგობარიც შევიძინე, აქ მცხოვრებ უცხოელებსაც დავუმეგობრდი. საქართველო იმდენად მომეწონა, რომ ჩემი ბევრი მეგობარი დავარწმუნე აქ ჩამოსულიყვნენ. ბევრი მათაგნი რეგულარულად სტუმრობს საქართველოს, რამდენიმემ კი აქედან წასვლა საერთოდაც გადაიფიქრა.

რა არის ყველაზე საოცარი რამ, რაც საქართველოში მოგწონს?

ეს უკვე მრავალჯერ არის ნათქვამი, მაგრამ მეც გავიმეორებ: საქართველო ხანგრძლივი და საინტერესო ისტორიის მქონე ქვეყანაა. ყველაზე ძალიან თბილისი მიყვარს. ამ ქალაქის ულამაზეს ქუჩებსა და ხეივნებში ჩაქსოვილია საუკუნეების ნაამბობი. აქ თავს იყრის ძველებური კოხტა სახლები და თანამედროვე ნაგებობები. ეს ყველაფერი თბილისს განსაკუთრებულ, განუმეორებელ იერსახეს სძენს. სწორედ ამ იერსახით, უნიკალურობით და სითბოთი მოხიბლული ტურისტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან თბილისში. ამ ქალაქში დილიდან საღამომდე ჟრიამული ისმის, წელიწადის ყველა დროს საინტერესო ივენთები და ფესტივალები მიმდინარეობს. ჩემი საყვარელი ფესტივალებიდან რამდენიმე რომ ამოვარჩიო, ალბათ თბილისობას, ღვინის ფესტივალს, თბილისის მოდის კვირეულსა და ბევრ საინტერესო მუსიკალურ ფესტივალს დავასახელებ. თბილისში მხიარულება არასდროს წყდება და აქ ყველას შეუძლია მისთვის საყვარელი საქმიანობა გამონახოს.

როგორ დაიბადა საქართველოზე ბლოგის შექმნის იდეა?

მია მი და მისი გუნდი

მია მი და მისი გუნდი

მე და ჩემი პარტნიორი სტუდენტობის დროიდან ვმეგობრობთ. ყოველთვის გვინდოდა რაიმე ერთობლივი საინტერესო პროქტის წამოწყება. ბევრი ფიქრისა და დისკუსიის შემდეგ გადავწყვიტეთ სამოგზაურო გადაცემის გაკეთება, რომელიც სოციალური მედიის პლატფორმებზე იქნებოდა დაფუძნებული, შემდეგ კი ეს იდეა რეალობად იქცა. ასე შევქმენით ეროიო პროდაქშენი (Arroyo Production).

დღეს დღეობით სოციალურ მედიას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასაკისა და ინტერესთა სფეროს მიუხედავად ყოველთვის გვაქვს შეხება სოციალური მედიის ამა თუ იმ პლაფორმასთან.

მინდა რომ ჩვენმა ბლოგმა დადებითი მესიჯი გაავრცელოს სოც. მედიის საშუალებით. როგორც დავაკვირდი, ამ დროისთვის საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ფეისბუქით სარგებლობს. ინსტაგრამი და იუთუბი კი ნელნელა ეწევიან მას მომხმარებელთა რაოდენობით.

რა იქნება საქართველოზე შექმნილი ვიდეო ამბების ძირითადი ლაიტმოტივი?

მია მი

მია მი

მე და ჩემს გუნდს ძალიან გვიყვარს სხვადასხვა გემრიელობები, ამიტომაც ჩვენი ერთ-ერთი არხი სამზარეულოს და სხვადასხვა დელიკატესებს შეეხება. ჩემი აზრით სამზარეულო ამა თუ იმ ადგილის კულტურის წარმოჩენის ყველაზე მარტივი და საინტერესო საშუალებაა, საქართველო ამ მხრივაც საინტერესო და მრავალფეროვანი ქვეყანაა. ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი ფოკუსი ქართული სამზარეულოა, მაგრამ მომავალში გვინდა ჩვენს აუდიტორიას სხვა ქვეყნების დელიკატესებიც გავაცნოთ.

ჩვენ ახლა სამი იუთუბ არხი გვაქვს, რომლებიც სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე აუდიტორიაზეა ორიენტირებული. მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვანი შინაარსის მქონე არხების დამატება გვინდა. გვაქვს სპეციალური არხიც. მისი წამყვანი ჩემი უმცროსი ძმაა. მას ძალიან მოსწონს იუთუბი და ოცნებობს იუთუბერი გახდეს, ამიტომაც დავპირდი რომ დავეხმარებოდი ამ ოცნების შესრულებაში. იგი თავის არხზე მარტივად და მხიარულად აჩვენებს თავის ყოველდღიურ ცხოვრებას, როგორ იცვლება და იზრდება საქართველოში. ვფიქრობ რომ მისი მაყურებლებიც მასთან ერთად ბედნიერად და მხიარულად გაატარებენ დროს.

იმედი გვაქვს რომ ჩვენთან ბევრი ადგილობრივი ახალგაზრდა და ნიჭიერი ადამიანი ითანამაშრომლებს და ჩვენი პლატფორმის მეშვეობით თავიანთი ინტერესების განხორციელებას შეძლებენ.

რა შეგიძლიათ უთხრათ საქართველოს შესახებ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ აქ არ ყოფილან?

საქართველო გაჯერებულია მრავალ საუკუნოვანი ისტორიით. აქ ყოველ ქუჩას, უბანს და ქალაქს თავისი ამბავი აქვს თქვენთვის მოსაყოლი. ზოგი ადგილი განთქმულია ბუნებით, ზოგან ყველაზე გემრიელ საჭმელს აკეთებენ, ზოგან უნიკალურ ღვინოს აყენებენ ზოგან კი ყველაზე მაგარი წვეულებები იმართება. საქართველო ღვინის აკვანია, აქ თითქმის ყველა ოჯახში პატარა მარანი აქვთ. აქ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ მეგობრობას, ამიტომაც ყველა ძალიან თბილი და ყურადღებიანია. საქართველოში რომ ჩამოხვალთ, აუცილებლად მიესალმეთ ადგილობრივ მოსახლეობას და სავსებით შესაძლებელია მათ სტუმრად დაგპატიჟონ, ოჯახური ღვინისა და მათ მიერ დამზადებული გემრიელობების დასაგემოვნებლად.

გაგვიზიარე შენი გეგმები საქართველოში..

მინდა რომ მომავალი რამდენიმე წელი საქართველოში გავატარო, უფრო ღრმად გავეცნო აქაურ კულტურას და ისტორიას, უფრო მეტი ადგილობრივი მეგობარი შევიძინო. იმედი მაქვს რომ ჩვენი ბლოგიც ნელ ნელა გაიზრდება, უფრო მასშტაბური პროექტები გვექნება.

Mia's Instagram: miayangmi